სახელმწიფო კერძო ბიზნესს შემოსავლების სამსახურით ანაცვლებს"ინფრასტრუქტურის შექმნამ და ახალმა "საგადასახადო კოდექსმა" განაპირობა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში საგადასახადო კულტურა ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს უკვე შეუძლია, ახალი ერა დაიწყოს და კერძო სექტორთან მიმართებაში ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს," - განაცხადა ნიკა გილაურმა მეწარმეებთან შეხვედრაზე.
"ახალი კურსი" საგადასახადო კულტურის ამაღლებას, ასევე გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. მთავრობამ, ამ მხრივ, რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა, მათ შორის - შეიქმნა ლილოს გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი), რომელიც იმპორტიორებს პროდუქციის გაფორმებას გაუადვილებს, თუმცა გეზ-ის შექმნამ, რომელიც "სახელმწიფო საბაჟო ტერმინალის" ფუნქციას ასრულებს, კერძო ტერმინალები არაკონკურენტულ ვითარებაში ჩააყენა.
გეზის მშენებლობა იგეგმება ადლიაშიც. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადლიაში გეზ-ის მიმდაბარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის 671 ათას 935 ლარი გამოიყოფა. აღნიშნული თანხით, ახალი საბაჟო ტერმინალის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა და სატვირთო ავტომობილების ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდება. ადლიის გეზის გახსნა 2011 წლის იანვრის ბოლომდე იგეგმება.
გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი) ეს არის საქართველოში უპრეცედენტო სიდიდის, 12 ჰექტარზე გაშენებული კეთილმოწყობილი ტერიტორია სრული კომფორტით. სპეციალურად დაგეგმარებული ავტოსადგომი გათვლილია 400 სატვირთო ავტომანქანაზე. შესაძლებელია ერთდროულიად ნებისმიერი რაოდენობის იმპორტიორის მომსახურება კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში. ტვირთის გაფორმებისას, იმპორტიორს აღარ უწევს ძვირადღირებული ბროკერისა და დეკლარატის დაქირავება.
შესაძლებელია იმპორტიორმა დაისვენოს იმ დროს, სანამ მისი ტვირთი გადის გაფორმების პროცედურას. იმპორტიორის სრული ინფორმირება ხდება ერთ ფანჯარასთან, რითაც იგი ზოგავს დროსა და ენერგიას. იმპორტიორს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ექსპერტისა და ტექნიკური პერსონალის მომსახურებით. გეზში ტვირთის გაფორმების საფასურის გადახდა შესაძლებელია 5-დღიანი გადავადებით. ტვირთის გაფორმების სრული პროცედურა აქ რამდენიმე წუთში სრულდება.
გეზ-ში ფინანსთა სამინისტროს ასეთი ტარიფები აქვს: 3 ათას ლარამდე ტვირთის განბაჟება 150 ლარი დაჯდება, 3-დან 15 ათას ლარამდე -200 ლარი, ხოლო 15 ათას ლარს ზემოთ -250 ლარი. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ "სახელმწიფო ტერმინალში" ტვირთის განბაჟება კერძოზე ნაკლები დაჯდება. მაგრამ იმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ მათ გეზ-ში სერვისი გაუძვირდათ.
თუმცა, იმპორტიორს რა ურჩევნია, კერძო ტერმინალში მივიდეს და განბაჟებისთვის მეტი დრო და ფული დახარჯოს, თუ თანხა პირდაპირ სახელმწიფოს გადაუხადოს და ტვირთი სწრაფად განაბაჟოს? ამ შემთხვევაში უპირატესობა ალბათ, სახელმწიფო სტრუქტურის მხარეს იქნება. მით უმეტეს, რომ იმპორტიორი გეზ-ში დეკლარაციაში შეცდომისგანაც დაზღვეულია, რადგან დოკუმენტებს თვითონ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი ავსებს.
ფაქტია კი ერთია, რომ საქმე ბიზნესის მონოპოლიზაციასთან გვაქვს. კერძო ბიზნესის კონკურენტი მომგებიან სფეროებში თანდათან სახელმწიფო ხდება. კერძო ტერმინალები არაკონკურენტულ ვითარებაში აღმოჩნდებიან, ისინი კლიენტების გარეშე დარჩნენ. ნაწილმა უკვე შეწყვიტა მუშაობა, დარჩენილები კი მწირ შემოსავალს იღებენ და დახურვის პირას არიან. კერძო ბიზნესს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ანაცვლებს, რომელიც საჯარო სამართლის იურიუდიული პირია და მომსახურებისთვის ფულის აღების უფლებას უკვე კანონი აძლევს.
ჯერჯერობით არიან იმპორტიორები, რომლებიც ისევ ძველი მეთოდით განაბაჟებენ და კერძო ტერმინალებში შედიან. ასეთები არიან, ის იმპორტიორებია, ვისაც ერთზე მეტკოდიანი ტვირთი შემოაქვს. გეზ-ში ჯერჯერობით მხოლოდ ერთკოდიან ტვირთებს განაბაჟებენ. თუმცა, როგორც გაცხადებულია, მომავალში ეს შეიცვლება და გაფორმების ეკონომიკური ზონა მრავალკოდიან ტვირთებსაც მიიღებს. კერძო ტერმინალების კლიენტების მეორე ჯგუფს ის იმპორტიორები წარმოადგენენ, ვისი ტვირთიც ორ ნაწილად შემოდის. ისინი ამჯობინებენ, მეორე ტვირთს დაელოდონ და საქონელი ერთად განაბაჟონ. თუმცა მათი რიცხვი ყოველდღიურად მცირდება.
ნინო თამაზაშვილი