ნანახია: 588
საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკვე ორჯერ გახსნილი "ბათუმი შერატონი" ორიოდ დღის წინ ოფიციალურად კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე საბოლოოდ გაიხსნა. პრეზიდენტმა გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სასტუმროს "შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი სასტუმრო" და "ბათუმის თეთრი სასწაული" უწოდა. ამ "სასწაულის" მენეჯერები 17-მილიონიანი ინვესტიციის ამოღებას და მოგების მიღებას დაახლოებით 15 წლის შემდეგ ვარაუდობენ. გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი და საქართველოსა და თურქეთის მთავრობის სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. სასტუმროს გენერალური მენეჯერი, ომერ შუბასი, ოპტიმისტურად არის განწყობილი და "ბათუმი შერატონზე" დიდ იმედებს ამყარებს, - "გაიხსენეთ ლას-ვეგასი, თავდაპირველად ის ნევადის ერთი უღიმღამო, უდაბნოს ქალაქი იყო, ახლა კი მას წლის განმავლობაში 38 მილიონი ადამიანი სტუმრობს. "შერატონი" გახდება შავი ზღვის "თეთრი ვარსკვლავი" და ბათუმი გადაიქცევა საერთაშორისო დანიშნულების ადგილად". სასტუმროს აქვს: 203 ნომერი, სამი რესტორანი, ოთხი ბარი, ღია და დახურული აუზები, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სპა სალონები და პოპულარული თურქული აბანო, აქვს ერთი კაზინო და ორი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაერთიანდეს ან საკონცერტო დარბაზადაც გადაკეთდეს. სასტუმროს სერვისით სარგებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკმაოდ ძვირი იქნება. როგორც გენერალური მენეჯერი ამბობს, სასტუმროს მეოცე სართულზე ორ პერსონაზე სადილი, საშუალოდ, ასი ლარი ეღირება, თუ სტუმრებს კარგი ღვინოს მირთმევაც სურთ, მაშინ ფასი გაიზრდება. სასტუმროს ნომრების ფასი კი 150 დოლარიდან იწყება და 2000 დოლარამდე ადის. ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ზაფხულის სეზონზე ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. 23-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და სამუშაოები თურქულმა კომპანია "ნუროლ"-მა შეასრულა. პროექტი 40 მლნ. აშშ დოლარი დაჯდა. "ნუროლი" ანალოგიურ საინვესტიციო პროექტებს საემიროებში, ლიბიაში და ალჟირში ახორციელებს.
ნინო თამაზაშვილი
|