
ორდღიან კონფერენციაზე, რომლის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა, განიხილავენ საქართველოში და სხვა ქვეყნებში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და მათ როლს კერძო სექტორის განვითარებაში.
კონფერენციას ბიზნესგარემოს თემაზე, რომელიც დღეს თბილისში დაიწყო, საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენელი, მაღალი თანამდებობის პირები მასპინძლობენ. ღონისძიებას 100-მდე მონაწილე, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 30 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ესწრება. შეხვედრის მიზანია რეფორმების სფეროში გამოცდილებისა და გამოწვევების გაზიარება, წარმატებული რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების თავისებურებების შესწავლა. განსახილველ თემებს შორისაა "ერთი სარკმლის” პრინციპი ბიზნესის ლიცენზირებაში, ვაჭრობის ხელშეწყობა, გადასახადების ადმინისტრირება და კრედიტორთა და მსესხებელთა უფლებების გაძლიერება.
"მოხარულნი ვართ, რომ მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან თანამშრომლობით ვმასპინძლობთ ასეთ კონფერენციას საქართველოში, რადგან საქართველო პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ბიზნესის რეგულირების გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით ყველაზე დიდი ძალისხმევა გასწიეს, ბიზნესის წარმოება 2011 კვლევის თანახმად,” განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. `ვიმედოვნებთ, რომ მონაწილეები გაიზიარებენ ჩვენს გამოცდილებას რეფორმების წარმატებით გატარების სფეროში. ასევე გვსურს გავიზიაროთ სხვების გამოცდილებაც, რაგდანაც ვაგრძელებთ რეფორმებს, რათა ქვეყანა ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით კვლავაც საუკეთესო იყოს მსოფლიოში.”
"ეს ღონისძიება IFC-ს და მის პარტნიორებს საშუალებას აძლევს მოახდინოს იმ გამოცდილების გაზიარება რეფორმების სფეროში, რომელიც რეგიონში და, განსაკუთრებით, საქართველოში დაგროვდა ბოლო წლების განმავლობაში,” განაცხადა სნეჟანა სტოილჯკოვიჩმა, IFC-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა. "იმედი გვაქვს, ეს ღონისძიება გაამყარებს რეფორმატორთა კავშირებს რეგიონში და ისინი მომავალშიც განაგრძობენ ერთმანეთის მხარდაჭერას ამ სფეროში.”
საქართველოში გატარებული რეფორმების პრაქტიკული შედეგების გასაცნობად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ ეწვიონ საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვის-ცენტრს, ასევე გაეცნონ გადასახადების ადმინისტრირების პროცესს და `ერთი სარკმლის” პრინციპის მუშაობას სამშენებლო ნებართვების სფეროში.
"ბიზნესის წარმოება 2011” კვლევის თანახმად, რომელიც რიგით მერვეა IFC-ისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი კვლევებიდან, საქართველო, პირველია მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის, რომლებმაც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ბიზნესის რეგულირების გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით ყველაზე დიდი ძალისხმევა გასწიეს.
"ბიზნესის წარმოების” კვლევაში გაანალიზებულია ის წესები, რომლებიც ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობას არეგულირებს საწარმოს საქმიანობის სრული ციკლის განმავლობაში, რაც მოიცავს ბიზნესის დაწყებასა და ფუნქციონირებას, საგარეო ვაჭრობას, გადასახადების გადახდასა და ბიზნესის დახურვას. "ბიზნესის წარმოების” კვლევის ფარგლებში არ არის შეფასებული ბიზნესის გარემოს ამსახველი ყველა ის ასპექტი, რომელიც კომპანიებსა და ინვესტორებზე ახდენს ზეგავლენას. მაგალითად, არ არის შეფასებული უსაფრთხოება, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, კორუფციის გავრცელებულობა, მუშაკთა კვალიფიკაციის დონე და ფინანსური სისტემების სტაბილურობა. აღნიშნულ კვლევაში გაკეთებული დასკვნები მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში პოლიტიკის გარშემო დებატების ერთგვარი სტიმული გახდა. გარდა ამისა, მან ბიძგი მისცა ბევრი კვლევის ჩატარებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს კერძო კომპანიების მარეგულირებელი გარემო სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის საერთო მდგომარეობაზე.