ნანახია: 874
კომპანიები Mon group-ი და mgroup-ი 1 ნოემბრიდან mgroup -ის ბრენდის ქვეშ ერთიანდებიან, ამის შესახებ კომპანიების ხელმძღვანელებმა mgroup-ის დირექტორმა ზურა ცინცაძემ და Mon group-ის დირექტორმა გიორგი გიორბელიძემ განაცხადეს. გაერთიანების მიზნად ბაზრის წილის გაზრდა და აღნიშნულ სექტორში სხვადასხვა სეგმენტის ათვისება დასახელდა. გაერთანების შედეგად, ერთი ბრენდის ქვეშ ექცევა სხვადასხვა სახის მქონე ლიდერი რესტორნები. კომპანია mgroup -ის მართვაში აქამდე მხოლოდ ის რესტორნები შედიოდა, რომლებშიც პრიორიტეტული ქართული სამზარეულო იყო, Mon group -ის რესტორნები კი ძირითადად უცხოურ სამზარეულოზე იყო ორიენტირებული. დღეისათვის, mgroup -ის მართვაში არსებული რესტორნები და სასტუმროებია: პურის სახლი” "მეტეხის ჩრდილში”, "ტრატორია ფონტანა", კლუბ-რესტორანი "თუ საიდი", სახინკლე რესტორნების ქსელი: "მასპინძელო". სასტუმროები: "კურორტი ყვარლის ტბა", "ბაღები კურორტი ყვარლის ტბა", "ვილა პარკი", "ვარსკვლავი". 1 ნოემბრიდან მათ რიცხვს დაემატება შემდეგი რესტორნები: "ბუფეტი", "საკურა", "ვონგი", "ლექსპრესი", "ბელ დე ჟური". როგორც mgroup -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ჩუბინიშვილმა განაცხადა, კომპანიების გაერთიანების შემდეგ ბაზარზე mgroup -ის წილი 40%-ს მიაღწევს. ასევე იგეგმება ახლო მომავალში რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნა. დღემდე mgroup -ის წილი ბაზარზე 25%-ს შეადგენდა Mon group -ის კი 15%-ს. მომავალში კომპანია ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას და კომპანიის მართვის ქვეშ არსებული ბრენდების საზღვარგარეთ ექსპორტს გეგმავს. აღსანიშნავია ისიც, რომ mgroup -ი ახორციელებს პროექტს "ქართული სუფრის საგანძური" რაც ითვალისწინებს ქართული სამზარეულოს ძველი რეცეპტების მოძიებას და რესტორნის მენიუში მათ შეტანას. სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი mgroup დაარსდა 2005 წელს და დღეისათვის 20 წარმატებულ პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს. კვების ობიექტები სხვადასხვა ფენისა და გემოვნების მომხმარებელზე არის გათვლილი. mgroup -ში დასაქმებულია 876 თანამშრომელი, ხოლო Mon group-ში - 110. როგორც mgroup -ის დირექტორმა ზურა ცინცაძემ განაცხადა - "კომპანიების გაერთიანების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმდებაა გათვალისწინებული, რადგან ახლო მომავალში 3 ახალი რესტორნის გახსნა არის დაგეგმილი".
ადა ექიზაშვილი
|