
კორუფციასთან ბრძოლაში წარმატების შესახებ, საქართველოზე უკვე ლეგენდები დადის. ორგანიზაციის Transparency International-ის (TI) 2010 წლის გლობალური კორუფციის 2010 წლის ბარომეტრში ნათქვამია, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმადაც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ საჯარო მომსახურების სექტორში აგრესიული ანტიკორუფციული რეფორმები გაატარა, ღირშესანიშნავი ცვლილებები განხორციელდა.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათლად არის მინიშნებული, რომ საქართველოში გამოკითხულთა 78% თვლის, რომ კორუფცია შემცირდა. რესპონდენტთა 77%-ის შეფასებით, კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მთავრობის ძალისხმევა „ეფექტურია“.
ასეთი მაჩვენებლები საქართველოს მხოლოდ საერთაშორისო მასშტაბით როდი ანიჭებს კარგ ადგილს. ეს მონაცემები ამავე დროს ქმნის მკვეთრ კონტრასტს ახლად შექმნილ დამოუკიდებელ ქვეყნებთან პოსტ-საბჭოთა სივრცეში, სადაც კორუფცია ინარჩუნებს ენდემურ ხასიათს.
საქართველოს მთავრობა ამ ახალ მონაცემებს ალბათ იზეიმებს, რომლებიც ადასტურებენ ქვეყნის სისტემურ გამძლეობას თითქმის პერმანენტულად რთულ გარემოში. სააკაშვილის მთავრობა მოსკოვის მტრული ზეწოლისა და იმის გამო, რომ საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი მზარდი ეჭვის საგანი ხდება, იმის მოწმეა თუ როგორ დაიჩრდილა ქვეყნის მისწრაფებანი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.
საქართველომ ამ ბოლო დროს ბევრი საქებარი გამოხმაურება მიიღო, მათ შორის იყო ”მსოფლიო ბანკისა” და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აპლოდისმენტი ანტი-კორუფციული ძალისხმევისა და იმის გამო, რომ აქ ბიზნესის წარმოება ადვილია.
TI-ის ანგარიში მხოლოდ დამატებით დაადასტურებს საქართველოს იმ ახლად შექმნილ რეპუტაციას, რომლის თანახმადაც აქ უფრო ბიზნესი იქცა პრიორიტეტად, ვიდრე დემოკრატია. (კიდევ ერთმა ორგანიზაციამ, Freedom House-მა დემოკრატიული გარემოს რეიტინგში საქართველო ”ვარდების რევოლუციამდელ” პოზიციაზე ჩამოიყვანა და ეს იმ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც აღინიშნებოდა გაუმჯობესება პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სფეროში).
მაგრამ საქართველოს ის დამკვირვებლებიც კი, რომლებიც აპლოდისმენტით ხვდებიან ქვეყნის მიღწევებს მცირე კორუფციის დაძლევაში, აცხადებენ რომ საქართველო ჯერ კიდევ სულაც არაა კორუფციისგან თავისუფალი. კერძოდ კი პოლიტიკური პარტიები და სასამართლო სისტემა ძირითადად არარეფორმირებულია.
დამკვირვებლები მიუთითებენ ტენდენციაზე, რომელსაც კლანურ კაპიტალიზმს, ასევე „ელიტურ“ ან „დიდ“ კორუფციას უწოდებენ და იმაზე რომ ის სამთავრობო წრეებში კვლავინდებურად უკონტროლოდ იფურჩქნება, ძირითადი საზოგადოების თვალთახედვის მიღმა – იქნება ეს ნაციონალური ლატარეის კონტრაქტის მიღება, თუ თითქმის მონოპოლიური კონტროლის გადაცემა საქართველოს მთავარ ინტერნეტპროვაიდერისთვის, ”კავკასუს ონლიანისთვის”.
„სამთავრობო კონტრაქტი ჯილდოდ გადაეცემა და წინასწარვე სრულიად ცხადია ვინ აპირებს მის მიღებას. თუ ვინმეს არ იცნობ, შენ კონტრაქტს ვერ მიიღებ“ – ამბობს ლინკოლნ მიტჩელი, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის თანამშრომელი და საქართველოს ექსპერტი – „კომპანიებს რომლებსაც დავუშვათ ვინმე სხვა კანდიდატის მხარდაჭერა სურთ და არა სამთავრობო პარტიის წარმომადგენლისა, თავისი ბიზნესის წარმოებაში პრობლემები შეექმნებათ. ვფიქრობ ბევრმა კომპანიამ იცის გადასახადებისა და ქრთამის გამოძალვის შესაძლებლობის შესახებ, იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ ხედავ ამას. ასე რომ ასეთი უფრო მაღალი დონე ისევ არსებობს“.