ნანახია: 559
"ენერგო-პრო ჯორჯია" მომავალ 3 წელიწადში გამრიცხველიანებაზე 150 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს"
უკვე 3 წელია, რაც საქართველოში ჩეხური კომპანია "ენერგო-პრო ეი-ეს"-ის შვილობილი კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" მოღვაწეობს. ის ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე მეტს მოიცავს. "ენერგო-პრო ჯორჯია" ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის დაახლოვებით 860 000 აბონენტს. მათ შორის, დაახლოებით, 820 ათას ოჯახსა და 40 ათას საწარმოსა და სახელმწიფო დაწესებულებას. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, ავთანდილ დვალიშვილს ვესაუბრეთ:
- ქართულ ენერგეტიკაში წარმოდგენილი კომპანიები ძირითადად რუსულ ფულთან ასოცირდებიან. სადაური კომპანიაა "ენერგო პრო ჯორჯია" და საიდან შემოდის კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციები? - "ენერგო პრო" ჩეხური კომპანიაა. ენერგეტიკულ ობიექტებს ფლობს ჩეხეთში, ბულგარეთში, თურქეთში, საქართველოში, სომხეთში. საქართველოში ის ახლა უკვე 15 ჰესს ფლობს და ელექტროენერგიის დისტრიბუციას თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ინვესტიციები შემოდის ჩეხეთიდან. საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობის ინვესტიციები შემოგვაქვს. იგი ხმარდება როგორც გენერაციას, ისე დისტრიბუციას.
- ვინ არიან მისი მფლობელები?
- მფლობელი ჩეხური კომპანია "ენერგო-პრო ეიესის" -ია.
- როდის შემოვიდა კომპანია საქართველოში და ვისგან შეიძინა უფლება, რომ ჩართულიყო საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ელექტროენერგიის განაწილების საქმეში?
- საქართველოში მუშაობა 2007 წლის ივლისში დავიწყეთ. "ენერგო-პრომ" სახელმწიფოს მიერ გამართულ ტენდერში გაიმარჯვა.
- რამდენი აბონენტი ჰყავს კომპანიას დღეისთვის?
- დღეისთვის 860 000 აბონენტი გვყავს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ მოვიცავით სრულიად საქართველო, გარდა კახეთისა და თბილისისა.
- როგორც ვიცით, "ენერგო-პრო ჯორჯია" ელექტროენერგიის განაწილების გარდა წარმოების საშუალებებსაც ფლობს. რა აქტივებს აკონტროლებს თქვენი კომპანია ამ კუთხით?
- როგორც უკვე აღვნიშნე, "ენერგო-პრო ჯორჯია" საქართველოში 15 ჰესის მფლობელია. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ დისტრიბუციის კუთხითაც, ანუ მოსახლეობას უზრუნველვყოფთ ელექტროენერგის 24 საათიანი მომარაგებით.
- თქვენ შეიძინეთ ორთაჭალჰესი, რომლის ისტორიაც განსაკუთრებით სკანდალური იყო. ძველი მფლობელის განცხადებით, ჰესი მას უკანონოდ ჩამოართვეს.
- ჩვენ ამ დავაში ვერ ჩავერევით. ჩვენ ვართ კერძო კომპანია, რომელმაც აღნიშნული ჰესი ტენდერის საშუალებით შეიძინა. ბუნებრივია, რომ ამ ჰესის შეძენის სურვილი გვქონდა, ამიტომაც, მივიღეთ ტენდერში მონაწილეობა და კანონის შესაბამისად გავიმარჯვეთ კიდეც. თუ რას აცხადებს მისი ძველი მფლობელი და რა დავა აქვს მას სახელმწიფოსთან, ჩვენი საქმე არ არის.
- ორთაჭალჰესი შეფასებული იყო 10-12 მილიონ ლარად, თქვენ კი ის 25 მილიონად შეიძინეთ. როგორ განმარტავდით ამ ფაქტს?
- არ ვიცი ვინ შეაფასა ის 10-12 მილიონად, მაგრამ "ენერგო-პროსთვის", ალბათ, მისაღები იყო ის ფასი, რაც მან გადაიხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. ეს არის ბიზნესი და მე გარწმუნებთ, რომ ხელმძღვანელები წამგებიან ნაბიჯს არ გადადგამდნენ.
- ანალიტიკოსები საქართველოში არსებულ ელექტროენერგიის ტარიფს საკამათოდ მიიჩნევენ. მათი თქმით, დენის ტარიფში მხოლოდ 25-30% არის წარმოების, გადაცემისა და დისტრიბუციის წილი. რაც შეეხება განაწილებას, რომელსაც თქვენი კომპანია ანხორციელებს, ტარიფში მისი წილი 65-70%-ია. იქნებ მკითხველს აუხსნათ, რატომ გვაქვს ტარიფის ასეთი, ერთი შეხედვით, არალოგიკური განაწილება? - ტარიფზე მე ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩვენ არაფერ შუაში ვართ. მას საქართველოში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ადგენს. ეს ტარიფი ჩვენი კომპანიის საქართველოში შემოსვლამდე უკვე დადგენილი იყო. ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვაპირებთ ტარიფის გაზრდის ან შემცირების მოთხოვნას.
- კომენტარს, ალბათ, ვერც გადახდის იმ პრინციპის სამართლიანობაზე გააკეთებთ, რაც დღეს საქართველოშია - ვინც მეტს მოიხმარს, მეტს იხდის.
- ვერც მაგაზე გავაკეთებ კომენტარს. თუ ენერგოკომპანია ამ ტარიფს ეთანხმება და შემოსვლის დროს ამ ტარიფით ხელმძღვანელობს, ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ასეთი მიდგომა გამართლებულია.
- რა რაოდენობის ინვესტიცია განახორციელა "ენერგო-პრო ჯორჯიამ" საქართველოში შემოსვლიდან დგემდე?
- ინვესტიციებს კომპანია შემოსვლის დღიდან აქტიურად ახორციელებს. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, როგორც სერვისის გაუმჯობესებით, ისე ვზრუნავთ იმაზეც, რომ რაც შეიძლება სრულყოფილი და მოქნილი მენეჯმენტი გვქონდეს. მხოლოდ დისტრიბუციაში "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 94 მილიონი ლარი ჩადო. აქ იგულისხმება როგორც ქსელის რეაბილიტაცია, ისე ინდივიდუალური გამრიცხველიანება და ა.შ. ყველამ კარგად იცის, თუ რა დღეში იყო საქართველოში ელექტროქსელი. ის იყო მოძველებული და ელექტროენერგია ქარის მცირედ ამოვარდნაზეც კი ითიშებოდა, რადგან სადენები წყდებოდა. ქსელის რეაბილიტაციას მოჰყვება სერვისის გაუმჯობესება. წელს ზამთარში უამინდობისა და სტიქიის გამო რამდენჯერმე გაითიშა ელექტროენერგია, მაგრამ თუ ადრე მსგავსი პრობლემების მოგვარებას 1 კვირა და ზოგჯერ მეტი დროც სჭირდებოდა, ახლა პრობლება ძალზე მცირე დროში გვარდება. "ენერგო-პრო ჯორჯიამ" დაიწყო ელექტროქსელის მასშტაბური რეაბილიტაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ იცვლება ყველაფერი: მოძველებული ბოძები, სადენები, კაბელები, ტრანსფორმატორები და ა.შ. ავაშენეთ ახალი ქვესადგურები. განვაახლეთ ძველებიც, რომლებიც აღარ ფუნქციონირებდნენ. მათ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდათ. პარალელურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ჯერ კიდევ ბევრი აბონენტია იძულებული კომუნალური მრიცხველი მოიხმაროს. ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენ მსხვილი ქალაქებიდან და ქალაქის ტიპის დასახლებებიდან დავიწყეთ და ახლა უკვე სოფლებზეც გადავედით. რამდენიმე სოფელში გამრიცხველიანება უკვე დაწყებულია, რამდენიმეში დაწყება კი უახლოეს მომავალში იგეგმება. ამ დროისთვის ჩვენ დაახლოებით 360 000 აბონენტი გვყავს ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული, 1 წელიწადში მათი რიცხვი 180 000-ით გაიზრდება. ეს პროცესი მთლიანად კი 2013 წელს დასრულდება. გამრიცხველიანებაში მხოლოდ ახალი მრიცხველის დაყენება არ იგულისხმება, რადგან ძველ ქსელს ახალ მრიცხველს ვერ მივუერთებთ. იცვლება პირველ რიგში ქსელი და შემდგომ - მრიცხველი.
- გამრიცხველიანების გარდა, რა შედის კომპანიის უახლოეს გეგმებში?
- გამრიცხველიანების გარდა, ჩვენ ვატარებთ ჰესების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ სამუშაოებს ხალხი ვერ ხედავს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ის მეტად შრომატევადი და მძიმეა. ძალიან ბევრი ტექნიკური სამუშაო სრულდება, რომლებიც პირველ რიგში დროს მოითხოვს. "ენერგო-პრო" მხოლოდ გამრიცხველიანებაზე მომავალ 3 წელიწადში 150 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ჩვენ მომხმარებელს ელექტროენერგიის საფასურის გადახდის გამარტივებულ ფორმასაც ვთავაზობთ. გარდა ჩვენი სერვის ცენტრებისა, მომხმარებელს საფასურის გადახდა "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ფილიალში, ან სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებითაც შეუძლია. ის, რომ აბონენტს საფასურის გადასახდელად სოფლიდან რაიონულ ცენტრში ჩასვლა და რიგში დგომა არ უწევს, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია. ესაუბრა თაკო მათეშვილი
|