ნანახია: 695
მესხიშვილი „მარშრუტკების“ ბედშავ მძღოლებსაც მიადგა
თბილისელებისთვის ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური საკითხი მერიის მიერ შემოთავაზებული სატრანსპორტო რეფორმაა. ჯერ იყო და ავტობუსების მარშრუტები ისე დაამოკლეს, რომ მომხმარებელს დედაქალაქის ერთი უბნიდან მეორეში გადასაადგილებლად რამდენიმეჯერ უხდება ტრანსპორტის გამოცვლა და შესაბამისად, მგზავრობის ღირებულების გადახდა. ამის შემდეგ, დედაქალაქის საკრებულომ მგზავრობის საფასურის გაზრდა 40–დან 50 თეთრამდე დააკანონა. ეს გადაწყვეტილება საწვავის გაძვირებით აიხსნა, თუმცა, ამ შემთხვევაში, რატომ გაიზარდა მეტროთი სარგებლობის ღირებულება, გაურკვეველია. ერთი სიტყვით, დედაქალაქში გადაადგილება გაცილებით პრობლემური და ძვირია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო. ამ ყველაფერს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეფორმა დაარქვეს, საქართველო ხომ რეფორმების რაოდენობით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ასე ნათქვამი მსოფლიო ბანკის დასკვნაში. მაგრამ რამდენად კმაყოფილია ამ რეფორმებით მოსახლეობა, ამაზე კვლევას არავინ ატარებს. მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის კვლევა ჩაატარა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დაცული მოძრაობა–მ“. კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რამდენად კმაყოფილია დედაქალაქის მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსების მომსახურებით. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს არგანიზაცია სულაც არ არის არასამთავრობო. რატომღაც ამ ორგანიზაციის კვლევებს ყოველთვის მერია აფინანსებს და მხოლოდ ისეთი დასკვნები კეთდება, რომელიც მერიას იმ კონკრეტულ სიტუაციაში აწყობს. „დაცული მოძრაობა“ და მისი ლიდერი დავით მესხიშვილი რატომღაც იმით არ დაინტერესდა, თუ რამდენად კმაყოფილია დედაქალაქის მოსახლეობა სატრანსპორტო რეფორმით. მესხიშვილის სატელევიზიო გამოსვლა და ზემოთაღნიშნული კვლევის პრეზენტაცია იმდენად საეჭვოდ დაემთხვა დედაქალაქის ახალ სატრანსპორტო ინიციატივებს, რომ ეჭვიც არავის ეპარება, რომ ეს კვლევა მერიის დაკვეთით შესრულდა და ის სამარშრუტო ტაქსების შევიწროების მომასწავებელი ერთგვარი სიგნალია. როგორც მოსალოდნელი იყო, მესხიშვილიმა და კომპანიამ, ამ კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ სამარშრუტო ტაქსების მომსახურებით მოსახელობის ძირითადი ნაწილი უკმაყოფილო იყო, შესაბამისად, ხალხზე ზრუნვით გულანთებულმა მესხიშვილმა, დედაქალაქის მეორიას მოუწოდა, რომ ამ სისტემაში სასწრაფოდ ჩაეტარებინა რეფორმა. მერიაც, რა თქმა უნდა, დაემორჩილა "სამოქალაქო სექტორიდან" გაკეთებულ მოწოდებას და სამარშრუტო ტაქსების მომსახურებაში ცვლილებების დირექტივით გამოვიდა. მესხიშვილის და მერიის ერთგვარი პინგპონგი, დედაქალაქის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ცხოვრებას კიდევ უფრო გაურთულებს. საქმე ისაა, რომ დედაქალაქის მერია, ერთის მხრივ ცვლის სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის მარშრუტს, მეორეს მხრივ, უწესებს ახალ სტანდარტებს, რომლებსაც „მარშრუტკების“ უმრავლესობა ვერ დააკმაყოფილებს, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სტანდარტების დაცვის შემთხვევაში, მძღოლებისთვის მგზავრების გადაყვანა არამომგებიანი გახდება, შესაბამისად, ისინი იძულებულები გახდებიან, ან საქმიანობა შეწყვიტონ, ანაც მგზავრობის საფასური გაზარდონ. დედაქალაქი დაიყოფა ხუთ ზონად, სამარშრუტო ტაქსებს მხოლოდ ერთი ზონის ფარგლებში მიეცემათ მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობა. მართალია, მერიაში აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასური არ გაიზრდება, თუმცა, ზემოთხსენებული პრინციპის ამოქმედების შემთხვევაში, მგზავრებს დედაქალაქის ფარგლებში მგზავრობისას რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა დასჭირდებათ, რაც გადაადგილებას, ერთის მხრივ, გააძვირებს და მეორეს მხრივ, გაართულებს. გარდა ამისა, გაურკვეველია „მარშრუტკების“ მძღოლების ბედი. თბილისში ოფიციალურად 2500 სამარშრუტო ტაქსია, თუმცა, არაოფიციალურად ეს ციფრი 6000–მდე აღწევს. ამ ადამიანების უკან ოჯახები დგანან, რაც თავისთავად ნიშნავს, იმას, რომ უახლოეს მომავალში, ეს ცვლილებები უამრავ ადამიანს გაურთულებს საარსებო პირობებს. „მარშრუტკების“ მძღოლების ერთი ნაწილი სამუშაოს დაკარგავს, მეორე ნაწილი კი, ალბათ, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომელი გახდება. თუმცა, მათთვის ეს არ იქნება რეალური შეღავათი, მათ კომპანიის მიერ შეთავაზებული მიკროავტობუსებით მოუწევთ საქმიანობის გაგრძელება, რაც თავისთავად ნაკლებ შემოსავალს გულისხმობს. მძღოლების უმრავლესობა დღეს საკუთარი მიკროავტობუსით საქმიანობს, მათ ამ სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად გარკვეული ინვესტიცია უკვე გაკეთებული აქვთ და თუ კომპანიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით მოუხდებათ საქმიანობის გაგრძელება, მაშინ მათი ფინანსური რესურსები წყალში იქნება გადაყრილი. წყალში გადასაყრელი ფული კი „მარშრუტკების“ მძღოლებს ნამდვილად არ აქვთ. ძირითად შემთხვევაში, მათ ტრანსპორტი ძვირადღირებული კრედიტებით აქვთ შეძენილი. ასე რომ, სამარშრუტო ტაქსების ბიზნესშიც ნაცნობი სქემით იქმნება მონოპოლია. გამოცხადებული ტენდერების მთავარი პირობა, სამარშრუტო ხაზებზე მოდერნიზებული მიკროავტობუსების შემოყვანაა. ამას კი სერიოზული ინვესტიციის განხორციელება სჭირდება, რასაც ჩვეულებრივი მოკვდავი ნამდვილად ვერ შეძლებს. როგორც ჩანს, ვიღაც სერიოზულად არის დაინტერესებული ამ სფეროში გავლენის მოპოვებით და ბიზნესის ხელში ჩაგდებით. ამიტომ მოხდა მესხიშვილის მიერ, სწორედ სატრანსპორტო საშუალებების დაბალ ხარისხზე ხაზგასმა.
ლევან მარტაძე
|