"ბ&ფ"-მა "დუინგ ბიზნესის" რეიტინგის საფუძვლიანობა გადაამოწმა

Doing Business-ის 2011 წლის რეიტინგში საქართველო, გასულ წელთან შედარებით, ერთი ნაბიჯით დაწინაურდა და მე-12 ადგილზე გადავიდა 183 ქვეყანას შორის. ამ რეიტინგს, როგორც ვიცით, მსოფლიო ბანკი ადგენს. ბიზნესის კეთების სიმარტივის განსაზღვრისთვის მსოფლიო ბანკი გარკვეულ კრიტერიუმებს იყენებს. ესენია: ბიზნესის დაწყების პროცედურები, სამშენებლო ნებართვების გაცემა, ქონების რეგისტრაციის საკითხი, კრედიტის აღების სიმარტივე, ინვესტორთა დაცვა, გადასახადების გადახდა, ვაჭრობის სიმარტივე, კონტრაქტების აღსრულების საკითხი და ბიზნესის ლიკვიდაციის პროცედურები.
ბიზნესის დაწყების კრიტერიუმის მიხედვით საქართველომ 2 პოზიცია დათმო და მე-8 ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის დასაწყებად 3 პროცედურის გავლაა საჭირო, რასაც 3 დღე სჭირდება.
სამშენებლო ნებართვის აღების კუთხით ქვეყნის რეიტინგი არ შეცვლილა. ნებართვის აღებისთვის 10 პროცედურაა საჭირო. ამისთვის ჩვენს ქვეყანში 98 დღეა საჭირო და ამ მაჩვენებლით მსოფლიო ბანკის რეიტინგით მე-7 ადგილზეა.
ასევე უცვლელია მდგომარეობა ქონების რეგისტრაციის მხრივ. რეგისტრაციისთვის საჭირო ერთი პროცედურით, რომელსაც 2 დღე სჭირდება, საქართველო რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს.
კრედიტის ხელმისაწვდომობის მიმართულებით საქართველო 15 პოზიციით დაწინაურდა და მე-15 ადგილზეა. ეს მიღწეულ იქნა ცენტრალიზებული რეესტრის სისტემის დანერგვით, რომელიც ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი.
ინვესტორთა დაცვის კუთხით საქართველო 41-ე პოზიციიდან მე-20-ზე გადავიდა, ხოლო გადასახადების მიმართულებით ვითარება უცვლელია და ქვეყანა კვლავ 61 ადგილზეა.
ვაჭრობის სიმარტივე, რომელიც ერთ-ერთი კრიტერიუმია, გულისხმობს ექსპორტისა და იმპორტის სიმარტივეს. ამ მიმართულებით საქართველომ 4 საფეხური დათმო და 35-ე ადგილზეა. ექსპორტის განხორციელებისთვის საქართველოში საჭიროა 4 დოკუმენტი და 10 დღე, ღირებულება კი შეადგენს საშუალოდ ერთ კონტეინერზე 1329 დოლარს. იმპორტისთვის ასევე 4 დოკუმენტი და 13 დღეა საჭირო, ღირებულება კი 1316 დოლარი კონტეინერზე.
36 პროცედურით და ამისთვის საჭირო 285 დღით, კონტრაქტების აღსრულების კუთხით საქართველო 41-ე ადგილზეა. აღსრულების ხარჯები, რომელიც მოიცავს სასამართლოს, ადვოკატის და თავად აღსრულებაზე გასაწევ თანხებს მთლიანი სარჩელის 29.9%-ია, რაც 3%-ით მეტია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალო მაჩვენებელს, ხოლო OECD-ის სტანდარტს 10%-ით.
ბიზნესის ლიკვიდაციის თვალსაზრისით ქვეყნის პოზიცია 9 საფეხურით გაუარესდა და 105-ე ადგილით განისაზღვრება. ლიკვიდაციის ვადა დაახლოებით 3 წელსა და 3 თვეს მოიცავს და დანახარჯები საშუალოდ ქონების 4%-ს შეადგენს.
ნოდარ ჭიჭინაძე