ნანახია: 762
ჰაიდელბერგცემენტის წევრი კომპანიამ "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ" გლდანში ბეტონის ახალი ქარხანა გახსნა. ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის წარმომადგენლობა გერმანიიდან სპეციალურად ქარხნის გახსნასთან დაკავშირებით ჩამოვიდა. ქარხანა ოფიციალურად გახსნეს ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეას კანმა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის მაოდგილემ ზურაბ ალავიძემ. საწარმოს გახსნის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ გერმანიის საელჩოს, საქართველოს მთავრობისა და მერიის წარმომადგენლებიც. გერმანული კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან შემოვიდა და შპს ქართული ცემენტის აქციების 51 პროცენტიც მალევე შეიძინა, ბოლოს საკუთარი წილი 67 პროცენტამდე გაზარდა. ამჟამად, კომპანია საქართველოში 3 ცემენტის და 2 ბეტონის ქარხანას მართავს. ჰაიდელბერგცემენტის მთლიანი ინვესტიციის მოცულობა საქართველოში 350 მილიონ ლარზე მეტია, აქედან 4 მილიონი ევრო ბეტონიეს ბიზნესზე მოდის. როგორც ჰაიდელბერგის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი ქარხნის აშენება ფონიჭალაში წარმატებულად მოქმედმა ბეტონიეს ქარხანამ გადააწყვეტინათ. "საქართველო მნიშვნელოვანი რეგიონია და ამიტომაც გადავწყვიტეთ ახალი ბეტონიეს ქარხნის აშენება. საწარმოში დაცულია ევროპული სტანდარტები, დამონტაჟებულია სპეციალური ფილტრები, რითაც გარემოს დაბინძურება მინიმუმამდეა დაყვანილი,"_ აცხადებს ჰაიდელბერგცემენტის გენერალური დირექტორი მაინ ჰართ თრული. კომპანიაში 10 ბეტონმზიდი და 2 მობილური ბეტონტუმბოა. მათი საშუალებით ბეტონიეს ობიექტამდე მიტანა ხდება. კლიენტებს ემსახურება სპეციალურად აღჭურვილი მობილური ლაბორატორია, სადაც დეტალურად მოწმდება პროდუქციის ხარისხი. "ქარხანაში 2 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო. რადგან ბეტონი ლოკალური პროდუქტია, ჩვენ პროდუქციით ძირითადად თბილისს და მის შემოგარენს ვამარაგებთ. ეკონომიკური კრიზისის შემდეგ სამშენებლო ბიზნესი გამოცოცხლდა, რასაც ჩვენი წარმოებიდანაც ვგრძნობთ, ვცდილობთ სამშენებლო სექტორი ჩვენი პროდუქციის მოვამარაგოთ,"– აღნიშნავს გლდანის ბეტონის ქარხნის მენეჯერი დავით ჯუღაშვილი. კომპანია ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას მომავალშიც გეგმავს. ამჟამად, ბეტონიეს ქარხანაში 40 კაცია დასაქმებული და მათი მინიმალური ანაზღაურება 500 ლარიდან იწყება. "ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და გევრდში დავუდგებით მათ,"_ განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ ალავიძემ.
|