ნანახია: 589
სულ ცოტა ხნის წინ, წამგებიანი საწარმეობის საკითხიც გადაწყდა! (ამ მთავრობას ისეთი საქმეები ”მოუყომარებია”, ეს იმათთან - ”კაკ სემიჩკი”). კერძოდ კი, ”მეწარმეთა შესახებ” კანონში ცვლილებები შევა, რომლის თანახმადაც, წამგებიანი საწარმოების გაყიდვა და მათი მართვის ოპტიმიზაცია მოხდება. აბა რა, ნატკენი თითი უნდა მოიჭრა, აბა მისი მკურნალობა ხომ ზედმეტი ხარჯია?! მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტში, წამგებიანი საწარმოები ”ერთი ქოლგის ქვეშ” მოექცევიან და ინვესტორებსაც უფრო მოიზიდავენ. ამავდროულად, ამ საწარმოების მართვაც გაადვილდება. კონტროლის პალატამ აუდიტი ჩაატარა და დაადგინა, რომ 1426 სახელმწიფო საწარმოდან 506-ის შესახებ საწარმოთა მართვის სააგენტოს ინფორმაცია საერთოდ არ გააჩნია და მათი უმრავლესობა წამგებიანია. ამას, მყისვე მოჰყვა პრეზიდენტის ღია განცხადება, რომ საწარმოები, რომლებსაც 1 წლის მანძილზე მოგება არ უჩვენებიათ, უნდა დაიხურონ ან მათი ხელმძღვანელობა უნდა გათავისუფლდეს. წამგებიანი საწარმოების გაყიდვაზე უკეთესი, მათი მმართველობის შეცვლა იქნება. ვინძლო უკეთესმა ხელმძღვანელებმა უფრო მეტი მოგება მოუტანოს საწარმოს და მთლიანად სახელმწიფოს, ვიდრე ასეთი საწარმოების ”ათ შაურად” გაყიდვამ. მეორეს მხრივ, ასეთი კომპანიების გაყიდვას თავისი გამართლება აქვს. გაგახსენებთ ერთ ფაქტს: წლების წინ, დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იაპონიაშიც იყო, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, იაპონიამ წამგებიანი საწარმოების გაყიდვის ნაცვლად, მათი სუბსიდირება არჩია, მაგრამ ამით ვერც საწარმოებმა და ვერც სახელმწიფომ ვერ იხეირა. დღემდე ეს კომპანიები ბიუჯეტის წურბელებად ითვლებიან და სახელმწიფო დაფინანსებით არსებობენ. მიუხედავად ამისა, ერთი ხელის მოსმით ამდენი კომპანიის გაყიდვა, მაინც ნაჩქარევი ნაბიჯია. წაგებისგან დაზღვეული არც ერთი კომპანია არ არის და თუ ყველა გაიყიდა, მაშინ ”რაა მამული?!”
დიმიტრი ლელაძე
|