ნანახია: 531
"ეს გაიაფება კი არა, უფრო გაძვირება იყო, რადგან 300 დასახელების მედიკამენტი გაიაფდა და 400 გაძვირდა"
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" (აფბა), გასულ კვირას საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ფარგლებში, საზოგადოებას ბაზარზე დაკვირვების პირველადი შედეგები წარუდგინა. ასოციაციამ კვლევის ამ ეტაპზე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სუსტ სისტემასა და ბოლო პერიოდში, მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ გამოცხადებული, ერთდროულად 500-მდე მედიკამენტის გაიაფების ფაქტზე. აფბას პოზიციით, საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სუსტი სისტემაა.
2002 წლის 3 მაისს ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების სერიული კონტროლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქვეყანაში სავალდებულო სერიულ კონტროლს დაექვემდებარა: ა) სუბსტანციები; ბ) ნარკოტიკული და სანარკოზე საშუალებები; გ) ვაქცინები და შრატები; დ) სისხლის პრეპარატები, სისხლის შემცვლელები და ხსნარები კონსერვაციისთვის; ე) ანტიბიოტიკები; ვ) საინფუზიო გადასასხმელი ხსნარები; ზ) საინექციო სამკურნალო საშუალებები; თ) თვალის წვეთები; ი) პედიატრიული წამლები.
ამ გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით ერთ თვეში მასში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც ე; ვ; ზ; თ და ი ქვეპუნქტებში შემავალი წამლების სერიული წარმოება კონტროლს აღარ ექვემდებარება (ჯანდაცვის მინისტრის 2002 წლის #141/ნ ბრძანება). ფართო მოხმარების წამლებზე, სერიული კონტროლის გაუქმების მიუხედავად, საქართველოში კანონით სავალდებულოა წამლების შერჩევითი კონტროლი, რომელიც დღეისათვის საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე პასუხისმგებელ ერთადერთ ორგანოს "სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს" ევალება.
2005 წელს წამლის სააგენტომ სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის მიზნით შეისწავლა 464 მედიკამენტი. საიდანაც არარეგისტრირებული და გაურკვეველი წარმოშობის აღმოჩნდა - 149 დასახელება (32%), ხოლო წუნდებული და ფალსიფიცირებული - 26 დასახელება (6%). ანუ შესწავლილი მედიკამენტების 38% ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს. 2007 და 2008 წლებში წამლის სააგენტომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ კონტრაქტი გაუფორმა ფარმაცევტულ ლაბორატორია "ჯეოლაბს". ლაბორატორიამ 2007 წელს 236 მედიკამენტი გამოიკვლია, საიდანაც 39 დასახელების მედიკამენტი (17%) უვარგისი აღმოჩნდა. ამასთან "ჯეოლაბმა" შეამოწმა 97 სარეგისტრაციო ნიმუში, საიდანაც 12-ის ანალიზის მეთოდები უვარგისი იყო, 43 კი ე.წ. რისკის ჯგუფს წარმოადგენდა. 2008 წელს "ჯეოლაბმა" გამოიკვლია 47 სარეგისტრაციო ნიმუში და 39 მედიკამენტი. აღმოჩნდა, რომ 39 მედიკამენტიდან უვარგისი არცერთი არ იყო, ხოლო 47 სარეგისტრაციო ნიმუშიდან 3 უვარგისი, ხოლო 7-ის ვარგისიანობა არ დასტურდებოდა. 2009 წლის და 2010 წლის განვლილი პერიოდის მონაცემები ჯერ-ჯერობით ხელმიუწვდომელია.
აფბა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როცა სააგენტო მხოლოდ ერთი ლაბორატორიის მონაცემებს ეყრდნობა და არ არსებობს შედარებითი ანალიზის საშუალება, ბაზარზე მიმოქცევადი 6000-ზე მეტი დასახელების მედიკამენტიდან "რისკის ჯგუფში" მათი 1%-ზე ნაკლების მოხვედრა, ბაზარზე არსებულ რეალურ სურათს ვერ წარმოაჩენს. ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით: "ყოველწლიურად საქართველოში წამლის ხარისხის შესამოწმებლად დაახლოებით 80-90 ათასი ლარი გამოიყოფა, რაც მიზერული თანხაა იმ სამუშაოს ჩასატარებლად, რაც ყოველწლიურად ამ ბაზრის მონიტორინგის მიზნით უნდა ხდებოდეს. დღეისათვის სახელმწიფო ვერ ახერხებს ფარმაცევტულ ბაზარზე ხარისხის სრულფასოვან კონტროლს და მომხმარებელი პრაქტიკულად დაუცველი რჩება. მომხმარებელი იძულებულია ბრმად ენდოს ბაზრის ფიგურანტთა კეთილსინდისიერებას.
ამასთან აღსანიშნავია, რომ 2009 წლის ოქტომბერში, წამლის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, საქართველოში უხარისხო და ფალსიფიცირებული მედიკამენტების შემოსვლის შანსი კიდევ უფრო გაიზარდა. შესაძლებელია, ამ ცვლილებამ ბაზარზე ფასების შემცირება გამოიწვიოს, მაგრამ ეს მედიკამენტების ხარისხის გაუარესების ხარჯზე მოხდება".
მეორე საკითხი, რომელზეც ასოციაციის წევრებმა პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილეს აპრილის შუა რიცხვებში კომპანიების მხრიდან დეკლალირებული 500-მდე მედიკამენტის გაიაფება იყო. აფბას ინფორმაციით, სიტუაცია არც თუ ისე სასიხარულოა, როგორც ეს ერთი შეხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა წარმოაჩინეს. რეალურად 2010 წლის 24 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში, გაიაფების პროცესი 293 დასახელების პრეპარატს შეეხო. იმავდროულად, 8 აპრილიდან 15 აპრილამდე პერიოდში გაძვირდა 392 დასახელების პრეპარატი. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციამ აფბამ, საკუთარი ძალებით, პრაქტიკოს ფარმაცევტთა გამოკითხვის გზით, შეადგინა ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების 30 დასახელებიანი ჯგუფი. აღმოჩნდა, რომ ამ 30 ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტიდან გაიაფდა მხოლოდ 3, ხოლო გაძვირდა 11 მათგანი, დანარჩენ 16 დასახელების მედიკამენტს გაიაფების პროცესი არ შეხებია.
ამასთან, აფბამ შეისწავლა "სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს" ოფიციალური ინფორმაციით (2009 წლის 6 თვის მონაცემები, სამწუხაროდ, უფრო ახალ ინფორმაციას სააგენტო არ აქვეყნებს): საქართველოში იმპორტირებული ყველაზე ძვირადღირებული და იმავდროულად ფართო მოხმარების მედიკამენტების პირველი ოცეული. აღმოჩნდა, რომ გაიაფდა 3 წამალი, გაძვირდა 7, ხოლო დანარჩენ 10-ს ეს ცვლილებები არ შეხებიათ. ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, მათ ყველა ფარმაცევტულ კომპანიას მიმართეს თხოვნით, მიეწოდებინათ მათ ქსელში ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატების ჩამონათვალი. კომპანია GPC-დან ასეთად 17 მედიკამენტი დასახელდა, აღმოჩნდა, რომ გაიაფება არც ერთს არ შეხებია, ხოლო ერთი პრეპარატი, კერძოდ "დიპროსპანი" პირიქით, 6%-ით გაძვირდა.
"ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზი ნათლად ადასტურებს აპრილში ფარმაცევტების მიერ გაკეთებულ განცხადების არარეალურობას, რომ მათ ერთდროულად 500 დასახელების მედიკამენტი გააიაფეს. ჩემი აზრით, ეს გაიაფება კი არა, უფრო გაძვირება იყო, რადგან 300 დასახელების მედიკამენტი გაიაფდა და 400 გაძვირდა. ჩვენი შეფასებით ამის შესახებ კომპანიებმა, სულ მინიმუმ, საზოგადოების ინფორმირებულობა მაინც უნდა მოახდინონ, რომ მოსახლეობა გაურკვევლობაში არ აღმოჩნდეს. ადამიანებს ეგონათ, რომ წამალი გაიაფდა, აფთიაქებში კი პირიქით, გაძვირებული პრეპარატები დახვდათ", - აღნიშნა ფარმაცევტული ბაზრის კვლევის კოორდინატორმა შოთა ბუჩუკურმა. ახალგაზრდა ფინანსისტებმა საზოგადოებას წარუდგინეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც რეგიონში საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ყველაზე ნაკლებად ქართული სახელმწიფო ზრუნავს.
აფბას ინფორმაციით, საქართველოში კერძო სექტორის (მომხმარებლების, ფიზიკური პირების) დანახარჯი ჯანდაცვაზე, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებთან მიმართებაში 78,5%-ია. ანუ, საქართველოს თითოეული მოქალაქე მკურნალობის ხარჯებს საშუალოდ 4/5-ით საკუთარი ჯიბიდან აფინანსებს, რაც მიუთითებს ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაბალ განვითარებაზე. ამ კუთხით მსოფლიო რეიტინგში მე8-ე ადგილს ვიკავებთ და წინ "გვისწრებენ" შემდეგი ქვეყნები, როგორიცაა ბურუნდი - 91,4%; მიანმა - 86,9%; გვინეა - 85,9%; პაკისტანი - 83,6%; ლაოსი - 81,4% და ა.შ. საქართველოზე უკეთესი რეიტინგი აქვთ მეზობელ ქვეყნებსაც, აზერბაიჯანი - მე-15-ე პოზიცია (73,9); სომხეთი - 33 პოზიცია (58,8%); თურქეთი -118 პოზიცია (27,5%); რუსეთი - 87-ე პოზიცია (36,8%). ამ რეიტინგში სულ 166 ქვეყანაა შესული და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ჯანდაცვაზე კერძო სექტორის დანახარჯისა, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებთან მიმართებაში 42,4%-ს შეადგენს.
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში ადასტურებენ, რომ ევროპულ სტანდარტთან შედარებით, საქართველოში ჯანდაცვაზე ნაკლები თანხა იხარჯება. კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის განცხადებით, ევროსტანდარტით ჯანდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5% უნდა იხარჯებოდეს, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1,7%-ია. თუმცა, თოიძის მტკიცებით, ქვეყნის ბიუჯეტში ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურეობაზე გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. მისი განმარტებით, თუკი 5 წლის წინ ამ მიმართულებით ქვეყანა 50 მილიონს ხარჯავდა, დღეს ეს თანხა 350 მილიონამდეა გაზრდილი.
ასოციაცია აგრძელებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევას და მის შედეგებს საზოგადოებას პერიოდულად გააცნობენ. ასოციაციის წევრების განცხადებით, აფბა მომავალში ისეთი მიმართულებებს დაუთმობს ყურადღებას, როგორიცაა: ქართული ფარმაცევტული ბაზრის სტრუქტურა; ბაზარზე ახალი პრეპარატების და/ან ახალი დასახელებით პრეპარატების რეგისტრაციის პრაქტიკა; იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების პრეპარატების ხარისხის შესაბამისობის საკითხი; ფასწარმოქმნის პრაქტიკა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე და არსებული ტენდენციები; ფარმაცევტული საქონლის იმპორტის და ექსპორტის სტრუქტურა; მედიკამენტების წარმოების ადგილობრივი ბაზარი; ფარმაცევტული კომპანიების და კლინიკებისა და სამედიცინო პერსონალის ურთიერთობის საკითხი; ფარმაცევტული კომპანიებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობის საკითხი.
ნანა კალანდაძე
|