ნანახია: 614
სადაზღვევო კომპანია "სტანდარტ დაზღვევა საქართველო" 2007 წელს დაარსდა, მისი გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბერიძეა. სწორედ ეს კომპანია გახდა გამარჯვებული "საქართველოს რკინიგზის" მიერ სამედიცინო დაზღვევის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში. როგორც ცნობილია, "სტანდარტ დაზღვევა საქართველოსთვის" ასეთი მასშტაბური დაზღვევის მხრივ პირველია. რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლაშა აბაშიძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანია "სტანდარტ დაზღვევა საქართველო"-მ 7 კომპანიას შორის ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა და სწორედ ეს გახდა მისი გამარჯვების მიზეზი. გამარჯვებულმა კომპანიამ "საქართველოს რკინიგზის" 15 000 თანამშრომელს სადაზღვევო პაკეტი "მე და ჩემი ოჯახი" შესთავაზა. განახლებულ სადაზღვევო პაკეტში დაზღვეული იქნება არამარტო თანამშრომლები, არამედ ოჯახის ყველა წევრი შეუზღუდავი რაოდენობით. ასევე, კომპანია დაზღვეულებს სთავაზობს, თავად აირჩიონ სამედიცინო კლინიკა, სადაც საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. "დაზღვეულია 15 000 რკინიგზელი და მათი ოჯახის წევრები, დაახლოებით 50 000 ადამიანი. სადაზღვევო პაკეტის მიხედვით არ არის დაწესებული რკინიგზელთა შვილების ასაკობრივი ცენზი. სადაზღვევო პაკეტი "მე და ჩემი ოჯახი" მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მომსახურებას, როგორიცაა გადაუდებელი კარდეოლოგია და ქრონიკული დაავადებების ოპერაცია", - აღნიშნა ზურაბ გუმბერიძემ. პაკეტი "მე და ჩემი ოჯახი" მოიცავს ოჯახის ექიმის 24 საათიან უფასო მომსახურებას. 100%-ით ანაზღაურდება სასწრაფო სამედიცინო და ამბულატორიულ-პოლიკლინიკური (მათ შორის სპეციალიზირებული) მომსახურება. 6000 ლარის ოდენობით ფინანსდება გადაუდებელი სამედიცინო და ჰოსპიტალური მომსახურება. ასევე, სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებს რკინიგზელების უფასო მშობიარობას. როგორც "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განაცხადა, "საქართველოს რკინიგზას" 15 000 თანამშრომლის და მათი ოჯახის წევრების დაზღვევა 1 161 000 ლარი დაუჯდა.
ნინო თამაზაშვილი
|