ნანახია: 832
რუსეთი მზადაა ქართულ პროდუქციაზე დროებით შეღავათიანი რეჟიმი დაუშვას. ამისთვის კი საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერთიფიცირების წესის შემუშავებას ითხოვს. ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იუწყება. რუსული მხარის განცხადებით, გასული წლის ბოლოს ქართულმა მხარემ მათ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვების თხოვნით მიმართა. ამიტომ აუცილებელია უმოკლეს დროში სერთიფიცირების წესების ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკება დაიწყოს. ამ განცხადებას წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე შეიძლება დაბრუნდეს. პირველი ივლისიდან რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის ერთიანი საბაჟო კავშირი ამოქმედდება. ეს კი ნიშნავს, რომ ქართული ღვინის და "ბორჯომის" შესვლა რუსეთში ბელორუსიდან და ყაზახეთიდან შესაძლებელი გახდება. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ რუსეთის ზეწოლით ბელორუსმა და ყაზახეთმა ერთიანი საბაჟო კავშირის ამოქმედების შემდეგ ქართული პროდუქციის იმპორტი აკრძალოს. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია ცნობილია და ჯერ-ჯერობით უცნობია, შეიცვლება თუ არა მისი პოზიცია. დავით ბაქრაძის განცხადებით, სახელმწიფო, რომელიც არ ცნობს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ საზღვრებს და ხელოვნურად აწესებს ცალმხრივ ემბარგოებს, ვერ შეასრულებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებს. მისივე თქმით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში მთავრობის წევრებთან მომავალ კვირაში შეხვედრა გაიმართება. მანმადე კი ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ქართველი ეკონომიკის ექსპერტები სხვადასხვა შეფასებებს აკეთებენ. "ქართული ღვინის და "ბორჯომის" რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხი რეალურად არსებობს, როგორც ამბობენ, იმედი ბოლოს კვდება. რუსეთი ემბარგოსგან ვერანაირ მოგებას ვეღარ ხედავს, პოლიტიკური ძალა მან სულ სხვა ჭრილში გადაიტანა და საქართველოზე გამარჯვებას მიაღწია, ამიტომ საკუთარი თავის დასჯა იმით, რომ "ბორჯომს" არ სვამს და ხარისხიან ქართულ ღვინოს, ნამდვილად აღარ აქვს გამართლება. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ქართული ხელისუფლების როლი და ფუნქცია ამ საკითხში ნოლის ტოლია. მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული, ასეთი ექსპორტი შედგება თუ არა. საზღვარგარეთ რუსეთზე რაიმე ტიპის ზეწოლა ამ საკითხთან დაკავშირებით არავის მოუხდენია. თუ რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არ არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია იმდენად, რომ მას არად უღირს საქართველოს მიმართ დაწესებული ემბარგო და როგორც სჩანს, ეს უკვე ასეა, ამიტომ აღარ გახდის ამ საკითხს განსჯადს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. მარტივად მოახდენს ქართული საქონლის შეტანას რუსულ ბაზარზე", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ვლადიმერ სალამატოვის თქმით, 1 ივლისის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ცალკეულ პროდუქციის ბრუნვაზე აკრძალვის რეჟიმის შემოღების პირობები შეიცვლება. ამის შემდეგ ვითარებას სანიტარული ზედამხედველობის სამსახური ვეღარ გააკონტროლებს. გამონაკლისი მხოლოდ იმ პროდუქციაზე დაიშვება, რომელიც მოსახლეობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ექსპერტ დემურ გიორხელიძის აზრით "ქართული ღვინის და "ბორჯომის" რუსულ ბაზარზე დაბრუნება საკმაოდ რეალურია, რადგან ეს ცუდი ურთიერთობები რაღაცით უნდა დაიწყოს და გამოსწორდეს. ახლა ბოლო სტადიაა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების, პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო თანახმაა. რუსეთისთვის ორი-სამი დეტალი დარჩა მოსაგვარებელი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება ავტომატურად ქმნის იმის პირობებს, რომ ემბარგო მოიხსნას, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთს ასეთი ურთიერთობებით ვერ დაელაპარაკებიან, რადგან ამას ის ხელშეკრულებები კრძალავს, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. არის სიტუაციები, რომელსაც სწორად სჭირდება გააზრება. ქართული ღვინო და "ბორჯომი", რა თქმა უნდა, დაბრუნდება რუსულ ბაზარზე და ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს. ქართული პროდუქცია, სადაც შეიძლება, ყველგან უნდა შევიდეს. ამას ელემენტარული პრაგმატული მოსაზრებები და საღი აზრი გვკარნახობს. ყველა მწარმოებელს საშუალება უნდა მიეცეს, რომ ის ნიშა დაიკავოს, რომლის დაკავების საშუალებაც მას აქვს. ის, რომ რუსეთის ბაზარი ძალიან დიდია და იქ შეიძლება ადგილების ხელახლა დაბრუნება მოგვიწიოს, ეს ცხადია. დასაწყისში ჩვენი პროდუქტის გაყიდვა არ იქნება ისეთი მასშტაბის, როგორიც იყო, რადგან რუსეთის ბაზარი უკვე სხვანაირია და ჩვენი ეკონომიკაც შეიცვალა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი დიდი ბაზრის დაკავებას აზრი აქვს, რადგან ეს აუცილებელია". თეორიულად რუსეთის ბაზარზე საბაჟო კავშირის ფარგლებში ქართული ღვინისა და "ბორჯომის" აკრძალვა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ბელორუსისა და ყაზახეთის თანხმობა გახდება აუცილებელი. ბელორუსსა და ყაზახეთში ქართულ პროდუქციაზე მსგავსი შეზღუდვები არ დაწესებულა, ამ ქვეყნებში ქართული პროდუქცია თავისუფლად იყიდება. რუსეთმა, შესაძლოა, ქართული ღვინის შეტანა დაბლოკოს, თუ იგი საზღვაო ტრანსპორტით განხორციელდება. თუმცა, თუ პროდუქცია ბელორუსში განბაჟდება, მისი დაბლოკვა შეუძლებელი იქნება. გაზეთ "ბ&ფ"-სთან საუბრისას ექსპერტი ნოდარ ხადური აცხადებს: "მე ვფიქრობ, რუსეთი ამ ყველაფერს ჯერ კიდევ სავაჭროდ გამოიყენებს, გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამიტომ საუბარი, რომ რუსეთი ადვილად მოხსნის ემბარგოს, ასე მარტივად არაა. რაც შეეხება იმას, რომ ქართული ღვინო დაიკავებს თუ არა კუთვნილ ადგილს რუსულ ბაზარზე, ეს რთული იქნება და ორ-სამ დღეში არ მოხერხდება, რადგან ის ადგილები უკვე შევსებულია. თუმცა რუსეთში არიან ადამიანები, ვისაც ქართული ღვინო და "ბორჯომი" ახსოვს. ამას გარკვეული პერიოდი, სერიოზული რეკლამა და მარკეტინგული სამუშაოების ჩატარება დასჭირდება. ქართული პროდუქცია, თავისთავად ცხადია, რომ ადრე თუ გვიან რუსულ ბაზარზე აუცილებლად დაბრუნდება, მაგრამ ამას შეიძლება რამდენიმე თვე ან რამდენიმე წელი დასჭირდეს. ის არგუმენტი, რომ რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი საბაჟო კავშირს ქმნიან და ამ ქვეყნებიდან ქართული პროდუქტი აუცილებლად შევა რუსულ ბაზარზე, შეიძლება პირიქითაც მოხდეს და რუსეთის მოთხოვნით ბელორუსმა და ყაზახეთმაც ქართული პროდუქტის შეტანა აკრძალონ". რამდენად რეალურია, რომ ყაზახეთმა და ბელორუსმა ქართული პროდუქციის რუსეთში შესვლას ხელი შეუშალონ? სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამის პროგნოზირება უჭირთ. ამასთან, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ბაზრის გახსნა დადებითი ფაქტორია. თუმცა, ეს ბაზარი ქართული ღვინის კომპანიებისთვის კიდევ ერთი დამატებითი ბაზარი იქნება და არა უმთავრესი.
ადა ექიზაშვილი
|