ინტერვიუ პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერთან თემურ შაშიაშვილთან
- ბატონო თემურ, პირველ რიგში, საინტერესოა, როგორ აფასებთ დღეს ქართულ ეკონომიკაში და ბიზნესში არსებულ მდგომარეობას? რა ხდება დღეს ჩვენს ეკონომიკასა და ბიზნესში? რამდენიმე დღის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოში ბიზნესების უდიდეს ნაწილს ხელისუფლება და მათთან დაახლოებული პირები ფლობენ. კონკრეტულად რომელ ბიზნესებზე და პირებზეა საუბარი? - ჩვენთან ბიზნესზე საუბარი ცოტა რთულია. საქართველოს ტრაგედია იმაშია, რომ თუ გინდა ქვეყანაში ფული იშოვო ან დაიცვა, ხელისუფლებაში უნდა შეხვიდე. ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ორგანო - საქართველოს პარლამენტი არის არა პოლიტიკური ორგანო, არამედ ბიზნესკლუბი და, ამავე დროს, ეს არის პრეზიდენტთან დაახლოებული ან მისი მეგობარი მეწარმეების ბიზნესკლუბი. საქართველოს პარლამენტში არ არიან ეკონომისტები, იურისტები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები და ა.შ. სამაგიეროდ, არიან ბიზნესმენები. 1992 წლის პარლამენტში უფრო მეტი პოლიტიკოსი იყო, დღეს კი საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკოსები, პრაქტიკულად, არ არიან. საქართველოში ვისაც ფული არ აქვს, ის უფრო თავისუფალია, ვიდრე ისინი ვისაც აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანაში არ არის ბიზნესი.
მაშინ, როცა პრეზიდენტი წყვეტს, თუ ვინ იქნება ბიზნესმენი, წარმოუდგენელია საუბარი რაიმე კონკურენციაზე და ნამდვილ ბიზნესზე. საქართველოში ბიზნესმენები კი არ ხდებიან, არამედ ინიშნებიან.
რაც შეეხება ცალკეულ პირებს, მინდა განვაცხადო, რომ ერთ-ერთი ასეთი დანიშნული ბიზნესმენია ბეჟუაშვილი, რომელმაც მთელი მანგლისი, საბადოები და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტი იყიდა. რატომ? იმიტომ, რომ მისი ძმა კიევში სააკაშვილთან ერთად სწავლობდა და მასთან დაახლოებული პირია. სწორედ ასეთი პრეზიდენტთან დაახლოებული რამდენიმე ადამიანი ფლობს ქვეყანაში არსებულ საბადოებს, ენერგოსისტემას, სატელეფონო სისტემას და ა.შ.
გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი ბიზნესმენი პრეზიდენტის დედაა. სააკაშვილს რომ ღირსება ჰქონდეს, იგი აქამდე პრეზიდენტის კაბინეტში აღარ უნდა იჯდეს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ დედამისმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტექნიკური უნივერსიტეტის 2 კორპუსი შეიძინა.
- როგორ ფიქრობთ, რა როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ ქვეყანაში ბიზნესის განვითარების პროცესში და რა ხდება ამ მიმართულებით დღეს საქართველოში? - საერთოდ, ნებისმიერი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაში პროდუქციაზე ფასს ბაზარი აყალიბებს. რაც შეეხება ხელისუფლებას, იგი ხელს უნდა უწყობდეს ბაზრებზე კონკურენტული გარემოს შექმნას, ჩვენთან კი ასეთი რამ არ არსებობს. ხელისუფლება მხოლოდ მასთან დაახლოებული ბიზნესმენებს ეხმარება და იმათ კი, ვინც არ მოსწონს, ებრძვის.
ვერ დამისახელებენ ვერცერთ სერიოზულ უცხოელ მეწარმეს, რომელმაც ბოლო წლებში საქართველოში ფულის დაბანდება გადაწყვიტა. ხოლო მათ უკან, ვინც საქართველოში ინვესტიციები განახორციელეს, ისევ და ისევ ქართველები დგანან. გარდა ამისა, უცხოელ ინვესტორებს შორის არიან ის
თურქები, რომლებიც ევროპულ ბაზარზე ვერ დამკვიდრდნენ და იქედან გამოაძევეს.
ბოლო წლებში არ ჩატარებულა არანაირი სერიოზული ტენდერი, რომელშიც სააკაშვილთან დაახლოებულ პირს არ გაემარჯვა, ეს ტრაგედიაა. ყველა იმ კომპანიის მფლობელები, რომლებიც აშენებენ საქართველოში გზებს, მათ შორის, ავტობანს, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან. აქ ფიგურირებენ კალანდაძე და ბექაური, რომელთაგან ერთი აზერბაიჯანლებთანაა დაკავშირებული, მეორე კი ებრაელებთან.
ასეა ყველა სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაშიც. პატიმრების კვების ტენდერიც კი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა მოიგეს.
მე ვიცი ძალიან ბევრი ქართველი ბიზნესმენი, რომელიც საზღვარგარეთაა წასული, ისინი აცხადებენ, რომ სანამ საქართველოში ყველა ბიზნესს ხელისუფლება და კონკრეტულად მერაბიშვილი აკონტროლებს, ქვეყანაში დაბრუნებას არ აპირებენ და არც რაიმე ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. ამ ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მუშტით კი არ ამყარებს ძალაუფლება, არამედ ნიჭით. საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ნიჭზე ააგებს ქვეყანას და საქართველო მაშინ იქნება ძლიერი.
- არსებული მდგომარეობის მხოლოდ ხელისუფლებაზე გადაბრალებაც არ იქნება სწორი. ამ ყველაფერში, ალბათ, საზოგადოებასაც აქვს გარკვეული წვლილი შეტანილი. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? - რა ბიზნესზეა ლაპარაკი, როცა აკადემიკოსებს უთხრეს, შენ 1000 ლარს მოგცემთ, სახლში დაჯექი, ნუ იხმაურებ, ჩვენ მეცნიერება არ გვჭირდებაო და ისინიც წყნარად არიან. ეს რას ნიშნავს? დღეს ნებისმიერი ადამიანისთვის რთულია ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც. მე მრცხვენია იმ ადამიანის ყურება, ვისაც "ბიზნეს კურიერი" მიყავს. მას რომ ადამიანმა უსმინოს, იფიქრებს, ქვეყანა ყვავისო.
მოსახლეობა უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ხელისუფლების მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმით ადამიანის მიერ თვიდან თვემდე თავის გატანა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.
რეალურად, საარსებო მინიმუმი კუჭის ნახევარზეა აგებული. დღეს საქართველოში არის ხელისუფლება, რომელმაც მოსახლეობის საარსებო მინიმუმის პრობლემა კი არ გადაწყვიტა, არამედ კიდევ უფრო გაართულა.
ამით ხელისუფლება ქართველ ხალხს ეუბნება, რომ უარი თქვას ინტერნეტის მოხმარებაზე, არ წაიკითხოს გაზეთი, წიგნი, არ მიიღოს განათლება, არ დაანთოს სანთელი. პრაქტიკულად, ეუბნებიან ხალხს, პირდაპირ სასაფლაოსკენ წადითო.
მაშინ, როცა მთავრობის ბევრი წარმომადგენლის შვილს დაცვა დაყვება და თვეში რამდენიმე ათასი ლარი იხარჯება მათ განათლებასა და გართობაზე.
აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ დღეს.
სამწუხაროდ, საქართველოში ვინც წაგლეჯით იშოვა ფული, იმას თავი ჭკვიანი ჰგონია და ვისაც ფული არ აქვს, ის უჭკუო. ფული რომ იშოვებოდა პოლიტიკაში ეს მეც ვიცოდი, მაგრამ სინდისი ხომ უნდა გქონდეს ადამიანს.
სააკაშვილს ისეთი ხალხი სჭირდება, ვინც ყურებით ყავს დაჭერილი. როგორც კი ხმას ამოიღებს, მაშინვე ყველას ყველაფერს ამოუყრიან.
- როდესაც დღევანდელი ხელისუფლება მოვიდა, აცხდებდა, რომ ყველა იმ ბიზნესმენს, რომელიც ფულს არასწორი გზით შოულობდა, პასუხს აგებინებდა. თუმცა, გავიდა რამდენიმე წელი და ბევრი მათგანი ისევ ფლობს ქვეყანაში არსებულ უმსხვილეს ბიზნესებს. ნუთუ ეს ხალხი ამ ხელისუფლებასაც მოერგო? - გეთანხმებით, როდესაც ნაციონალები მოვიდნენ იმუქრებოდნენ, რომ ყველა გაზულუქებულ ბიზნესმენს პასუხს აგებინებდნენ, მაგრამ ამ ბიზნესმენებმა არათუ პასუხი აგეს საკუთარი, უკანონო საქმიანობის გამო, არამედ კიდევ უფრო გააფართოვეს ბიზნესსაქმიანობა და დღეს იმაზე ბევრად მდიდრები არიან, ვიდრე ეს 2003 წლამდე იყო. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ,
პრეზიდენტ შევარდნაძის სიძე გია ჯოხთაბერიძე, რომელიც 2003 წელს ნამდვილად არ იყო ასეთი მდიდარი, როგორც ახლაა. მის ქონებას სამჯერ მეტი ღირებულება მაინც აქვს ახლა, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო.
გარდა ჯოხთაბერიძისა, კიდევ ბევრია ისეთი ბიზნესმენი, რომელიც კარგად მოერგო ახალ ხელისუფლებას და კვლავ განაგრძობს ხალხის ძარცვას.
დღეს ყველა მსხვილ ბიზნესს ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები ფლობენ, რომლებიც მონოპოლისტები არიან და ქართველ მომხმარებელს ძალიან მაღალ ფასს ახდევინებენ სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაში. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარმაცევტული, ნავთობპროდუქტების, ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრები. ამ ბიზნესების მფლობელებმა ხელისუფლებისგან თავისუფლად მოქმედების საშუალება იყიდეს. ასეთი რამ ნორმალურ ქვეყნებში არ ხდება.
ჯერ კიდევ "მოქალაქეთა კავშირის" პერიოდში ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომ თუ გინდა იყო უკონტროლო, ხელისუფლებაში უნდა იყო. მაშინ, როცა ყველა განვითარებულ ქვეყანაში პირიქით ხდება. ანუ თუ გადაწყვეტ პოლიტიკაში ყოფნას, უნდა შეეგუო იმას, რომ აბსოლიტურად კონტროლირებადი ხარ და ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს შენს შესახებ. მსოფლიოში დიდი ბიზნესმენები იმიტომ არ მიდიან პოლიტიკაში, რომ მათი ბიზნესი კონტროლდება და თავისუფლება სურთ, რადგან იქ პოლიტიკა შეწირულთა ადგილია და საქართველოში კი ეს არის ფულის შოვნის ადგილი.
- ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ყველა მნიშვნელოვანი ბიზნესის კონტროლით, სხვა პოლიტიკურ ძალებს ბიზნესისგან რაიმე ფინანსური რესურსის მიღების შანსი, პრაქტიკულად, მოუსპო. არის თუ არა ეს რეალობა და როგორია ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა?- ჩემი აზრით, ბიზნესმენი არის ის, ვინც აფინანსებს დემოკრატიას და არა ხელისუფლებას ან ოპოზიციას. მეწარმე არის ის, ვინც დემოკრატიას და საკუთარი ქვეყნის განვითარებას აფინანსებს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მთავრობამ დემოკრატიაზე, აშკარაა, რომ ქართველი მეწარმეები ხმას ვერ იღებენ იმ პრობლემების შესახებ, რაც მათ რეალურად აქვთ.
იმ დროს, როდესაც სააკაშვილი აცხადებს, რომ კორუფცია დავამარცხეთ, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ამერიკული დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში ელიტარული კორუფციაა, მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს მედიას და ა.შ. სწორედ ამ ინფორმაციის გადასაფარად მოხდა ტელეკომპანია "იმედის" მიერ ცნობილი სიუჟეტის ჩვენება და ამით მოსახლეობის ყურადღების გადატანა. ნაციონალებმა კარგად იციან, თუ როგორ დაავიწყონ ხალხს მნიშვნელოვანი მოვლენები.
ის, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ბევრი საწარმო გაკოტრდა, ამაში კომერციულ ბანკებს დიდი წვლილი მიუძღვით. წარმოუდგენელია ვინმემ ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ბიზნესი აწარმოოს. ბევრი საწარმო, რომელსაც ბანკში სესხი ჰქონდა აღებული, სწორედ ბანკებმა გააკოტრეს და გაანადგურეს. რუსეთშიც კი ბანკში სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთები 11%-ს არ აღემატება, ჩვენთან კი 20%-დან იწყება. გარდა ამისა, კომპანიებს უწევთ მაღალი გადასახადის გადახდა გაზზე, ელექტროენერგიაზე და ა.შ. ჩვენთან კომუნალური გადასახადები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, მაშინ, როცა მინიმალური ხელფასი 18 ევროა. ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას და მოვითხოვეთ, შემცირდეს ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტზე, ტრანსპორტზე, კომუნალურ გადასახადებზე, რომელიც ხელოვნურადაა გაზრდილი.
რა ადგილობრივ წარმოებაზეა საუბარი, როცა ქვეყანაში მოხმარებული პროდუქციის 80-90% იმპორტირებულია. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა კი არ ხდება, არამედ ყველა მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტის უცხოელებზე მიყიდვის პოლიტიკა გრძელდება პერმანენტულად..
წალენჯიხა მთლიანად ჩინელებმა იყიდეს, მათვე იყიდეს ქუთაისის საავტომობილო ქარხანა და დღეს იქ არავინ შეგვიშვებს.
დღეს 140 ათასი სახელმწიფო მოხელის შენახვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მთლიანად განათლების სისტემის. სახელმწიფო 3 სკვერის მოწყობაზე იმაზე მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე უმაღლეს განათლებაზე. ბათუმში 1 და თბილისში 2 სკვერი 67 მლნ. დაჯდა, იმ დროს, როცა სახელმწიფომ უმაღლეს განათლებაზე 65 მლნ. დახარჯა. სახელმწიფო მოხელის საშუალო ხელფასი არის 2000-2500 ლარი და მასწავლების საშუალო ხელფასი 200 ლარი. ქვეყანაში სისტემური კრიზისია. ეს კატასტროფაა.
ესაუბრა შოთა ბუჩუკური