ნანახია: 830
რისი იმედი აქვს კომუნიკაციების კომისიას, გაუგებარია
საქართველოში, ფიჭურ კავშირგაბმულობაში რომ მაღალი ფასებია, ამ ფაქტმა როგორც იქნა სფეროს რეგულატორის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყურამდეც მიაღწია. კომისიის განცხადებით მარტის ბოლოს, კერძოდ, 26 მარტს დასრულდება კვლევა, რომელიც მობილური ოპერატორების ბაზარზე მიმდინარეობს და შესაძლებელია, რომ კომპანიებს შორის არსებული ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდეს, რაც საცალო ბაზარზე მობილურით საუბრის გაიაფებაზე პირდაპირ უნდა აისახოს. "მარტში მარეგულირებელ კომისიაში ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების მოსმენა გაიმართება. ამის შემდეგ ცნობილი გახდება, თუ რამდენით შემცირდება ურთიერთჩართვის ტარიფი, რაც, ბუნებრივია, კავშირგაბმულობის ბაზარზე ტარიფების შემცირებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული", - ამბობს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი გელა ბუთბაია. მისასალმებელია, რომ ქვეყანაში ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდება, მაგრამ რა გავლენა აქვს ამას საცალო ბაზარზე მობილურით საუბრის ფასის შემცირებასთან, გაუგებარია. მკითხველს ინფორმაციისთვის შევახსენებ, რომ საქართველოში ურთიერთჩართვის ტარიფი უკვე 2-ჯერ 2003 წელს 22,8-დან, 18,8-მდე, ხოლო 2007 წელს 18,8 თეთრიდან 14,8 თეთრამდე შემცირდა. თუკი ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირება პირდაპირ უნდა აისახებოდეს საცალო ბაზარზე, როგორც ამას ახლა კომუნიკაციების კომისიაში აცხადებს, რატომ არ შემცირდა მობილურით საუბარი საქართველოში ბოლო 10 წლის მანძილზე, როცა ურთიერთჩართვის ტარიფი მთელი 8 თეთრით შემცირდა? აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში არსებულ სიტუაციაზე აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" (აფბა) საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევა წარუდგინა საზოგადოებას. კვლევაში მოყვანილი ფაქტებით საქართველო მობილურზე საუბრის სიძვირით მსოფლიოში წამყვან პოზიციებს იკავებს. მიუხედავად ამ კვლევის მიმართ მობილური ოპერატორების "მაგთის" და "ჯეოსელის", ასევე კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოთქმული უნდობლობისა, კვლევაში არსებული ფაქტების საწინააღმდეგო რეალური არგუმენტები ვერ მოიყვანეს, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში მობილურ ტელეფონზე საუბრის ტარიფი, მართლაც, მაღალია. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, "აფბას" კვლევა სწორად იქნა ჩატარებული, თუმცა, დასკვნები არაკორექტული გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ "მაგთისა" და "ჯეოსელისგან" განსხვავებით, ბაზრის მესამე მოთამაშე "ბილაინი" "აფბას" დასკვნებს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ კვლევა ყველა დაინტერესებულმა პირმა ყურად უნდა იღოს. ასეა თუ ისე, კომუნიკაციების კომისიამ პირდაპირ თუ ირიბად აღიარა, რომ საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის სფეროში ფასები მაღალია და შემცირებას საჭიროებს. მიუხედავად ამის,ა კომისია კომპანიებისთვის რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ბაზარზე უხეშად არ ჩარევიან. ფაქტი კი ერთია, რომ კომპანიები ყურსაც არ იბერტყავენ ზედამხედველი ორგანოს მიერ ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებაზე და არაადეკვატურად მაღალი ფასებით ოპერირებას განაგრძობენ. "კომუნიკაცების ეროვნულმა კომისიამ ჩვენს კვლევაზე გაუგებარი დასკვნა დადო. ერთის მხრივ, ამბობენ, რომ კვლევა სწორი მიმართულებით იქნა ჩატარებული. ფასები რომ მაღალია ქვეყანაში და შემცირება სასურველია, ამასაც აღიარებენ, მაგრამ მეორეს მხრივ, მაინც აცხადებენ, რომ კვლევა არაკორექტულია. "აფბა მიესალმება", ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებას, რასაც მარტის ბოლოს გეგმავს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ ურთიერთჩართვის ტარიფების პერიოდული შემცირებაა, როგორც ევროპისა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ხდება. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებას არაფერი აქვს საერთო საცალო ბაზარზე ფასის შემცირებასთან. ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებამ, შესაძლოა, ფიქსირებული ქსელიდან მობილურ ოპერატორებთან დარეკვა გააიაფოს, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო ფიჭური კავშირგაბმულობის ფასის შემცირებასთან, რასაც ერთი თვის წინ კომისიაშიც აცხადებდნენ. ამას ისტორიაც ადასტურებს, როცა ურთიერთჩართვის ტარიფის 2-ჯერ, 8 თეთრით შემცირებას საცალო ბაზარზე არანაირი შედეგი მოჰყოლია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც მარტში დაგეგმილ ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებას უნდა მოყვეს კომპანიების მხრიდან დიდი თავის შეწუხება. ზედამხედველი ორგანო არ აპირებს მკაცრი ნაბიჯების გადადგმას მობილური ოპერატორების მიმართ, რასაც კომპანიები მშვენივრად იყენებენ და საერთოდაც, ყურსაც არ იბერტყავენ. ჩვენი აზრით, აუცილებელია საზოგადოების ზეწოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და მობილური ოპერატორების კეთილ ნებაზე ყოფნამ რა დონემდეც მიიყვანა სიტუაცია, ყველა კარგად ხედავს", - განაცხადა "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა. მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების წარმომადგენლებმა ამ საკითხზე კომენტირებისგანაც შეიკავეს თავი. ისინი ჯერ კიდევ ფიქრობენ, თუ რას მოიმოქმედებს მარეგულირებელი კომისია და რა რეაქცია ექნება საზოგადოებას. გამორიცხული არ არის, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს და ვინძლო, ფიჭური კავშირგაბმულობის სამეულიც ამგვარი გადაწყვეტილების მოლოდინში იყოს. ფაქტი კი ერთია, რომ ბოლო 3 წლის მანძილზე მობილურზე საუბრის ფასები მსოფლიო მასშტაბით 21%-ით შემცირდა, მიუხედავად ამისა, ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორების შემოსავალი 41%-ით გაიზარდა. სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ ბოლო სამი, არამედ ბოლო 14 წლის მანძილზე საქართველოში ფასების შემცირება საცალო ბაზარზე არ მომხდარა, ხოლო კომპანიების შემოსავალი წლიდან წლამდე იზრდება. ქართველი მომხმარებელი კი საქართველოში მსოფლიოს მსგავს ტენდენციებს უკვე წლებია ამაოდ ელის.
შოთა ბუჩუკური
|