ნანახია: 523
საქართველოს პრეზიდენტი საგადასახადო კოდექსის გამარტივების ინიციატივით კარგა ხანია გამოდის. ეს ინიციატივა ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა და საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტზე აქტიური მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა. მართალია, კოდექსში მზა ვარიანტის წარდგენა რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა, როგორც ფინანსთა სამინისტროში და ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, ეს კოდექსთან დაკავშირებით სამინისტროში ბიზნესმენების მხრიდან შეტანილმა უამრავმა შენიშვნამ გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, შენიშვნები გათვალისწინებულია და ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საგადასახადო კოდექსი 98%-ით შეიცვალა. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე პოზიტიურად არის განწყობილი და ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები აქვს.
- ბატონო გიორგი, თუ არის თქვენთვის ცნობილი, რა სახის ცვლილებები შევა საგადასახადო კოდექსში?
- ეს ცნობილი მას შემდეგ გახდება, როდესაც კოდექსის საბოლოო ვარიანტს გაგვაცნობს ფინანსთა მინისტრი, რომელიც წარმოადგენს კოდექსის პროექტს. იმდენად მასშტაბური შენიშვნები ჰქონდა თავად ფინანსთა სამინისტროსაც და ბიზნესიდანაც იმდენად ბევრი შენიშვნები იყო წასული, რომ მე არ დაგიმალავთ და ველოდები, რომ კახა ბაინდურაშვილი წარმოადგენს ახალ საგადასახადო კოდექსს.
- საგადასახადო კოდექსში შესატანი რა სახის შენიშვნები გაუგზავნა ბიზნესმენთა ასოციაციამ ფინანსთა სამინისტროს?
შენიშვნები იყო ძალიან მრავალმხრივი, დაწყებული, ვთქვათ, მოგების გადასახადის კალკულაციიდან, დამთავრებული მიწის და ქონების გადასახადების გამიჯვნით. ეს იყო ძალიან დიდი პაკეტი, სისტემა იყო შეკრული სამუშაო ჯგუფის სახით იმგვარი, როცა ბიზნეს ასოციაციის სამი თანამშრომელი უწყვეტ კავშირში იყო ჩართული პირდაპირ ფინანსთა მინისტრის მოადგილის დონეზე საიმისოდ, რომ კომპანიებიდან მიღებული ყველა შენიშვნა დაჯგუფებულიყო, რადგან კომპანიების შენიშვნები, ხშირ შემთხვევაში, ემთხვეოდა ერთმანეთს. ეს ხარისხდებოდა ბიზნეს ასოციაციაში და ამის შემდეგ უკვე ინაცვლებდა განხილვებზე ფინანსთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფში. მე არ მინდა ამ შემთხვევაში მარჩიელობა, რა გაითვალისწინეს საბოლოოო ჯამში და რა არა. მინდა, რომ მოვისმინო ეს დოკუმენტი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს და შემდგომ უკვე ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად გააკეთებს ამაზე კომენტარს.
თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია, რომ ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს თქვენს მიერ გაგზავნილი შენიშვნები?
მე რატომღაც მგონია, რომ შენიშვნების დიდი ნაწილი გათვალისწინებული იქნება და ასევე ველოდები, რომ გარკვეული ინიციატივები ფინანსთა სამინისტროდან წამოვა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. რაც შეეხება საბოლოო პრეზენტაციას, ის, ალბათ, დოკუმენტში აისახება. ყველა შემთხვევაში ის, რომ ვიდრე დოკუმენტი არ არის გასული პარლამენტში და მთავრობაში განსახილველად და მოდის ჯერ ბიზნესთან სასაუბროდ, ეს არის ძალიან კარგი კომუნიკაცია. რაც უდაოდ დასაფასებელია ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებაში. ძალიან კარგია, რომ ჯერ დოკუმენტი იხილება ბიზნესთან ანუ მთავარ ბენეფიციართან. თუ ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება სხვა სამინისტროების მხრიდან, ბიზნესი მხოლოდ მოხარული იქნება, რომ ჩაერთოს ამგვარ სამუშაო პროცესებში.
- რა მიზეზით გადაიდო საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა?
- მე რამდენადაც ვიცი საიმისოდ, რომ უფრო სიღრმისეული და დეტალური განხილვა მომხდარიყო. ჩაერთო ძალიან ბევრი ექსპერტი, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო და რაც მთავარია, ჩაერთო თითქმის ყველა ბიზნესორგანიაზაცია, რაც კი საქართველოში არსებობს. წარმოიდგინეთ ყველა ამ შენიშვნის თავმოყრა, ფილტრაცია, ხშირ შემთხვევაში შენიშვნების დუბლირება, რაც ხდებოდა და ილექებოდა ჩვენს სამუშაო ჯგუფში და ინაცვლებდა ფინანსთა სამინისტროში. სავარაუდოდ, ამაზეა საუბარი ანუ ამ შემთხვევაში თქმა იმისა, რომ რაიმე განზრახ იწელებოდა, მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ. პირიქით, კიდევ ერთხელ ვამბობ, მოლოდინები მაქვს ხაზგასმულად პოზიტიური.
- როდის წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსის ახალ პროექტს?
- თუ არ ვცდები, მიმდინარე კვირაში უკვე ბიზნეს ეცოდინება კოდექსის ძირითადი კონტურები და პოსტულატები.
ესაუბრა ნინო თამაზაშვილი
|