ნანახია: 871
შპს "რუსთავწყალკანალის", შპს "მცხეთაწყალკანალის", შპს "საქწყალკანალისა" და შპს "თბილისის წყალის" რეალური მფლობელების ვინაობას ხელისუფლება მკაცრად ასაიდუმლოებს
"შვეიცარიულ" "მალტიპლექს სოლუშენსის" რუსები მართავენ, მის ერთადერთ შვილობილ კომპანიას "მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს" კი Silk Road Group SA-ს ქართველი თანამფლობელები
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ საქართველო "ინვესტიციების მექად" გამოაცხადა. ინვესტიციების მოზიდვა და ახალი ფინანსური რესურსებით ეკონომიკური განვითარების პროცესის ხელშეწყობა თავისთავად მიღებული პრაქტიკაა. მსოფლიოს თითქმის ყველა ქყეყნის ეკონომიკა იღებს უცხოურ ფინანსურ რესურსებს, ამაში ახალი არაფერია. თუმცა, ის რაც, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, საქართველოში ხდება ნამდვილად ახალია. საქართველოში, ძირითადად, 2003 წლის შემდეგ დაფუძნებული კომპანიები აკეთებენ ინვესტირებას. ქართული საინვესტიციო პოლიტიკის მიმართ ანალიტიკოსების ძირითადი პრეტენზიები დაკავშირებულია ქვეყანაში შემოსული ფინანსური რესურსების წარმომავლობასთან. ამ კუთხით, ძალიან საინტერესოა პრივატიზაციის მიმართულება. 2003 წლის შემდეგ გაყიდული ობიექტების უდიდესი ნაწილის რეალური მფლობელების ვინაობა გაურკვეველია. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში. მართალია, ქართული ეკონომიკის განვიტარების მთვარმა იდეოლოგმა კახა ბენდუქიძემ ტერმინ - "სტრატეგიული ობიექტის" გამოყენება აგვიკრძალა, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ყველაზე დიდ მნიშნელობას ასეთ ობიექტებს თავად ბენდუქიძე და სახელისუფლებო ძალები ანიჭებენ. ამის თქმის საფუძველს, ის ფაქტი გვაძლევს, რომ აბსოლუტურად ყველა სტრატეგიული ობიექტის რეალური მფლობელის ვინაობა მკაცრად არის გასაიდულმოებული, რასაც ერთის მხრივ,ინფორმაციის ოფიციალურ დონეზე გასაიდულმეობით აღწევენ, მეორეს მხრივ კი იმით, რომ ასეთ ობიექტებს ობშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებზე აფორმებენ. "მალტიპლექს ენერჯი ლიმითედისათვის" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს "რუსთავწყალკანალის", შპს "მცხეთაწყალკანალის", შპს "საქწყალკანალისა" და შპს "თბილისის წყალის" 100%-ის გადაცემა, ქართულ რეალობაში, შეიძლება ითქვას, კლასიკური შემთხვევაა. "მალტიპლექს ენერჯი ლიმითედის" წარმომავლობის გარკვევა, ანუ ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ობიექტის რეალური მფლობელების დადგენას უკვე რამდენიმე წელის ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა". 2007 წელს კომპანიის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყარო ჟენევის სავაჭრო რეესტრი იყო, რომლის თანახმად, კომპანია Multiplex Soloution AG დარეგისტრირდა 2005 წლის 23 აგვისტოს. კომპანიის საწესდებო კაპიტალი რეგისტრაციისას 100 000 შვეიცარულ ფრანკს, დაახლოებით 90 000 აშშ დოლარს შეადგენდა (100 000 შვეიცარული ფრანკი მინიმალური კაპიტალია შვეიცარიაში სააქციო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად). რეესტრის ჩანაწერის თანახმად, მოგვიანებით, 2007 წლის დეკემბერში, საწესდებო კაპიტალი 200 000 შვეიცარულ ფრანკამდე გაიზარდა. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თანხმად, კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელია ვინმე ბიტ სპოერი (Beat Spoerri), რომლის სახელი და გვარი 87 კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ფიგურირებს. იმის გამო, რომ კომპანიის შესახებ ფაქტიურად არაფერი იყო ცნობილი, კომპანიის მფლობელის შესახებ პრესაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა, თუმცა, ყველა ამ ვერსიას, მფლობელის რუსული წარმომავლობა აერთიანებდა. ეჭვები განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც შპს "თბილისის წყლის" შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში გაჩნდა საწარმოს ახალი დირექტორისა და წარმომადგენლების ვინაობა. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელი იყო იური ლესი (საცხოვრებელი ადგილი: რუსეთი, ქ.მოსკოვი) - რუსული "ინტერ რაო ეს"-ის საკუთრებაში არსებული მოლდავეთის გრეს-ის მმართველობის ყოფილი თავმჯდომარე. ასევე, საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის იყო ალექსეი სერებრიაკოვი (საცხოვრებელი ადგილი: რუსეთი, ქ. მოსკოვი), რომელიც 2003 წლიდან მოხსენიებულია "გაზპრომის" კვარტალურ ანგარიშებში, როგორც ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის "გიპროსპეცგაზის" დირექტორთა საბჭოს წევრი. საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით 2005 წლის 7 დეკემბერს საქართველოში რეგისტრირებულია სს "მალტიპლექს სოლუშენსის" თბილისის წარმომადგენლობა (ფილიალი), რომლის დამფუძნებელი ჟენევის სავაჭრო რეესტრში 2005 წლის 23 აგვისტოს რეგისტრირებული სს "მალტიპლექს სოლუშენსია". რეესტრში არსებული დოკუმენტაციის თანხამად, კომპანიის რეგისტრაციიდან ორ თვეში, "სს "მალტიპლექს სოლუშენსის" დირექტორთა საბჭოს 2005 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაფუძნდა სს "მალტიპლექს სოლუშენსის" წარმომადგენლობა თბილისში, დამტკიცდა წარმომადგენლობის დებულება და დანიშნულ იქნენ წარმომადგენლობის მენეჯერები". გადაწყვეტილების თანახმად, წარმომადგენლობის მენეჯერები (დირექტორები) იყვნენ:? დავით შენგელია - დაბადებული 1972 წლის 10 აგვისტოს ქ. თბილისში, პროფესიით იურისტი, მცხოვრები ქ. თბილისში, ჟვანიას ქ. #4 და ლევან კაჭარავა - დაბადებული 1968 წლის 15 ივლისს ქ. თბილისში, პროფესიით ბიზნესმენი, მცხოვრები ქ.თბილისში, მცხეთის ქუჩა #2, ბინა 35. დავით შენგელია არის ჟენევაში რეგისტრირებული De Novo Alliance SA ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში საკონსულტაციო კომპანიის მფლობელი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Gamma Petroleum SA დირექტორთა საბჭოს წევრი, ამერიკულ-ქართული იურიდიული კომპანია Amirashvili, Gogishvili & Shengelia, G.P. პარტნიორი; 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მარტამდე იყო Mutiplex Solution SA დირექტორთა საბჭოს წევრი და თანადამფუძნებელი, ხოლო მანამდე 2001 წლის თებერვლიდან 2005 წლის მაისამდე ასევე, ჟენევაში რეგისტრირებული Silk Road Group SA დირექტორთა საბჭოს წევრი და თანადამფუძნებელი. ლევან კაჭარავას შესახებ ცნობები მხოლოდ სხვადასხვა მედია საშუალებებში მოიპოვება, სადაც ის მოიხსენიება როგორც ე.წ. "ვერის საძმოს" წევრი, მეტსახელად "ტილიკა", Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი, სამშენებლო კომპანია "აქსისის" მფლობელი და ყოფილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის - ნიკა გვარამიას ბავშვობის მეგობარი. სს "მალტიპლექს სოლუშენსის" დირექტორთა საბჭოს 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დავიტ შენგელია და ლევან კაჭარავა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და კომპანიის ერთადერთ დირექტორად დაინიშნა გიორგი გაჩეჩილაძე (დაბადებული 1968 წლის 22 იანვარს, მცხოვრები ქ. თბილისში, ყიფშიძის ქ. #9, ბინა 39) - ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი 2001-2003 წლებში. 2009 წლის 9 ივლისს სს "მალტიპლექს სოლუშენსის" დირექტორთა საბჭოს ადაწყვეტილებით გიორგი გაჩეჩილაძეც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მის ადგილზე დაინიშნა 1976 წლის 26 თებერვალს დაბადებული შალვა ფიფია. 2009 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით კი, შალვა ფიფია გიორგი კოპალეიშვილმა (დაბადებული 1976 წლის 22 აპრილს, მცხოვრები აღმაშენებლის ქ. #97-ში) შეცვალა. ამ მოკლე ისტორიის მარტივი ანალიზითაც კარგად ჩანს, რომ "მალტიპლექს ენერჯი ლიმითედის" მხოლოდ ერთი პროექტისთვის შეიქმნა და ეს პროექტი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების ხელში ჩაგდება გახლდათ. ამ ეჭვს აძლიერებს გარემოება, რომელშიც ქართული აქტივების "მალტიპლექს ენერჯი ლიმითედის"-ისთვის გადაცემა მოხდა. "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონში 2007 წლის 11 მაისს შესული ცვლილებით, ნებადართული გახდა სახელმწიფო წყალსადენის და საკანალიზაციო მეურნეობის სისტემის პრივატიზება. თუკი, საკანონმდებლო ცვლილებების ბოლოდროინდელ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წყალსადენის და საკანალიზაციო მეურნეობის სისტემის არაგასხვისებადი ქონების ჩამონათვალიდან ამოღება, სწორედ კონკრეტული კომპანიის გასხვისების გეგმის არსებობამ განაპირობა. 2007 წლის 25 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და ქ. თბილისის მერიამ ერთობლივად გამოაცხადეს "ინტერესთა გამოხატვა" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ "ჟინვალჰესის", ქ.თბილისისა (შპს "თბილისის წყალი") და ქ. მცხეთის წყლით მომარაგების (შპს "მცხეთაწყალკანალის") სისტემების და ქ. გარდაბნის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის (შპს "საქწყალკანალი") გასხვისების მიზნით. განაცხადის თანახმად, 2007 წლის 20 სექტემბრამდე ობიექტების შეძენით დაინტერესებულ პრეტენდენტებს უნდა წარედგინათ განაცხადები, რომელშიც ასახული იქნებოდა შესაძენი ფასი და საწარმოს განვითარების გეგმა, განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობისა და ვადების მითითებით. 2007 წლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა "ინტერესთა გამოხატვის" საბოლოო შედეგები და გამოვლინდა გამარჯვებული - შვეიცარული კომპანია "მულტიპლექს სოლუშენსი". გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გაკეთებულ ოფიციალურ განაცხადში აღნიშნული იყო, რომ შვეიცარიული კომპანია შესაძენ ობიექტებში 85 662 000 აშშ დოლარს გადაიხდის, განახორციელებს 350 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას და 2008-2009 წლებში უცვლელად შეინარჩუნებს წყლის ტარიფს. გარდა ამისა, "მულტიპლექს სოლუშენსი" ვალდებულებას იღებს, რომ ის უზრუნველყოფს დედაქალაქის მოსახლეობისთვის 24 საათიან უწყვეტ წყალმომარაგებას, წყლის დაბალ ტარიფსა და მაღალ ხარისხს. წარდგენილი წინადადებების განხილვისას, კომპანიის გამოცდილება არ ყოფილა შერჩევის კრიტერიუმი. ასევე, აღსანიშნავია, რომ "მულტიპლექს სოლუშენსის" გამარჯვებულად დასახელებისას, მითითებული იყო კომპანიის მიერ შემოთავაზებული ინვესტიციების რაოდენობა; ხოლო სხვა მონაწილეების წინადადებების გამოქვეყნებისას, მითითებული იყო მხოლოდ ფასი და ტარიფების ოდენობა. ამდენად, მიუხედავად პროცესის მიმდინარეობის შესახებ საჯარო განცხადებების სიმრავლისა, საზოგადოებისთვის მაინც უცნობი დარჩა, რამდენად სამართლიანად იქნა შერჩეული გამარჯვებული კომპანია. 2007 წლის 23 ნოემბრის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, კომპანია Multiplex Energy Limited-ს გადაეცა შპს "საქწყალკანალის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი, შპს "მცხეთაწყალკანალის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილისა და შპს "რუსთავწყალკანალის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%. აქ მკითხველის ყურადღება გვსურს მივაპყროთ ორ გარემოებაზე: "ინტერესთა გამოხატვის" პროცესში გამარჯვებულად გამოცხადდა შვეიცარული კომპანია Multiplex Solutions, ხოლო პრეზიდენტის განკარგულებით საწარმოები Multiplex Energy Li,ited-ს გადაეცა.
ადა ექიზაშვილი
|