ნანახია: 484
საერთაშორისო ბირჟებზე საწვავის ფასთან დაკავშირებული ცვლილებები ქართველ ნავთობიმპორტიორებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. უახლოეს მომავალში მათ საშუალება ექნებათ ადგილობრივ ბაზარზე საცალო ქსელში საწვავი გააძვირონ. როგორც წესი, საერთაშორისო ბირჟებზე საწვავის გაიაფებას საქართველოში "მძიმედ" აღიქვამენ და სიტუაციაზე ადეკვატურად ვერ რეაგირებენ, საპირისპირო ვითარებაა საწვავის გაძვირების შემთხვევაში, ქართველები ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტს მყისიერად აძვირებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ საქართველოში საწვავი მალე გაძვირდება. ზუსტად ერთი თვის წინ ერთი ტონა საწვავის საერთაშორისო ფასი 775 აშშ დოლარი გახლდათ. მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მწვავე, საბერძნეთის კრიზისმა ნავთობი გააიაფა, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 70 აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა, ხოლო ერთი ტონა ბენზინის ფასი 650 აშშ დოლარი გახდა. საერთაშორისო ბირჟებზე საწვავის 18%-იან გაიაფებას, საქართველოში 2%-იანი გაიაფება მოჰყვა, რის შემდეგაც ადგილობრივი კომპანიების მოგება კიდევ უფრო გაიზარდა. ქართული კომპანიების ძალისხმევით, საწვავის საერთაშორისო ფასების შემცირება, საქართველოში მის საცალო ფასზე თითქმის ვერ აისახა, ანუ, ნავთობიმპორტიორებმა ეს გაიაფება მხოლოდ სათავისოდ გამოიყენეს და საკუთარი მოგება გაზარდეს. საქართველოში მიღებული ფასწარმოქმნის ლოგიკის თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე ფასების გაზრდა მოჰყვება, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ტონა ბენზინის 30 აშშ დოლარით გაძვირებას. სავარაუდოდ, ბენზინი 5 თეთრით გაძვირდება, რადგან ქართველები მხოლოდ ხუთობით ვითვლით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბენზინის ფასის ნებისმიერი ცვლილება ხუთთეთრიანი იყო. ეს მარტივი ფაქტიც კი ამტკიცებს იმას, რომ საქართველოში მოქმედ 6 ყველაზე მსხვილ ნავთობკომპანიას ერთნაირი ფასწარმოქმნის სქემა აქვს. სქემა შეიძლება იყოს ერთნაირი, მაგრამ ამ სქემაში არსებული ყველა პირობა რომ ერთნაირია, ეს უკვე ბაზარზე კარტელური გარიგების არსებობის დამადასტურებელი სერიოზული არგუმენტია. ნავთობკომპანიებს აქვთ არგუმენტი, რომ ამ ბაზარზე ძალიან ბევრი სუბიექტი ოპერირებს, აქედან გამომდინარე, მათ შორის რაიმე შეთანხმების არსებობა, პრაქტიკულად, გამორიცხულია. თუმცა, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ამ ბაზარზე, პრაქტიკულად, ერთადერთი მიმწოდებელი კომპანიაა, მაშინ ყველაფერი ნათელი ხდება. ოფიციალური მონაცემებით, საწვავის ქართული ბაზრის 70%-ს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარი" აკონტროლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა წვრილ ბენზინგასამართ სადგურს და მსხვილი კომპანიების უმრავლესობას "სოკარი" აწვდის პროდუქტს. აქედან გამომდინარე, სულაც არ არის აუცილებელი კომპანიებს შორის რაიმე შეთანხმების არსებობა, შეიძლება ითქვას, რომ საწვავის ფასებს "სოკარი" ადგენს. სწორედ კომპანია "სოკარს" შეუძლია გააკონტროლოს საქართველოში საწვავის ფასები ისე, რომ საერთაშორისო ფასების ცვლილება ქართულ ბაზარზე მხოლოდ ნავთობკომპანიების სასარგებლოდ აისახოს. ამ უფლებას მას ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებთან სიახლოვე აძლევს. ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ აზერბაიჯანი და მისი პოლიტიკური ელიტა ქართულ ბიზნესწრეებში დიდი გავლებით სარგებლობს, ეს, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკური და ფინანსური დივიდენდების დამსახურებაა, რომელსაც ჩვენი მმართველი ძალა აზერბაიჯანული მხარისგან იღებს. ერთერთი ასეთი დივიდენდი გახლდათ გია ჭანტურიას მიერ გიგი უგულავასთვის გამარჯვების მილოცვა და ერთ დროს "ნაციონალური" მთავრობის მიერ შერისხული პოლიტიკოსის არჩევნებში მონაწილეობა. ალიევის მიერ შეფარებულმა ჭანტურიამ თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობით და შემდეგ ეგზიტპოლების მონაცემების საფუძველზე, გიგი უგულავას გამარჯვების აღიარებით კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აზერბაიჯანი "ჩვენთანაა". "მიეცი და მოგეცემა" ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს ფრაზა ანდაზად იქცა. სწორედ ასეა, იყავი "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით და მოგეცემა ქართველი ხალხის გაყვლეფის უფლება.
ლევან მარტაძე
|