ჯარიმას კანონი განსაზღვრავს და არა საშემოსავლო სამსახური » ბანკები და ფინანსები

ჯარიმას კანონი განსაზღვრავს და არა საშემოსავლო სამსახური

მთავარიბიზნესი 19.03.2010

"როდესაც მეწარმე თავიდანვე იტყუება და ჩვენ ამ ტყუილს აღმოვუჩენთ, ის უკვე ძვირი უჯდება და, რა თქმა უნდა, მას დიდი რაოდენობის ჯარიმა ერიცხება, რაც შემოსავლების სამსახურის კი არა, მისივე ბრალია" - გიორგი ცხაკაია


შემოსავლების სამსახურის მიმართ საზოგადოებას უარყოფითი დამოკიდებულება თანდათან ძლიერდება, ეს უკვე აღარავისთვისაა უცხო. ეს დაკავშირებულია ბოლო თვეების განმავლობაში, უსამართლოდ თუ სამართლიანად, დალუქულ ბიზნესკომპანიებთან, რომელთა რიცხვმაც, როგორც ამბობენ, მხოლოდ თბილისში, ათასს გადააჭარბა. აქვე დავსძენ, რომ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მათ მიერ შემოწმებულ კომპანიათა 95-96% გადასახადებს მალავს და მათ გამოვლენას რისკების მართვის სისტემას უკავშირებენ. საინტერესოა, თუ რას წარმოადგენს რისკების მართვის სისტემა, რომლის საშუალებითაც საგადასახადო ინსპექტორებმა ზუსტად იციან, თუ რომელი ბიზნესკომპანიაა უფრო მეტი რისკის მატარებელი და უნდა შეამოწმონ და ამ შემოწმების პერიოდსაც თავისი ვადები აქვს. პრეზიდენტის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის ბრძანების გარეშე, ბიზნესობიექტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმებას ექვემდებარება, ორ დღეზე მეტი დროით არ უნდა დაიხუროს. თუმცა ჩვენს რეალობაში უამრავი ფაქტია, როდესაც ბიზნესი არა ორი დღით, არამედ გაცილებით უფრო მეტი დროით იხურება. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტები საუბრობენ, რომ კანონი იმგვარადაა შედგენილი, მეწარმეს საკუთარი ინტერესების დაცვა ძალიან უჭირს, სამაგიეროდ, სახელმწიფოს მომგებიან პოზიციაში აყენებს. რამდენად შეესაბამება ყოველი ეს საზოგადოების მიერ შემოსავლების სამსახურის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, `ბ&ფ~ შემოსავლების სამსახურის უფროსს გიორგი ცხაკაიას ესაუბრა.

- ბ-ნო გიორგი, ბოლო თვეების განმავლობაში, მხოლოდ თბილისში, შემოსავლების სამსახურის მიერ დალუქული ობიექტების რიცხვმა ათასს გადააჭარბა...
- ეს ციფრი საიდან მოიპოვეთ, ძალიან მაინტერესებს. რატომ ამბობთ ათასს და არა მილიონს?
- აღნიშნული ციფრი, ბოლო დღეების განმავლობაში, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა. იქნებ დაგვიზუსტოთ,D რეალურად რა რაოდენობის ბიზნესობიექტი დაილუქა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
- მანახეთ სადაა ათასი ობიექტი დალუქული, ან ის, რომ დღეში ასი ობიექტი იხურება. ალბათ, ამ ინფორმაციის გამავრცელებელ ჟურნალისტებს მათემატიკაში ორიანი ჰყავდათ. დღეში ასი, თვეში 3 ათასი და წელიწადში 36 ათასი? თვლა უნდა შეეძლოს ამ ინფორმაციის გამავრცელებელს. ეს არარეალური ციფრია და მათ შორის თქვენც იმეორებთ რაღაც მცდარ ინფორმაციას. გესმით თქვენ რამდენია ათასი დალუქული ობიექტი? დღეს რომ ამ რაოდენობის ობიექტი იყოს დალუქული, წარმოგიდგენიათ რამდენად თვალშისაცემი იქნებოდა?
- ბ-ნო გიორგი, მე ხომ არ მითქვამს, რომ ეს ათასი ბიზნესობიექტი კონკრეტულად დღესაა დალუქული? ამ ობიექტების დალუქვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პერმანენტულად მიმდინარეობს.
- ბოლო თვეების განმავლობაშიც კი ათასი ობიექტის დალუქვა არარეალურია, ბოლო წლების განმავლობაში არ დალუქულა ათასი ობიექტი, არათუ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
- მაშინ მითხარით, ბოლო თვეების განმავლობაში შემოსავლების სამსახურის მიერ რა რაოდენობის ობიექტი დაილუქა.
- კონკრეტულად რამდენი ობიექტი დაილუქა არ ვიცი, მაგრამ თქვენ ამასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაქვთ და შევეცდები უფრო შორიდან დავიწყო. დალუქვა ძალიან ცუდი სიტყვაა და არ არის სწორი, ამ სიტყვას არც უნდა ვიყენებდეთ, რადგან ეს არის კონტროლის პროცედურა. ეს პროცედურები ადრეც მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, სამომავლოდაც მსგავსი ტიპის კონტროლი განხორციელდება. ჩნდება კითხვა, რატომ გახდა ეს საკითხი ახლა უფრო აქტუალური, ვიდრე ეს ადრე იყო. ამასაც გეტყვით: იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ ჩვენი რესურსი არ დაგვეხარჯა უფრო ნაკლებად ეფექტურად. რას გულისხმობს ეს. თქვენ როდესაც მაგიურ ციფრზე, ათასზე, საუბრობთ, შეუძლებელია ათასი ობიექტის შემოწმება ასე მარტივად, რადგან ამხელა რესურსი არ არსებობს და იმდენად, რამდენადაც შემოსავლების სამსახურს აქვს კონტროლის გარკვეული რესურსი, მისი ძირითადი ამოცანაა აღმოაჩინოს კანონის კონკრეტული დამრღვევები. რას გულისხმობს კანონდარღვევა? გულისხმობს იმას, იმ ადამიანთა და საწარმოთა წრეს, რომლებიც უმალავენ ბიუჯეტს გადასახადს, იმ ბიუჯეტს, რომელიც აფინანსებს უამრავ პროექტს, დაწყებული სოციალურიდან გაგრძელებული უამრავ ეკონომიკური თუ თავდაცვითი ღონისძიებებით. ჩვენ შევქმენით რისკების მართვის სისტემა.
- ბ-ნო გიორგი, მინდა დაწვრილებით აგვიხსნათ სწორედ ეს საკითხი, რადგან მართლაც საინტერესოა, რისკების მართვის სისტემით, შემოსავლების სამსახური ზუსტად როგორ ხვდება რომელი ბიზნესკომპანია უნდა შეამოწმოს.
- დაწვრილებით გეტყვით აუცილებლად. რისკების მართვის სისტემა გულისხმობს, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელსაც ყოველთვიურად ვღებულობთ. ერთის მხრივ, თვითონ გადამხდელებისგან და მეორეს მხრივ, ჩვენი დისლოკაციებით, ჩვენი ინფორმაციით და შერჩევით. ბაზა ამ ინფორმაციისა გვაძლევს საშუალებას თვალნათლივ დავინახოთ იმ საწარმოთა წრე, რომელსაც აქვს დიდი რისკი. რას გულისხმობს დიდი რისკი. მაგალითად არის საწარმო, ავიღოთ ერთ-ერთი დიდი რესტორანი, რომელიც იცით თქვენც, მეც და როდესაც საბუთებს ვამოწმებთ, ჩანს რომ დასაქმებული ჰყავს ერთი ადამიანი, როდესაც ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ აქ მუშაობს რამდენიმე ათეული ადამიანი. იგი აჩვენებს, რომ ამ ერთ ადამიანს ხელფასს უხდის ას ლარს. აქედან გამომდინარე, ეს უკვე გვაძლევს ეჭვის საფუძველს. გარდა ამისა, არის კიდევ ძალიან ბევრი კომპონენტი, მათ შორის, თუ ადამიანი დაჯარიმებულია საკონტროლო-სალარო აპარატის არ გამოყენებისთვის, ეს ჩვენს საინფორმაციო ბაზაში თვალნათლივ ჩანს. ასევე აქვს მას როგორც ბუღალტრული, ასევე დეკლარაციებთან დაკავშირებული დარღვევები, მას აქვს ზედნადების გარეშე შეძენილი და გაყიდული საქონელი, და ეს ყველაფერი თუ დასტურდება ინფორმაციულად, ჩვენ ვხვდებით, რომ არსებობს რისკი. რისკიც როგორ გრადირდება? ავიღოთ ასბალიანი სისტემა, მაგალითად ერთი კომპანიის რისკი არის 97%, მეორე კომპანიისა კი 40%. რა თქმა უნდა, 40% უფრო დაბალი ალბათობაა იმისი, რომ დარღვევა არსებობს, 97% უფრო მაღალი. შესაბამისად, ჩვენ მივდივართ მაღალი რისკის მატარებელ ობიექტთან. ზუსტად მაგიტომ, რომ ჩვენ ადრე, მაგალითისთვის, თუ ავიღებთ, რომ ასი შემოწმებულიდან 50 კომპანიას დაერიცხა ჯარიმა და შემდეგ გვლანძღავდნენ, ეს კომპანიები ამოვარდნენ სიიდან. ახლა კი არის განსხვავებული სიტუაცია, რადგან ჩვენმა რისკმა რეალურად გაამართლა და ჩვენს მიერ შემოწმებული კომპანიების 95%-ში დავინახეთ, რომ სერიოზული პრობლემებია. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ჩვენზე უკვე ნაწყენია 95% იმ ადამიანებისა, რომელთან შეხებაც მოგვიწია. ჩვენი სამსახური ისეთი სამსახურია, რომ შეუძლებელია ვინმე ბედნიერი იყოს ჩვენი შემოწმებით. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც გვთხოვენ, რომ შევამოწმოთ მათი კომპანიები.
- რომელმა კომპანიებმა გთხოვეს შემოწმება?
- ეს არის საიდუმლო, რომელზეც ვერანაირად ვერ ვისაუბრებ. მაგრამ იმ ბიზნესმენთა ქმედებას, რომლებსაც კომპანიებში დარღვევები აქვთ და ბიუჯეტს გადასახადებს უმალავენ, მინდა შევხედოთ სხვა კუთხით, რადგან მათმა ქმედებამ ბიუჯეტს მოაკლო შემოსავალი. რაც გულისხმობს იმას, რომ ის რაღაც კარგი, რომელიც უნდა გაკეთდეს დღეს, ხვალ ჩემთვის, თქვენთვის და ჩვენი შვილებისთვის გვაკლდება. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ კარგი სერვისი შევიმუშაოთ, შემოსავლების სამსახურის სტატუსის შეცვლაც სწორედ ამას ემსახურება და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი სერვისით კმაყოფილები იყვნენ გადამხდელთა უმეტესობა, რომ მათ, ასე ვთქვათ, თავი შევაყვაროთ, მაგრამ კანონდამრღვევებს, რომლებიც გადასახადებს უმალავენ ბიუჯეტს, არასოდეს არ ვეყვარებით.
დავუბრუნდები ისევ დალუქვას და თუ რას გულისხმობს საერთო ჯამში დალუქვა. იგი ნიშნავს კონტროლს, რომელიც გულისხმობს შემდეგს, ესაა ინვენტარიზაციის პროცესი. რატომ ტარდება ინვენტარიზაცია, მოდით, ამის ეკონომიკური შინაარსი გავიგოთ. მაგალითისთვის, ყოველგვარი საბუთის გარეშე თქვენ შეიძინეთ ათი ყუთი სიგარეტი, ჩავთვალოთ 5 ათასი ლარის საქონელი, რომელიც ასევე უსაბუთოდ გაყიდეთ, რომელმაც კიდევ უსაბუთოდ გაყიდა და ა. შ. ეს გულისხმობს, რომ ამისგან ორი პიროვნების გარდა სარგებელი არავის მიუღია და ყველანაირი გადასახადი დაიკარგა. ეს არღვევს მთელ ჯაჭვს, რადგან მესამე გადამხდელი პატიოსანი რომ იყოს, მას არ შეუძლია საბუთი მიიღოს და ხარჯში გაატაროს. ეს არის ერთ-ერთი ძალიან ცუდი ფაქტორი, რაც არაკონკურენტულ გარემოში აყენებს კეთილსინდისიერ გადამხდელს. ჩვენი შემოწმების მიზანს წარმოადგენს სწორედ ის, რომ ადგილზე შევამოწმოთ მატერიალური ფასეულობები, რამდენად შეესაბამება რეალობას. ანუ ხარჯის დოკუმენტები რამდენად არსებობს და რამდენად ბეგრავს ამ პროდუქციას. შევდივართ, ვითხოვთ ნაშთს, ჩვენ ვიწყებთ აღწერის პროცედურას. თვითონ კომპანიის დირექტორი თავისი წარმომადგენლებისგან ქმნის საინვეტარიზაციო კომისიას და ჩვენი თანამშრომლები აღწერის პროცესს ესწრებიან. აღწერის შემდეგ, მათივე საინვეტარიზაციო კომისიის მიერ აღწერილ პროდუქციას ვადარებთ მანამდე გადმოცემულ ნაშთს. ამის საშუალებით აღმოვაჩენთ, რომ რაღაც პროდუქცია გაყიდულია, მაგრამ არ დაუბეგრავთ და ბევრი შემთხვევაცაა ხოლმე ისეთი, როდესაც უსაბუთო საქონელი შემოსავალში არ აქვთ გატარებული და ისე ყიდიან. სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ ხორციელდება ჩვენს მიერ კონტროლის პროცესი. როდესაც საუბარია დალუქვაზე, ჩვენი ამოცანა და კანონმდებლობით დავალებული ვალდებულებაა, მათ შორის პრეზიდენტის ინიციატივაც, ჩვენ უნდა დავამთავროთ კონტროლი რაც შეიძლება მალე, არა უგვიანეს ორი დღისა. ძალიან ბევრ შემთხვევაში კომპანიებში, სადაც ჩვენ შევდივართ, ამ ნაშთს იქვე გვიბეჭდავენ და გვაძლევენ, რაც საშუალებას გვაძლევს იმავე დღესვე დავიწყოთ და მოცემულ დროში დავამთავროთ აღწერა და მაღაზია საერთოდ არ იკეტება. მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც გადამხდელს ნაშთი არ აქვს, დოკუმენტები მოუწესრიგებელი არ აქვს და ა.შ. და აქედან გამომდინარე, მიიღება გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულმა ობიექტმა დროებით შეაჩეროს მუშაობა, მანამ სანამ არ წარმოადგენს საჭირო დოკუმენტებს. როდესაც დოკუმენტი არ აქვს, მთელი პროდუქცია აღურიცხავ საქონელში დაერიცხება, რაც უფრო მძიმე სანქციას დააკისრებს მას, ვიდრე დოკუმენტერთან ერთად წარმოდგენილი საქონლის შემთხვევაში, რადგან ამ დროს შესაძლოა ჰქონდეს დარღვევა, მაგრამ უფრო ნაკლებით დაჯარიმდება.
- პრეზიდენტის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის ბრძანების გარეშე, ბიზნესობიექტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმებას ექვემდებარება, ორ დღეზე მეტი დროით არ უნდა დაიხუროს და ეს ახლა თქვენც აღნიშნეთ, თუმცა ჩვენს რეალობაში უამრავი ფაქტია, მაგალითად "ალტა", "ბაბილინა" და გამომცემლობა "სეზანი", როდესაც ბიზნესი არა ორი დღით, არამედ გაცილებით უფრო მეტი დროით იხურება. ყოველი ამ ობიექტის მიმართ არსებობს თუ არა ფინანსთა მინისტრის ბრძანება?
- ორ დღეზე მეტი დრო თუ სჭირდება კომპანიისა თუ მაღაზიის შემოწმებას, რა თქმა უნდა, მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას და ყოველ კონკრეტულ შემოწმებაზე საქმის კურსშია.
- ზემოთ აღნიშნულ ობიექტთა მიმართ იყო მინისტრის ბრძანება?
- მე გითხარით, რომ კონკრეტულად არცერთ კომპანიაზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს ჩემგან არაა სწორი, მითუმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ მათგან ნებართვა არ გვაქვს აღებული. თუ გნებავთ, თვითონ ამ კომპანიებს დაუკავშირდით ინფორმაციისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ თუ მინისტრი ყოველ დალუქულ ობიექტზე ფლობს ინფორმაციას, ფიზიკურად შეუძლებელია დალუქულთა რიცხვი იყოს ათასი. თუ არ იქნება წარმატებული ბიზნესი, არ იქნება შემოსავალი და შესაბამისად, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ის ვინც კარგად იხდის გადასახადებს, არ იქნას დაჩაგრული და ფუნქციონირებაში ხელი არ შეეშალოს იმ გადამხდელებისგან, რომლებიც მალავენ გადასახადებს. ეს არის არა მხოლოდ ამ ადამიანების დაცვა, არამედ სახელმწიფოს დაცვა.
- როდესაც ბიზნესმენს ბუღალტერიაში, პირობითად ვთქვათ, 10 ლარიანი ცდომილება აქვს და საგადასახადო ინსპექტორი 500 ლარიან ჯარიმას გამოუწერს, როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანია ეს ჯარიმა? თქვენი აზრით, კომპანიას ბუღალტერიაში, როდესაც 10-20 ლარიან დარღვევა აღმოუჩნდება, ის ამ თანხას ბიუჯეტს უმალავდა?
- 500 ლარი ჯარიმა არის ცნობილი ჯარიმა, რომელიც არის საკონტროლო-სალარო აპარატის არ გამოყენებისთვის დაკისრებული ჯარიმა და არაფერ შუაშია ბუღალტერიასთან. თქვენ ვერ მომიყვანთ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ მე ბუღალტერიაში შემეშალა ათი ლარი და 500 ლარით დამაჯარიმესო. 10 ლარის შეშლით არ იქცევა ქვეყანა.
- ანუ მეწარმე ამ შემთხვევაში არ ჯარიმდება?
- სანქცია ყველაფერზე არსებობს.
- მაშინ ვთქვათ როგორ, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით ჯერდება ჯარიმა, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ჯარიმის მოცულობასთან შედარებით ბევრად ნაკლები თანხის დარღვევა აქვს მეწარმეს.
- საქართველო საგადასახადო წნეხით არის მსოფლიო ათეულში. მაგრამ წნეხი არის ძალიან პატარა იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ჩვენ გვისწრებენ. მაგალითად ევროპის ქვეყნებში საგადასახადო წნეხი 50-60-70%-ია, ჩვენთან კი ესაა 22-დან 31%-მდე. ეს გულისხმობს იმას, რომ საგადასახადო წნეხი სხვა ქვეყნებთან შედარებით არის დაბალი. მაგალითისთვის, პიროვნებამ შეიძინა გარკვეული პროდუქცია რომელიმე ისეთი ქვეყნიდან, რომელთანაც ინფორმაციის გაცვლითი სისტემა არ გვაქვს და არიან ასეთი ქვეყნები, შესაბამისად, იქ შეძენილი პროდუქციის რაოდენობისა და ფასის გადამოწმების საშუალება არ გვაქვს. რა ხდება ხშირად, შემოიტანა პიროვნებამ მაგალითად ერთი კუბური მეტრი პარკეტი, ინვოისში მის ღირებულებად ერთი ლარი ჩაწერა, მასაც და ჩვენც გვესმის, რომ ეს არარეალური ფასია და იმის გათვალისწინებით, რომ მას შესაძლოა ეს პროდუქტი მართლაც ჰქონდეს ამ ფასად შეძენილი, ვთქვათ, ჩინეთში, საბაჟოზე მან თავისი მოკლე ჭკუით დაზოგა გადასახადი, დაიბეგრა მხოლოდ ლარიდან და იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ პროდუქციას ყიდის ის ოც ლარად, ხომ გესმით რამხელა განსხვავებაა? მას დაახლოებით 18 ლარის მოგება აქვს, შესაბამისად, იგი თავს უნდა იბეგრავდეს 1800%-ით. აქ ბიზნესის წარმოების დასაწყისშივეა დაშვებული დიდი შეცდომა, როდესაც მეწარმე თავიდანვე იტყუება და ჩვენ ამ ტყუილს აღმოვუჩენთ ის უკვე ძვირი უჯდება და, რა თქმა უნდა, მას დიდი რაოდენობის ჯარიმა ერიცხება. ასეთი მრავალი ფაქტი არსებობს და ჯარიმა ძირითადად განაპირობებს არასწორ ინტერპრეტირებას ქმედებებისა. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი ძალიან რთულია. სამწუხაროდ, ეს ფაქტი რთულად აღიქმება ადამიანებშიც, მაგრამ აქ არის რისკი, თუ არ იქნება კონტროლი, არ იქნება სახელმწიფო. ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ საგადასახადო კოდექსი კარგი გვაქვს თუ ცუდი, რა თქმა უნდა, უკეთესი სჯობია, ჩვენ ვსაუბრობთ რა არის კანონი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას.
- ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მუდამ გვესმის, რომ საქართველოში გადასახადები დაბალია და თანდათან კიდევ მცირდება. თუ მართლაც ასეთი დაბალი გადასახადებია ჩვენს ქვეყანაში, რა მოტივით არღვევენ ბიზნესმენები კანონს და რატომ უმალავენ გადასახადებს სახელმწიფოს?
- ორი ადამიანი იყო დედამიწაზე, კაენი და აბელი, მინდორიც მათი იყო, ფარაც და ყველაფერი, მაგრამ ერთმა მოკლა მეორე და ახლა როგორ გინდათ აგიხსნათ ადამიანის ბუნება, თუ რატომ მალავს გადასახადებს? ეს მართლაც სამწუხარო მოვლენაა, ერთი განპირობებულია, როგორც უკვე გითხარით, თავიდანვე დავმალავ და შემდეგ ბევრს მოვიგებ და მეორე, ალბათ, კიდევ უფრო მეტი უნდა ვესაუბროთ მეწარმეებს იმაზე, რომ ჯობია გადასახადი გადაიხადონ, ვიდრე დამალონ. იმდენად, რამდენადაც დამალულს ცუდ შედეგებამდე მიყავს კომპანია. ეს არის ჯაჭვი, რომელსაც სრულად ვერ დავარღვევთ და ის ჯარიმა, რომელიც მეწარმეს ერიცხება შემოსავლების სამსახურის კი არა, მისივე ბრალია.
- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონი იმგვარადაა შედგენილი, რომ მეწარმეს საკუთარი ინტერესების დაცვა ძალიან უჭირს. საკანონმდებლო დონეზე, დავების განხილვის პროცესი იმდენად გართულებულია, რომ ფაქტიურად სახელმწიფოა მომგებიან პოზიციაში. და როდესაც სახელმწიფო მეწარმეს გადასახადის გადაუხდელობაში ადანაშაულებს, მეწარმემ წინასწარ იცის, რომ სახელმწიფოსთან ამ დავას მაინც წააგებს. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით? იქნებ გვითხრათ, რა რაოდენობის ბიზნესმენები ასაჩივრებენ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, აქედან რა რაოდენობა აღწევს მათ განხილვას და საბოლოოდ რამდენი მართლდება ეს. ციფრებით თუ არა პროცენტულად რომ მაინც გვითხრათ?
- ზუსტი ციფრი შემოსული განცხადებებისა არ ვიცი, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც 30 საჩივრიდან 27 დავაკმაყოფილეთ. ორი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, ერთი გახლავთ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭო, მეორეა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო. ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში ზის ბიზნესის წარმომადგენელი, რომლის მთავარი მიზანია ბიზნესის დაცვა. ბიზნესმენს აქ საკუთარი ინტერესების დაცვა ნამდვილად არ უჭირს, თუ იგი მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არაა. ნებისმიერმა მითხრას რომელ პროცესს არ ჯობია შემოსავლების სამსახურისა თუ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო, რომლის შემდეგ მეწარმეს აქვს კონსტიტუციური უფლება იმისა, რომ წავიდეს სასამართლოში. ამაზე უკეთესი შესაძლებლობა თუ რომელიმე სისტემაში აქვს ნებისმიერ ადამიანს, კი ბატონო. სისხლის სამართლის საქმით დაკავებული ადამიანი არ მიდის არც პოლიციაში და არც პროკურატურაში, ის პირდაპირ მიდის სასამართლოში და იმ სამ ინსტანციას გადის და ამ სამ ინსტანციამდე ჩვენთან შესაძლებელია მოაგვარო პრობლემა სწორედ ამ დავების საბჭოს მეშვეობით. ის სტერეოტიპი, რომ მეწარმეს აქვს შთაბეჭდილება, იმისა სახელმწიფოსთან დავას ვერ მოიგებს დასარღვევია და მოდის შორეული პერიოდიდან, რომელიც მეც და თქვენც ძალიან ცუდად გვახსენდება. მაშინ რაიმეს სამართლიანად გაკეთება შეუძლებელი იყო და ასე გრძელდებოდა 2003 წლამდე. დღეს კიდევ უფრო მეტს ვშრომობთ და ვბრძოლობთ იმისთვის, რომ კორუფცია საერთოდ აღარ იყოს ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის კორუფციული ქვეყნების სიიდან ამოღება უნდათ, რადგან გარიგებათა რაოდენობა ძალიან შემცირებულია, თითქმის გაქრა კიდეც. შესაბამისად, მივედით იქამდე, რომ ყველა ადამიანი არის კანონზე დამოკიდებული. ასეთი შთაბეჭდილება მეწარმეებში არის იმიტომ, რომ მათ არ იციან დავების საბჭო რამდენ მეწარმეს აკმაყოფილებს. მაგრამ ეს ხალხი არ ყვირის, არ მოვა თქვენთან და არ იტყვის, რომ მე სამართალი ვიპოვეო. ის ადამიანი კი, რომელიც თვლის რომ მართალია, ხომ არ ნიშნავს რომ მართლა მართალია? თუმცა არიან ადამიანები, რომელთა საჩივარი არც შემოსავლების სამსახურის და არც ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ არ დააკმაყოფილა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღო. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ესაუბრა თეონა ჭიტაძე


{custom category="2,4,5,15" template="shortstory_2" aviable="global" from="0" limit="10" cache="no"}