
რძის პროდუქტებს ბევრი კომპანია აწარმოებს. მათ უმეტესობას საკმაოდ ორაზროვანი წარწერა ამშვენებს - დამზადებულია ნატურალური ნედლეულისგან. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ მწარმოებლები ნატურალურ რძის ფხვნილს გულისხმობენ. თუმცა ამის მკაფიოდ დაფიქსირებას ბევრი მათგანი ერიდება.
მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს, რისგან მზადდება პროდუქტი, რომელსაც ის იძენს. ეს ნორმა კი რატომღაც ჩვენს სინამდვილეში დაცული არ არის.
ბოლო დროს რუსული კომპანია "ვიმ-ბილ-დანი" და მისი ქართული ფილიალი "ქართული პროდუქტები" აცხადებს, რომ პროდუქციას ნატურალური რძისგან ამზადებს. ამით ეს კომპანია კონკურენტულ ბრძოლაში დაწინაურდა და ბაზარზე უკვე ავიწროებს სხვა კომპანიებს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ფასები ნატურალური რძისგან დამზადებულ პროდუქტებს და რძის ფხვნილისგან დამზადებულს შორის ფაქტობრივად ერთი და იგივეა. ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.
ჩვენ შევეცადეთ რამდენადმე მაინც მოგვეფინა ნათელი ამ სიტუაციისთვის.
რუსული კომპანია "ვიმ-ბილ-დანი" 1992 წელს შეიქმნა და არამარტო რუსეთის, არამედ დსთ-ს ქვეყნების რძის პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. იგი ასევე მნიშვნელოვანი მოთამაშეა უალკოჰოლო სასმელების ბიზნესში. დამფუძნებელი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქართველი დავით იაკობაშვილია.
2007 წელს "ვიმ-ბილ-დანი" ქართულ ბაზარზე შემოვიდა. რუსული კომპანია საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია რძის მწარმოებელი ქართული კომპანია "ქართული პროდუქტებით", რომელიც იაკობაშვილმა 2007 წლის ოქტომბერში შეიძინა და ბაზარზე "ვიმ-ბილ-დანი - საქართველოს" სახელით გააგრძელა ფუნქციონირება. "ქართული პროდუქტები", რომელიც 2002 წლიდან ამ სეგმენტის მსხვილი მოთამაშეა, რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის სიმძლავრით მესამეა, თბილისში კი ერთ-ერთი უმსხვილესი.
"ვიმ-ბილ-დან ჯორჯიას" ბაზარზე წარდგენილი აქვს რამდენიმე სახის პროდუქცია: მაწონი, არაჟანი, ხაჭო, იორგურტი, კეფირი, რძე და მოჭიქული ყველი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი წარმოებაში მხოლოდ ნატურალურ რძეს იყენებენ. რძის პროდუქტების საწარმო რძეს თელეთის მეცხოველეობის ფერმიდან იღებდა, თუმცა კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ წარმოების რძით მომარაგება რაიონებში არსებული შემგროვებელი პუნქტებიდან ხდება.
ჩვენ შევეცადეთ, ვითარება დაგვეზუსტებინა სხვა რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებში. ზოგიერთმა მათგანმა ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. "ეკო-ფუდის" მარკეტინგის მენეჯერმა, შალვა ალავიძემ აღნიშნა, რომ ასი პროცენტით ნატურალური რძისგან პროდუქტების დამზადება დღეს საქართველოში ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან ძროხები წლის ამ პერიოდში ნაკლებად იწველებიან. ამიტომ, ყველა ძირითადად იყენებს რძის ფხვნილს და ვინც იტყვის, რომ ნატურალური რძისგან ამზადებს პროდუქტებს, მართალი არ იქნება. ჩვენ ვამზადებთ რძისგან პროდუქტებს მაშინ, როცა ზაფხულში რძე არის.
"სანტეს" მარკეტინგის მენეჯერმა, გიორგი მაჩიტიძემ გვითხრა, რომ ამ დროისთვის რძის შეგროვება და ასი პროცენტით ნატურალური პროდუქტების წარმოება შეუძლებელია, რადგან რძე დეფიციტურია. ჩვენი პროდუქტები, ამ დროისთვის, რძის ფხვნილისგან მზადდება.
კომპანია "ნიკორას" მარკეტინგის მენეჯერი გიგა ბათუკაშვილი ხაზს უსვამს, რომ კომპანია "ნიკორა" "ჩვენი ფერმერის" ბრენდის ქვეშ რძის პროდუქციას უმაღლესი ხარისხის რძის ფხვნილისგან აწარმოებს. შესაფუთ მასალაზე, შესაბამისად, დატანილია წარწერა - "დამზადებულია რძის ფხვნილისგან". უცხიმო რძის ფხვნილი შემოდის ინგლისიდან, ცხიმიანი – ჩრდილოეთ ირლანდიიდან.
"ვიმ-ბილ-დანის" მარკეტინგისა და ფიარის მენეჯერმა, სალომე ქუთათელაძემ "ბ&ფ"- თან საუბარში აღნიშნა, რომ ნატურალური რძისგან პროდუქტების დამზადება სავსებით რეალური და შესაძლებელია. ჩვენი დღევანდელი გაყიდვების მოცულობისა და ბაზარზე რძის მოცულობიდან გამომდინარე, ჩვენ ამას ჯერ-ჯერობით ვახერხებთ. გვყავს რამდენიმე სტაბილური მომწოდებელი. კერძოდ, ნინოწმინდაში და სხვაგან გვაქვს რძის შემგროვებელი პუნქტები. თუ რამდენ ლიტრ ნატურალურ რძეს მოვიხმართ, ეს ის ინფორმაციაა, რომელიც, ბუნებრივია, საჯარო არ არის. სხვა კომპანიები იმიტომ აცხადებენ, რომ საქართველოში შეუძლებელია ნატურალური რძით პროდუქტების წარმოება, რადგან თვითონ არ შეუძლიათ ნატურალური ნედლეულით პროდუქტები აწარმოონ.
თუ მწარმოებლები ნატურალური რძით პროდუქტების დამზადებაზე გადავლენ, ვფიქრობთ, საქართველოში ამისთვის საკმარისი ნატურალური რძის მარაგი არის. ამავე დროს, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში მესაქონლეობის განვითარებას.
მანმადე, რძის პროდუქტების მწარმოებლებმა უნდა დაიცვან კანონი და ბიზნეს-ეთიკა, რაც თითოეულ მათგანს ავალდებულებს ეტიკეტზე მკაფიოდ მიუთითონ, რისგან არის დამზადებული მოცემული პროდუქტი: ნატურალური რძისგან თუ რძის ფხვნილისგან, უფრო მეტიც, მათ უნდა მიუთითონ რძის ან რძის ფხვნილის წარმოშობის ადგილიც.
ადა ექიზაშვილი, თეონა ჭიტაძე