დაჯარიმებული "ტოტალიზატორები”, შერცხვენილი ლობი და გაუჩინარებული ადამინისტრატორებიერთი კვირის წინ, შემოსავლების სამსახური თბილისის ყველა ტოტალიზატორში ერთდროულად შევიდა.მიზეზად ტოტალიზატორების მიერ შემოსავლების არასწორად აღრიცხვა, ანუ თანხების დამალვა დასახელდა. მათ დაადგინეს, რომ ტოტალიზატორებმა საერთო შემოსავლიდან, რომელიც 280 მილიონი ლარი იყო, მხოლოდ 47 მილიონი აღრიცხეს. Bსახელმწიფოს კი 230 მილიონი ლარი დაუმალეს. თბილისში მოქმედი 136 ტოტალიზატორი დაჯარიმებულია, სანქციების საერთო რაოდენობა 53 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა ბიზნესმენებმა 20 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ობიექტები დაიხურება და ფინანსური სანქციები გაორმაგდება.
საგადასახადო სამსახურმა შემოწმებისას ასევე აღმოაჩინა "შავი ჩანაწერები”, სადაც უკანონო ფსონებია დაფიქსირებული. ხშირ შემთხვევაში მოთამაშეები ფულს ხელზე "მაზავდნენ” და "პოსლეზეც” თამაშობდნენ. ამ დარღვევების გამო სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში ცვლილებები შევა, რომლის მიხედვით გადახდის ფორმა ყველა ტოტალიზატორში შეიცვლება.
გაზეთი "ბანკები და ფინანსები” დაინტერესდა "ტოტალიზატორების” ადამინისტრაციის პოზიციით, თუმცა უფლებამოსილი პირებისაგან კომენტარის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. დიდი მცდელობის შემდეგ ჩვენ მხოლოდ "აჭარა-ბეთის" "ბუკმეიკერ" თინიკო ძაძამიასთან გასაუბრება მოვახერხეთ, რომელმაც გვითხრა, რომ კომპეტენტური პირი გასულია."როდის დაბრუნდება არ ვიცი, ტელეფონიც გამორთული აქვს და ვერ ვახერხებ დაკავშირებას, შაბათ-კვირაა და ისვენებს", - გვითხრა მან პარასკევ დღეს. ჩვენ შევახსენეთ ქალბატონ თინიკოს, რომ პარასკევი იყო. ამის შემდეგ ძაძამია დაინტერესდა, თუ რა სახის კითხვების დასმას აპირებდა გაზეთი "აჭარა-ბეთის" წარმომადგენლებისთვის. კითხვაზე, დააჯარიმეს თუ არა "აჭარა-ბეთი", განგვიცხადა, რომ ამ თემაზე "აჭარა-ბეთის” დირექტორმა ზურაბ ნაყაურმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა და ახალს არაფერს იტყოდა. ქალბატონმა თინიკომ იქვე დაამატა, რომ კონკრეტული აქტი ჯარიმის შესახებ არ მიუღიათ.
აქვე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონ თინიკოს ან არ აქვს ინფორმაცია, ან უბრალოდ იცრუა. ოფიციალური ინფორმაციით, სანქციის გადახდის ვადა დადგენილია და შესაბამისად სანქციაც. აშკარაა, რომ ადმინისტრაციას პრესასთან საუბრით, საქმის გაფუჭების ეშინია, მათ ხომ მაკონტროლებლები აკონტროლებენ.
ფაქტია, რომ ტოტალიზატორების მესვეურები განსაცდელში არიან, მათ უკეთეს შემთხვევაში, მოგების "დიდი ლუკმის” დათმობა მოუწევთ. თუმცა, შესაძლოა უარესიც მოხდეს და შემოსავლების სამსახურის წნეხის შემდეგ რამდენიმე მოთამაშე ბაზრიდან საერთოდ გაქრეს. ვიღაც-ვიღაცეების ლობებმა ამჯერად შემოსავლიანი ბიზნესი, ვერ დაიფარეს.
მთვარისა ჭიღლაძე