ნანახია: 671
2011 წლის იანვრიდან თბილისის მერია ბიზნესს 6%-იანი კრედიტით უზრუნველყოფს. იაფი კრედიტით სარგებლობას შეძლებს როგორც მოქმედი ბიზნესი, აგრეთვე ის პირები, რომლებსაც ბიზნესის დაწყება სურთ. აღნიშნულის შესახებ, ორშაბათს, ბიზნესკურიერის ეთერში თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, ზვიად არჩუაძემ განაცხადა. "იაფი კრედიტის" პროექტში თბილისის მერია რამდენიმე კომერციულ ბანკთან ითანამშრომლებს. ეს ბანკებია – "საქართველოს ბანკი", "ტაო პრივატ ბანკი", "ბაზის ბანკი" და "ლიბერთი ბანკი". "ეს ბანკები ხედავენ, რომ თბილისის მერია არის საიმედო პარტნიორი, რომ ჩვენი მიზანი არის ეკონომიკის, მცირე ბიზნესის განვითარება. ფაქტიურად ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მათი კლიენტები უფრო წელში გამართულნი იყვნენ და შემდგომ უფრო მაღალი პროცენტის გამო მივიდნენ მათთან”, - განმარტავს არჩუაძე. “სქემა იქნება აპრობირებული, განსაკუთრებული სიახლეები არაა დაგეგმილი. ადამიანებს, რომელთაც ენდომებათ სესხი უნდა მიმართონ თბილისის მერიას და მერია თავის პარტნიორ ბანკებთან ერთად გადაწყვეტს შეუძლია თუ არა ამ ადამიანს თუ ორგანიზაციას ისარგებლოს იაფი სესხით. რაც შეეხება სიახლეებს, სიახლე იქნება ჩვენი თანამშრომლობა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან, რომელიც მიეხმარება ჩვენს პროექტში მონაწილეებს ბანკებთან ურთიერთობაში, ისინი ლობირებას გაუწევენ ამ პროექტებს. მეორე სიახლეს კი წარმოადგენს იაფი სესხები, ანუ გრანტის კომპონენტი ჩვენს პროექტში მონაწილეებისთვის, სოციალური საწარმოებისთვის, ბიზნესის დამწყებთათვის. მათ ექნებათ შესაძლებლობა გარკვეული გრანტიც მიიღონ და ეს ცხადია ჩვენი პარტნიორების დამსახურებაცაა. ეს არის ფონდები, რომელებიც მუშაობენ საქართველოში”, - აღნიშნავს ზვიად არჩუაძე. პროექტში ჩართულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, რომელიც პროგრამის ფარგლებში 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გასცემს. პროექტის საერთო ღირებულების 30% კი იაფი კრედიტის სახით გაიცემა. გრანტის მიმღებს რაიმე სოციალური მნიშვნელობის ამოცანა უნდა ჰქონდეს დასახული. პრიორიტეტი იმ საწარმოს მიენიჭება, სადაც დევნილები ან შეზღუდული შესაძლებლობების პირები დასაქმდებიან. “იაფი კრედიტის” პროგრამით სარგებლობა მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს ექნებათ. კრედიტის მსურველ პირებს, თბილისის მერიაში საბუთების, ბიზნეს-გეგმის შეტანა 2011 წლის იანვრიდან შეეძლებათ. აღნიშნული პროგრამა პროექტის - “დაიწყე ბიზნესი მერიასთან ერთად” ნაწილი გახდება, რომელსაც თბილისის მერია 2007 წლიდან ახორციელებს.
თეონა ჭიტაძე
|