საქართველოში საქველმოქმედო პროექტებისა და ზოგადად, საზოგადოების დახმარებით ქველმოქმედების რიცხვმა საგრძნობლად იმატა, რაც თავისთავად მისასალმებელი და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საზოგადოების მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისკენ. გარდა იმ ფონდებისა, რაც საქართველოში არსებობს, (მაგალითად, ისეთი როგორიც ფონდი"იავნანაა"), ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემა "ვის უნდა ოცი ათასი" უკვე ამ ფორმატში გადის, რომლის მეშვეობითაც, მოწვეულ სტუმართან ერთად მაყურებელიც თამაშობს გაჭირვებული თანამოქალაქეების დასახმარებლად.
გარდა ამისა, უკვე რამდენიმე წელია ტელევიზიის მეშვეობით ხდება რეკლამირება იმ ეკლესია-მონასტრებისა, რომელთა აშენების ბედიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსახლეობის კეთილ ნებაზე.
ყველა მსგავსი ტიპის ქველმოქმედების განხორციელება ძირითადად მობილური ოპერატორების საშუალებით ხდება, რომლებიც საზოგადოებას ერთ საერთო ნომერს სთავაზობენ, რომლის მეშვეობითაც, სურვილის შესაბამისად, კონკრეტული პიროვნება, კონკრეტულ ადამიანსა თუ ეკლესიის მშენებლობას ეხმარება. თითოეული განხორციელებული ზარის ღირებულება ერთ ლარს შეადგენს.
ბოლო დროს საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, თუ რამდენი რჩებათ მოგება მობილურ ოპერატორებს თითოეული განხორციელებული ზარიდან და ხდება თუ არა რეალურად გაჭირვებულთა დახმარება? თუ მიმდინარეობს ფიჭური კავშირგაბმულობის კიდევ უფრო გამდიდრება გულაჩუყებული მოსახლეობის ხარჯზე?
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორები თითო გადარიცხული ზარიდან, არც მეტი არც ნაკლები, 40%-ს იღებენ, რაც შემოსული ზარების თითქმის ნახევარს შეადგენს.
აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებს მივმართეთ, რომლებმაც არსებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.
კომპანია "მაგთიკომის" პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ქეთი ნაცვლიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ისინი არათუ მოგებას ნახულობენ მსგავსი ტიპის საქველმოქმედო პროექტებისგან, არამედ ხარჯებსაც კი არ ახდევინებენ მათ. თუმცა, ეს არ ვრცელდება ყველა სახის საქველმოქმედო პროექტებზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია იღებს ხარჯების დასაფარად მინიმალურ თანხებს.
კომპანია "ჯეოსელი" კი ასეთი საქველმოქმედო პროექტებისგან მხოლოდ დღგ-ს გადასახადს იღებს, რომელიც 18%-ს შეადგენს და რომელიც არ ვრცელდება ეკლესია-მონასტრების მშენებლობებისთვის გადმორიცხულ თანხებზე. "ჯეოსელის" პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის ირმა ცქიტიშვილის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში კომპანიის შემოსავალი ნულის ტოლია.
განსხვავებული წესები აქვთ კომპანია "ბილაინში". "ბილაინი" ინდმეწარმისა და შპს-გან 50%-იან მოგებას იტოვებს, ეკლესიის მშენებლობებისგან 20%-ს, ხოლო ისეთ საქველმოქმედო ფონდში, როგორიც "იავნანაა", მათი წილი ნულის ტოლია.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ფონდ "იავნანას" წარმომადგენელსაც ვთხოვეთ. მისი მთავარი ბუღალტერის ნონა ცაავას განცხადებით, "მაგთი" და "ბილანი" მართლაც რომ არ იღებს არანაირ პროცენტს შემოსული ზარებიდან, ხოლო "ჯეოსელში" ეს ზარებიდან შემოსული თანხის წილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 18%-ით განისაზღვრება.
თათია ჩაფიჩაძე