ნანახია: 988
ვის ჩააბარებენ ამ მომგებიან საწარმოს, ისევ რუსებს თუ აზერბაიჯანელებს
კომპანია "ენერჯი ინვესტის" პრესსამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ბარბაქაძემ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი გვითხრა. არადა, საზოგადოებას აინტერესებს, ვინ აკეთებს აქ მილიონებს, ვისია ეს "მეწველი ძროხა" და ვის მისდის ხელისუფლებაში, მას შემდეგ, რაც გენო მალაზონიას დაკავების შემდეგ ეს სქემა დაინგრა. - ჩვენ დავსვით საწარმოს დღევანდელი საქმიანობის შესახებ შემდეგი კითხვები: - რა ტიპის პროდუქციას აწარმოებს "აზოტის" ქარხანა დღეს? - რომელ ქვეყნებში გადის "აზოტის" მიერ წარმოებული პროდუქცია? - საიდან იღებს კომპანია ბუნებრივ აირს, რომელიც საწარმოს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ არის აუცილებელი? - რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ "აზოტი" შესაძლოა, აზერბაიჯანელების ხელში გადავიდეს, რადგან აზერბაიჯანი ბუნებრივი არირის მთავარი მომწოდებელია? - როგორ მიმდინარეობს "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორის, გენო მალაზონიას წინააღმდეგ აღძრული საქმე, რა პირობით გაათავისუფლეს ბატონი გენო, შედგა თუ არა საპროცესო გარიგება და ვინ ხელმძღვანელობს ამჟამად კომპანიას? "ენერჯი ინვესტის" პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ გენერალური დირექტორისთვის არის ცნობილი, ის კი კომენტარს არ გააკეთებს. თუმცა პრესისთვის სხვა ინფორმაციაც არის ცნობილი: კომპანიის აქციების 58% რუსული "ინტერგაზინვესტის" და "ინტერინვესტსის" საკუთრებაა, ხოლო აქციების დანარჩენი წილი ქართველ აქციონერებზე ნაწილდება. მაგრამ, მნიშვნელოვანი ისაა, რომ კომპანიის მთავარი ფინანსური დონორი რუსული "ვნეშტორგბანკია". ეს ის ბანკია, რომელიც ოფიციალური მოსკოვის ინტერესების გამტარებელი და გაერთიანებული ქართული ბანკის – "ვითიბის" აქტივების მფლობელია. ჩვენ "აზოტის" ხელმძღვანელობას გენო მალაზონიას შესახებაც მივმართეთ, რომელიც კომპანია "ენერჯი ინვესტის" დირექტორი იყო და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით მაისში დააკავეს, თუმცა დღეს უკვე თავისუფალია. 1996-1997 წლები მალაზონია "საქართველოს გაერთიანებული ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ვანო ჩხარტიშვილის მრჩეველი იყო. მას შემდეგ, მას სხვადასხვა მაღალი თანამდებობები ეკავა, როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის მმართველობის დროს. ბოლოს კი მთლიანად "ენერჯი ინვესტში" მუშაობდა. 2005 წელს "ენერჯი ინვესტმა" რუსთავის "აზოტის" ქარხანა შეისყიდა, რომლის წარმოებას და დისტრიბუციას დღეს მთლიანად რუსები ახორციელებენ და რომელშიც ასევე შევიდა პროკურატურა და მერაბიშვილის უწყება.
"ენერჯი ინვესტის" ვებ-გვერდზე მხოლოდ ასეთი მშრალი ინფორმაციაა განტავსებული:
ნახევარსაუკუნოვანი საწარმო "აზოტი" აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გადაწყვეტილება რუსთავის "აზოტის" ამოქმედების შესახებ მიიღეს მეტალურგიული ქარხნის პროდუქციის – კოქსის აირის საფუძველზე 1947 წელს. 1955 წლის აპრილში რუსთავის აზოტოვანი სასუქების ქარხანაში შეტანილ ნედლეულზე დაიწყო გაშვებითი სამუშაოები. 1956 წლის 27 თებერვალს ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით მიიღეს პირველი ამიაკი. სწორედ ეს თარიღია მიჩნეული საწარმოს დაბადების დღედ. მუშაობის შემდგომი პერიოდი ხასიათდება ახალი სიმძლავრეების ათვისებით, რის დადასტურებასაც წარმოადგენს 1957 წლის 31 დეკემბერს კალიუმის პერმანგანატის საამქროს ამოქმედება, რომლის საწარმოო მეთოდის შემუშავებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ. 1960 წლის სექტემბერში რუსთაველმა ქიმიკოსებმა საწარმოო ციკლი ბუნებრივ აირზე გადაიყვანეს, რის შედეგადაც საჭირო აღარ იყო მეტალურგიული ქარხნის კოქსის აირის გამოყენება. ერთი წლის შემდეგ კი ამოქმედდა სუსტი აზოტმჟავას საამქრო. 1963 წლის 22 ოქტომბერს პირველი პროდუქცია გამოუშვა კაპროლაქტამის წარმოებამ _ ფენოლური სქემით. მომდევნო ეტაპზე დაიწყო სრულიად ახალი პროდუქტის _ ციანმარილების წარმოება, თავდაპირველად ტექნიკური (1967 წლის ოქტომბერი), შემდეგ _ სუფთა ციანმარილების (1973 წლის დეკემბერი) სახით. სოფლის მეურნეობის განვითარებამ ქიმიკოსებს მინერალური სასუქების წარმოების სფეროში ახალი მოთხოვნები წაუყენა. 1979-81 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა ამიაკის სინთეზის ორი მსხვილი აგრეგატი, რომელთა წარმადობა ორჯერ აღემატებოდა არსებულს და საწარმო გავიდა აზოტმჟავასა და გვარჯილის წარმოების ახალ სიმძლავრეებზე. 1985 წელს კი მწყობრში ჩადგა კაპროლაქტამის წარმოების მეორე რიგის საამქროები. 1991 წლის თებერვალში "აზოტმა" გამოუშვა კოსმეტიკური პროდუქცია _ ფანქრები და ტუჩსაცხი. დღესდღეობით, "აზოტი" გიგანტური ქარხანაა, სადაც დასაქმებულია სამი ათას კაცზე მეტი. ქალაქ რუსთავში 80 000 ადამიანი ცხოვრობს. ამ მაჩვენებლების შედარება იოლად განსაზღვრავს "აზოტის" მნიშვნელობას. 2004 წელს სააქციო საზოგადოება "ენერჯი ინვესტი" - საქართველოს იურიდიული პირი, იმ მიზნით დაარსდა, რათა განახორციელოს საინვესტიციო პროექტები საქართველოში. კომპანიამ ეროვნულ ეკონომიკაში ას მილიონ დოლარზე მეტის დაბანდება გადაწყვიტა და საკუთარ კაპიტალზე გამოცადა ქართული საინვესტიციო გარემოს საიმედოობა. სს "ენერჯი ინვესტმა" უკვე განახორციელა ორი პროექტი: ქალაქ გარდაბანში ააშენა და დაამონტაჟა აირტურბინული ელექტროსადგური და ქალაქ რუსთავში შეისყიდა ქიმიური საწარმო "აზოტი". სს "ენერჯი ინვესტის" მიერ ქიმიურ საწარმო "აზოტში" ჩადებული ინვესტიცია, 20 მილიონი დოლარი, ქართული ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი ოპტიმალური მექანიზმია. სააქციო საზოგადოება სს "ენერჯი ინვესტის" მიერ წამოწყებული პროექტების გახორციელება დიდ პერსპექტივასა და წარმატებაზეა გათვლილი. სარეალიზაციო პროდუქცია: ამონიუმის გვარჯილა, ამონიუმის სულფატი, ნატრიუმის ციანიდი (ფხვნილის, ანაქერცლის, ბრიკეტის სახით), ამიაკი თხევადი, ამიაკი აირადი, ამიაკის წყალი, ნახშირორჟანგი, ჟანგბადი თხევადი, ჟანგბადი აირადი, აზოტი თხევადი, აზოტი აირადი, აზოტმჟავა, მშრალი ყინული. გასაღების ბაზარი: ამონიუმის გვარჯილა: ბულგარეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, ესპანეთი, ლიტვა, თურქეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. ციანმარილები: ყაზახეთი, პერუ, ეკვადორი, ბულგარეთი, გვატემალა, ინდოეთი, ბოსნია, ფილიპინები, მექსიკა, სომხეთი, კოლუმბია, ტაჯიკეთი, საქართველო.
ნინო თამაზაშვილი
|