"სითი პარკი" გიგი უგულავას საკუთრებაა" » ბანკები და ფინანსები

"სითი პარკი" გიგი უგულავას საკუთრებაა"

მთავარიბიზნესი 05.10.2010

"სითი პარკი" გიგი უგულავას საკუთრებაა და პარკირების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებაც პირადად მან მიიღო"

2007 წლის 9 ნოემბერს თბილისის მერიაში პარკირების უფლების გადაცემისთვის გამართულ აუქციონზე შპს "ამაგონი და შოჰან პარკინგ სერვისმა~ გაიმარჯვა, რის შემდეგაც კომპანია "სითი პარკი” დააარსა. კომპანია `სითი პარკს~ პარკირების მართვის უფლება 15-წლიანი ვადით გადაეცა.
"სითი პარკმა" თბილისში პარკირების სისტემის ოპერირება 2009 წლის 1-ლი მარტიდან დაიწყო. თავდაპირველად მისი მუშაობა არავის გაუკრიტიკებია და მოქალაქეები დადებითადაც კი უყურებდნენ საქართველოში პარკირების ევროპული სისტემის დანერგვას.
"სითი პარკის" წინააღმდეგ მას შემდეგ ამხედრდნენ, რაც პარკირებისათვის უპრეცენდენტოდ მაღალი ტარიფები დააწესეს. ავტომფლობელების პროტესტს დედაქალაქის საკრებულო და პარლამენტიც შეურთდა.
ზონების მიხედვით საათობრივმა სატარიფო სისტემამ, დაახლოებით, თვენახევარი იმუშავა და მოსახლეობაში უზარმაზარი უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულების გადახედვის საკითხი დაისვა.
დეპუტატები უკმაყოფილო დარჩნენ მაღალი ტარიფებით და პარკირების საფასურის გადახდის სისტემებით. დიდი ბჭობის შემდეგ თბილისში ფიქსირებული გადასახადი დაწესდა - 25 ლარი.
გავიდა ერთი წელი და კომპანია "სითი პარკმა" კვლავ ხელშეკრულების გადახედვის საკითხი დააყენა და გადაწყვიტა, რომ 1 ოქტომბრიდან თბილისში პარკირების გაორმაგებული წლიური საფასური და ახალი სერვისები აემოქმედებინა. კერძოდ, თუ 2009 წლიდან პარკირების წლიური საფასური 25 ლარს შეადგენდა, 1-ლი ოქტომბრიდან ავტომფლობელებს გაორმაგებული – 50 ლარიანი გადასახადის გადახდა მოუწევთ. "სითი პარკში" ამ გადაწყვეტილების განსამარტად საკმაოდ უცნაურ მიზეზს - პარკირების ადგილების 4000-დან 40 000-მდე გაზრდას ასახელებენ.
"თავდაპირველად დედაქალაქში პარკირების 4000 ადგილი იყო და მათი რიცხვი უკვე 40 000-მდე გაიზარდა, რაც შესაბამის ადმინისტრირებას, პარკირების ადგილების დახაზვას და სპეციალური ნიშნების განთავსებას მოითხოვს, ყოველივე ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. საფასურის გაზრდაც ამან გამოიწვია. თუმცა ჩვენ მოსახლეობას ახალ სერვისსაც ვთავაზობთ და თუ ადრე მხოლოდ ერთწლიანი აბონემენტები მოქმედებდა, დღეიდან 6 თვიანი და ერთკვირიანი ბარათებიც შევა ექსპლუატაციაში და მათი ფასი შესაბამისად, 25 და 4 ლარი იქნება", - განაცხადა "სითი პარკის" პრეს-სპიკერმა თინათინ ჭონიშვილმა.
ოპოზიცია საფასურის გაძვირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ირწმუნება, რომ სინამდვილეში ეს არის ქალაქის მერის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ამ კომპანიის მეშვეობით, რომელიც გიგი უგულავას კუთვნილებას წარმოადგენს და გარკვეული ექსკლუზივით სარგებლობს, წინასაარჩევნოდ დახარჯული თანხების ამოღებაა დაგეგმილი.
ოპოზიციური ძალებიდან პარკირების საფასურის გაძვირებას რესპუბლიკური პარტია და ლეიბორისტები გამოეხმაურნენ. ისინი "სითი პარკისთვის" ტარიფის ზრდის ნებართვის გაცემის გამო, თბილისის მერიის მისამართით პროტესტს გამოთქვამენ.
"თვეების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ქალაქის ხელმძღვანელობის განცხადებები იმის შესახებ, რომ ტარიფი სიმბოლური იქნებოდა, თუმცა სრულიად მოულოდნელად დღეს მისი გაორმაგება ხდება. თავისთავად ამგვარი მოქმედება გვაფიქრებინებს, რომ ასევე, მოულოდნელად, რამე ინფორმაციის მიწოდებისა და დასაბუთების გარეშე შესაძლებელია "სითი-პარკმა" ტარიფი გაზარდოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ოდენობით", - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი და მერის გადაწყვეტილებას მიუღებელს და არალეგიტიმურს უწოდებს.
ოპოზიციის აზრით, ეხლა როდესაც არჩევნები ჩავლილია, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" სავარძლებშია განმტკიცებული, უზარმაზარი დანახარჯების ამოღების დრო დადგა. ერთ-ერთი რგოლი ამ საქმეში "სითი პარკიც" არის, რადგან კომპანიაში შემოსული თანხის 60% მერიის ბიუჯეტში მიდის და მხოლოდ 40% რჩება "სითი პარკს".
15 წლიანი მართვის უფლების მქონე "სითი პარკი" და თბილისის მერია კიდევ როდის გადაწყვეტს პარკირების ადგილების რაოდენობის და პარკირების საფასურის გაზრდას, კომპანიაში ამის შესახებ პასუხის გაცემა უჭირთ.
"რეალურად "სითი პარკი" არის გიგი უგულავას კუთვნილება. ფირმა იღებს გადასახადიდან 40%-ს, ექსკლუზიური მდგომარეობა აქვს და ისე იქცევა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი და არა კერძო კომპანია. გადასახადის გაზრდის თაობაზე პერსონალურად უგულავამ მიიღო გადაწყვეტილება. როგორც კი ჩაიარა არჩევნებმა, დასჭირდა თანხები, რომ მოგზაურობები გააგრძელოს ავსტრიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც მოესურვება. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება. ამიტომ არ ვაპირებთ მშვიდად ყოფნას, გავაგრძელებთ აქციებს, რაც აპრობირებული მეთოდია და საშუალებას მოგვცემს, სამართალი გადავწონოთ.
არანაირი არგუმენტი საფასურის გაზრდაზე არ არსებობს. ინფრასტრუქტურის მოწყობა არის მხოლოდ მიზეზი, მერია გადასახადების ამოღებითაა დაკავებული და მნიშვნელოვანი ღონისძიებები ამ მიმართულებით არ გაუტარებია", - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.

ნინო თამაზაშვილი






{custom category="2,4,5,15" template="shortstory_2" aviable="global" from="0" limit="10" cache="no"}