ნანახია: 575
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტში მიიღეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მოქალაქეთა დაჯარიმების უფლება თავად წყლის მიმწოდებელ კომპანიებს გადაეცათ. ამ უკანასკნელთ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული კოდექსების თანახმად შეეძლებათ დააჯარიმონ როგორც ურჩი გადამხდელები, ასევე წყლის უკანონო მომხმარებლები. კანონპროექტთან დაკავშირებით აზრები ორად გაიყო. უმრავლესობის განცხადებით ეს ყველაფერი სისტემის დახვეწასა და მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას უზრუნველყოფს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ამგვარი ძალაუფლების დაინტერესებული მხარისთვის გადაცემა თავისთავად არასწორი ნაბიჯია და რომ დაჯარიმების საკითხს ნეიტრალური მხარე უნდა აგვარებდეს. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" იმ კლიენტების ბედი, რომელთაც დავალიანება აქვთ, სასამართლოში გადაწყდება. მომხმარებლისთვის საინტერესოა, თუ რომელი კლიენტები მოხვდებიან ამ სიაში და თუ როგორი იქნება ურთიერთობის პირობები. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ნათია ჩოლოყაშვილს ვესაუბრეთ:" - ჩვენს მომხმარებლებს, რომელთა ძირითად ნაწილს მოსახლეობა შეადგენს, უწყვეტ რეჟიმში ვაწვდით მათ სასიცოცხლოდ ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტს - სასმელ წყალს, ამასთან, ჩამდინარე წყლების გატანასაც უზრუნველვყოფთ. ალბათ, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ სასმელი წყალი ონკანში თავისით არ მოდის. მდინარის ანუ ნედლ წყალს ჯერ მრავალჯერადი დამუშავება სჭირდება, შემდეგ კი - მომხმარებლის ონკანამდე მიტანა. ამ საქმეს, რომლისთვისაც სოლიდური მატერიალური რესურსი იხარჯება, ჩვენი 2000 თანამშრომელი თავდაუზოგავად ემსახურება დღე-ღამის განმავლობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ძალისხმევაზე, რაც კომპანიის ურთულესი მეურნეობის მოვლა-პატრონობას, სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას ხმარდება. კომპანიის ბილინგის მონაცემებით, თბილისის მოსახლეობის, დაახლოებით, 56% არ იხდის ან ნაწილობრივ ფარავს მიმდინარე გადასახადს. ჩვენი იდეაფიქსი ნამდვილად არ არის სასამართლოს გზით ვიმოქმედოთ. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", გასული წლის ზაფხულში, მომხმარებლებს დავალიანების დაფარვისა და რესტრუქტურიზაციის უპრეცედენტოდ შეღავათიანი პროგრამა შესთავაზა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამამ კარგად იმუშავა და დააინტერესა ჩვენი მომხმარებელი, მაგრამ მან არგადამხდელთა მხოლოდ გარკვეული სეგმენტი მოიცვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავაც არ იხდის მიმდინარე გადასახადს და ამით მუდმივად ზრდის დავალიანებას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, არგადამხდელ აბონენტებთან გამაფრთხილებელი წერილები გაგვეგზავნა და მათთვის ის ვალდებულება შეგვეხსენებინა, რაც გაწეული მომსახურების საფასურის გადახდას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ იხდის მომსახურების საფასურს, კომპანია იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონით ნებადართული ზომები, მათ შორის სასამართლოში სარჩელის შეტანა ურჩი გადამხდელის წინააღმდეგ. თუმცა, გამაფრთხილებელი წერილები, ჯერ-ჯერობით, ყველა ურჩი გადამხდელისთვის არ გაგვიგზავნია, ამას ეტაპობრივად ვაკეთებთ, მოსახლეობის ამ ნაწილის მრავალრიცხოვნობიდან გამომდინარე. ასეთი წერილები არც მცირე დავალიანების მქონე აბონენტებისთვის გაგვიგზავნია, რადგან ვფიქრობთ, რომ ისინი აუცილებლად დაფარავენ ვალს. - ეძლევათ თუ არა ვადა დავალიანების მქონე აბონენტებს იმისათვის, რომ სასამართლოში საქმის განხილვამდე გამოასწორონ სიტუაცია, აქვთ თუ არა მათ ბოლო შანსი?
- გამაფრთხილებელ წერილში აღნიშნულია, რომ აბონენტმა, დავალიანების დაფარვის მიზნით, 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიმართოს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" რაიონულ სერვის-ცენტრებს. მით უმეტეს, რომ დაწყებულია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და თბილისის მერიის ერთობლივი, მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი 2010 წლის კამპანია, რომელიც მაისის ბოლომდე გასტანს. დავალიანების მქონე ნებისმიერ თბილისელ ოჯახს, იმის მიუხედავად, მიუვიდა თუ არა გამაფრთხილებელი წერილი, შეუძლია ისარგებლოს ჩვენ მიერ დაწესებული შეღავათებით. ეს ახალი აქცია, ძირითადად, თბილისის მოსახლეობის არგადამხდელი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი და დავალიანების დაფარვის წასახალისებლად გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს. შეღავათები 2010 წლის 1 იანვრამდე დაგროვილი დავალიანების დაფარვაზე ვრცელდება და დავალიანების საერთო თანხის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს დარჩენილ თანხას მთლიანად ჩამოაწერს. ამასთანავე, კომპანია, აუცილებლად მიიღებს მხედველობაში და ინდივიდუალურად განიხილავს დავალიანების წარმოშობის განსაკუთრებულ შემთხვევებს, რაზეც განსხვავებული შეღავათების დაწესება არ გამოირიცხება. გარდა ამისა, ახალი პროგრამის ფარგლებში, კომპანია უფასოდ მოემსახურება სოციალურად დაუცველ იმ მარტოხელა პენსიონერებს, რომელთაც არ ერიცხებათ დავალიანება ან ჩვენი აქციის მონაწილეები არიან და შეუკეთებს მათ დაზიანებულ ონკანებს ან დაეხმარება ახლის დამონტაჟებაში. ასე რომ, "ბოლო შანსზე" საუბარი ოდნავ გადაჭარბებულია, რადგან ურჩ მომხმარებელს არაერთ შეღავათს ვთავაზობთ და დავალიანების დაფარვაში ხელს ვუწყობთ.
- ურჩი კლიენტი, სასამართლოს წაგების შემთხვევაში, მხოლოდ იმ დავალიანებას გადაიხდის, რომელიც ჰქონდა, თუ დამატებით ჯარიმასაც?
- რასაკვირველია, დავალიანების მქონე ოჯახს, სასამართლოს წაგების შემთხვევაში მხოლოდ დავალიანების თანხის დაფარვა მოუწევს. თუმცა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი აბონენტების ეს კატეგორია სასამართლომდე საქმეს არ მიიყვანს. კომპანია მომხრეა თავის მომხმარებლებთან ცივილიზებული და პარტნიორული ურთიერთობა იქონიოს და მათ დავალიანების დაფარვაში ყოველმხრივ შეუწყოს ხელი. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერითან" ურთიერთობის სასამართლოში მოგვარება, რა თქმა უნდა, დავალიანების მქონე პირთა მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ფაქტია, რომ კომპანიამ არაერთი შეღავათი დაუწესა მომხმარებელს, რომელსაც, წესით, შედეგი უნდა გამოეღო. მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალური ვითარების გამო, მოსახლეობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მათ კომპანიის მიერ შეთავაზებული შეღავათიანი პირობების დაკმაყოფილებაც არ შეუძლიათ.
ლელა გოგოლაძე
|