ნანახია: 641
აღნიშნული მაჩვენებელი ჩეხეთში - 35%; საბერძნეთში - 46%; უნგრეთში - 27%; იტალიაში - 49%, ხოლო პოლონეთში - 32%
საერთაშორისო ფონდმა "კურაციო" გასულ კვირას, "მედიკამენტებზე ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის კვლევის" ფარგლებში, საზოგადოებას ქართულ ბაზარზე დაკვირვების პირველადი შედეგები წარუდგინა. ფონდმა კვლევის ამ ეტაპზე ყურადღება გაამახვილა ჩვენ ქვეყანაში მედიკამენტების ფასის ხელმისაწვდომობასა და საქართველოსა და ევროპაში მედიკამენტებზე ფასნამატების შედარებაზე. ამ ეტაპზე ფონდის ყურადღება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში მედიკამენტების ერთეულის მედიანური (გაყიდვაში არსებული მედიკამენტის ყველაზე ძვირი და იაფი ფასის შეწონილი) ფასის განსხვავებამ მიიპყრო. "კურაციომ" კვლევისას საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ბაზრებზე გაყიდვადი 13 სახეობის წამლის მედიანური ფასის შედარება მოახდინა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში ამ მედიკამენტების ცხრა სახეობა უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში, ხოლო მედიკამენტების ოთხი სახეობა პირიქით, ევროპაში უფრო ძვირია, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, მედიკამენტის Carbamazepine-ს ქართული ფასი 126%-ით აღემატება ევროპის ფასს; Amoxicillin-ის - 89%-ით; Amiodarone - 28%; Amoxicillin+clavulanlc - 25%; Enalapril - 21%; Trimetazidin - 17%; Bisoprolol Hemkumarate - 10%; Liperamide HCL - 5%; ხოლო Ceftriaxone Injection-ის - 3%-ით; ევროპაში კი, მედიკამენტის Aciclovir-ის ფასი - 3%-ით აღემატება ქართულ ფასს; Captopril - 42%; Atanolol - 50%; Furisamide - 80%. "კურაციოს" კვლევის მიხედვით მედიკამენტების მედიანური ფასნამატის მარჟა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში შემდეგნაირია: საქართველო - 102%; ჩეხეთი - 35%; საბერძნეთი - 46%; უნგრეთი - 27%; იტალია - 49%; პოლონეთი - 32%. "კურაციოს" კვლევის შედეგების მიხედვით, ნათელია თუ რამდენად ძვირია საქართველოში მედიკამენტები, ევროპის ქვეყნებთან შედარებით. მაშინ, როდესაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით ევროპის ქვეყნებთან შედარებით ბევრად ცუდ მდგომარეობაშია. საქართველოში კერძო სექტორის დანახარჯი ჯანდაცვაზე, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებთან მიმართებაში 78.5%-ია. ევროსტანდარტით ჯანდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5% უნდა იხარჯებოდეს, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.7%-ია. ამ ციფრების მიხედვით, საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ყველაზე ნაკლებად ქართული სახელმწიფო ზრუნავს და ნათლად მიუთითებს ქვეყანაში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაბალ განვითარებაზე.
თეონა ჭიტაძე
|