ამ სფეროშიც მონოპოლისტი ჩამოყალიბდა?

"ინთერნეიშენელ ონლაინ ნეტვორქის" 50%-ს "ნელგადო ლიმიტედი" ფლობს
ვინ არიან "ნელგადო ლიმიტედის" მფლობელები, სადაური კომპანიაა იგი, სად არის დარეგისტრირებული?
ამ კითხვებით ორი დღის განმავლობაში მივმართავდით "კავკაზუს ონლაინს", ამჟამად უკვე "ინთერნეიშენელ ონლაინ ნეტვორქის" უფლებამოსილებებს, რომლებიც ხან გვპასუხობდნენ და სამომავლოდ გვპირდებოდნენ ამ კითხვებზე პასუხს, ხან საერთოდ არ იღებდნენ ყურმილს.
რატომ გვემალებით, კოლეგებო?
აბა, რის პრეზენტაცია მოიწვიეთ, თუ ამ კითხვებზე პასუხები არ გაქვთ?
თუ გულისხმობთ, რომ ისედაც ყველამ იცის, ვისია დღეს ყოფილი "კავკაზუს ონლაინი"?
ქართული ინტერნეტბაზრის ერთ-ერთმა მსხვილმა მოთამაშემ Caucasus online-მა რებრენდინგი დაიწყო. კომპანია International Online Network-ის საკუთრება გახდა, რომელიც სულ ერთი კვირაა რაც შეიქმნა და მასში 50%-ს Nelgado limited-ი ფლობს, 19,94%-ს კი - Growth Master Holdings Ic, რომელიც ფოთი-ვარნას ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობის პროექტის პარტნიორია. Growth Master Holdings Ic-მა კომპანიაში 2007 წელს 9,94%-იანი წილი "თიბისი ბანკისგან" შეიძინა. ბანკი აღნიშნული წილის მფლობელი 2006 წლის აგვისტოში გახდა, როცა Сaucasus Online-ი სამი პროვაიდერის (Georgian Online, Sanet, Сaucasus Network) გაერთიანებით შეიქმნა, 10%-იანი წილი კი 2,5 მლნ აშშ დოლარად მამია სანადირაძისაგან იყიდა. მამია სანადირაძის წილი ამჟამად 30,06%-ს შეადგენს.
Сaucasus Online-ი 2006 წელს შეიქმნა და მისი საბაზრო წილი იმ დროისათვის 88%-ს შეადგენდა. თუმცა დღევანდელი მონაცემებით კომპანიის პოზიციები ბაზარზე მნიშვნელოვნად შესუსტდა და 37.87%-მდე შემცირდა. ამის მიზეზი ინტერნეტ-პროვაიდერების ბაზარზე გაჩაღებული ომია, რომელიც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო. იგულისხმება "გაერთიანებული ტელეკომის" მიერ კავკაზუსის ინტერნეტ-კაბელების დაზიანება. მართალია დაზარალებულ მხარე ტელეკომის ოფიციალური დადანაშაულებიდან თავს იკავებდა, მაგრამ ვანდალიზმის დამადასტურებელი როგორც ფოტო, ისე ვიდეო მასალაც არსებობდა და დღესაც არსებობს. თვითონ მოსახლეობაც არაერთხელ შეესწრო `გაერთიანებული ტელეკომის~ წარმომადგენელთა მიერ ინტერნეტგაყვანილობის განზრახ დაზიანებას.
დაახლოებით ნახევარი წელია სიტუაცია ამ მიმართულებით დაწყნარდა და აღარც ინტერნეტის მიწოდების განზრახ შეზღუდვას აქვს ადგილი. ეს ფაქტი დროში საეჭვოდ დაემთხვა Сaucasus Online-ის მფლობელის, მამია სანადირაძის მიერ წილის დათმობას. შემთხვევით ეს იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ ორივე კომპანია ერთი მეპატრონის გახდა?
რამდენიმე დღის წინ, როგორ ზემოთ აღინიშნა, "კაუკაზუსის" ახალი მფლობელი International Online Network გახდა, თუმცა ვინ დგას ამ კომპანიის წილის ნახევრის მფლობელი Nelgado limited-ს უკან, ჯერ-ჯერობით უცნობია.
თეონა ჭიტაძე