ნანახია: 620
"ინტელის" კომპიუტერები სრულად ინტეგრირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი რომელიმე ნაწილის შეცვლა შეუძლებელია
21-ე საუკუნეში კომპიუტერი ითავსებს წიგნის, კალმის, ტელევიზორის, ტელეფონის, ინსტრუმენტის და ფუნჯის როლსაც კი. კომპიუტერით მილიონები თუ არა, შეიძლება ცხოვრების თანამგზავრი მაინც იშოვო. ეს არის დღევანდელი რეალობა, იმის მიუხედავად, მოგვწონს და გვინდა თუ არა ჩვენ ეს. დღეში ერთი ლარი და - კომპიუტერი შენია. მთავრობის ეს იდეა მომხიბვლელად ჟღერს და დაინტერესებული ადამიანების რიცხვიც იზრდება, ჩნდება უამრავი კითხვა - რას გულისხმობს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პირველად 21 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, და რამდენად რეალურია მისი განხორციელება? როგორ მოხდება დღეში 1 ლარის გადახდა? თუ სინამდვილეში იქნება თვეში 30 ან წელიწადში 365 ლარი? როგორ გადაიხდიან ფულს რეგიონებში, სადაც საგარანტიო ხელფასი სოფელში 2-3 ადამიანს თუ აქვს, უახლოესი ბანკი 20-25 კილომეტრშია და არც სწრაფი გადახდის ლურჯ-ყვითელი აპარატებით სავსე მაღაზიებია ახლო-მახლო? ვინ იქნება გარანტორი იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც ვერ/არ გადაიხდის დღეში 1 ლარს და ა.შ. განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის კოკა სეფერთელაძის თქმით, პროექტის მიზანია, საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს საშუალება მიეცეს, სპეციალურ ფასად შეიძინოს კომპიუტერი ან ნოუთბუქი, რომელთა ღირებულება, 2 წლიანი განვადების პირობებში, დღეში 1-დან 4 ლარამდე იქნება. პროგრამაში მონაწილეობისთვის მოქალაქემ კომპიუტერის ღირებულების 20% წინასწარ უნდა გადაიხადოს (თუმცა, როგორც ამ დღეებში გახდა ცნობილი, პროგრამაში მონაწილე ბანკებმა მათ განსხვავებული პირობები შესთავაზეს და 50%-იანი თანამონაწილეობა მოითხოვეს). ეს იმ კლიენტებს ეხება, რომლებიც კომპიუტერის შეძენას დღეში 1 ლარად გადაწყვეტენ. სხვა შემთხვევაში წინასწარი შენატანი არ მოეთხოვებათ. პროექტში წარმოდგენილია კომპიუტერები და ნოუთბუქები Intel-ის პროცესორების ბაზაზე. პროექტის საპილოტე ვარიანტი 11 ოქტომბერს დაიწყო, ხოლო 22 ოქტომბერს თბილისში პროექტის მხარდასაჭერად ჩამოვა Intel-ის ვიცე-პრეზიდენტი. უმსხვილესი კომპიუტერული მაღაზიების ნაწილში კი ამტკიცებენ, რომ იაფი კომპიუტერების აქცია საერთო ჯამში იაფი არ არის. „კომპიუტერების სამყაროში“ განმარტავენ, რომ დღეში თუნდაც 2 ლარის გადახდის შემთხვევაში, კომპიუტერის საერთო ღირებულება წელიწადში 1440 ლარი იქნება. და ეს მაშინ, როცა ჩვეულებრივი განვადების პირობებში კომპიუტერის ყიდვა უფრო იაფად შეიძლება. მაღაზიის წარმომადგენელთა განცხადებითვე, იაფი კომპიუტერის პროგრამით გათვალისწინებული "ინტელის“ კომპიუტერები სრულად ინტეგრირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი რომელიმე ნაწილის შეცვლა შეუძლებელია. საბანკო "შავ სიაში" მოხვედრილი მოქალაქეები კი იაფი კომპიუტერის პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ საბანკო "შავ სიაში" დღეისათვის 350 000-მდე ადამიანია მოხვედრილი. ამის შესახებ განცხადება სასტუმრო `რედისონში~ გაკეთდა, სადაც "კომპიუტერი ყველასთვის" პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. 22 ოქტომბერს პროექტი ოფიციალურად დაიწყება. ბანკში განვადების ღირებულების შეტანა მოხდება თვეში ერთხელ, პროექტის ფარგლებში, 30-დან 90 ლარამდე თვეში, კომპიუტერის ან ნოუთბუქის კონფიგურაციისა და განვადების პირობების შესაბამისად. ახალ პროექტში პირველი `ტაოპრივატ ბანკი~ ჩაერთო. "ტაოპრივატ ბანკის" გენერალური დირექტორის ზურაბ მასურაშვილის განმარტებით, კომპიუტერის ფასი 548 ლარიდან, მყიდველის ყოველდღიური შენატანი კი 1-დან 4 ლარამდე განისაზღვრება. განვადება 2 - წლიანია, სესხის წლიური განაკვეთი -30%. 20%-იანი პირველადი შენატანი, წლიური 30% და სახელფასო ცნობა - ეს მთავრობის პირობებია, თუ თქვენ სახელმწიფო პროგრამით კომპიუტერის შეძენა გადაწყვიტეთ, ჩვეულებრივი განვადების ან თუნდაც სესხის პირობებში კომპიუტერის ყიდვა კი 200-300 ლარით უფრო იაფად შეიძლება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში 2 მილიონამდე ადამიანი სწორედ იმ ასაკშია, როცა კომპიუტერი მნიშვნელოვანი გამოყენების საგანს წარმოადგენს, სავარაუდოდ, მთავრობის ინიციატივა ჰაერში გამოკიდებული დარჩება, ისევე როგორც დასაქმების პოროგრამა, იაფი კრედიტი, იაფი დაზღვევა და სხვა უამრავი `იაფი~ ინიციატივა.
ნინო თამაზაშვილი
|