მთავრობა სადაზღვევო კომპანიებს კალატოზობას აიძულებს
ჰოსპიტალური რეფორმა, რომელიც თავის დროზე მთავრობამ ლამაზი სიტყვებით შეფუთა და საზოგადოებას "ასი ახალი საავადმყოფოს" სახელწოდებით წარუდგინა, გაურკვევლად დასრულდა. ეს პროექტს თავიდანვე ორი ძირითადი მხარე ჰქონდა. ერთის მხრივ, უნდა გაყიდულიყო ძველი საავადმყოფოები, მეორეს მხრივ კი მყიდველს ვალდებულება უნდა აეღო, რომ ან იგივე საავადმყოფოს მოდერნიზებას გააკეთებდა, შენობას პროფილს შეუცვლიდა და მის ნაცვლად ახალ საავადმყოფოს ააშენებდა. ამ პროექტის დაწყების შემდეგ უკვე დიდი ხანი გავიდა, ახალ მოდერნიზებულ საავადმყოფოებს კი ვერავინ ხედავს.
მთავრობამ ჰოსპიტალური რეფორმის "მოდერნიზებაზე" დაიწყო საუბარი. დღეს ყველა საუბრობს მიზეზებზე, რატომ ვერ შედგა ეს პროექტი, თუმცა, ბევრს ყურადღების მიღმა რჩება მთავარი, - ჰოსპიტალური რეფორმის ძველი ვარიანტიდან პირველი ნაწილი ზედმიწევნით შესრულდა, არ შესრულდა მხოლოდ მეორე ნაწილი. ანუ, საავადმყოფოების გაიყიდა, თუმცა, მათ ნაცვლად ახალი არ აშენებულა. ამაზე პასუხს არავინ ითხოვს.
თუმცა, ეს უკვე წარსულია, მომავლის ღრმად ჭვრეტის პრეტენზიის მქონე მთავრობამ, ახალ პროექტზე დაიწყო საუბარი. ამ პროექტში ორი მომენტზე უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველი, რაც თანამედროვე მთავრობის პირობებში უკვე აღარავის უნდა გაუკვირდეს, არის ის, რომ მთავრობა პირდაპირ სთხოვს კერძო კომპანიებს რეგიონებში ახალი საავადმყოფოების მოწყობას. კერძო სექტორში სახელმწიფოს ჩარევის აშკარა მცდელობად შეიძლება შეფასდეს ის, რომ მთავრობის ხელმძღვანელი, აგრესიით საუბრობს სადაზღვევო კომპანიების ვალდებულებაზე, რომ მათ უნდა ააშენონ ახალი საავადმყოფოები.
სახელმწიფო არ გადაიხდის ფულს უხარისხო მომსახურებაში, აცხადებენ მთავრობაში. ასეთი მიდგომა, თითქოს ლოგიკურია, მაგრამ რა შუაშია სადაზღვევო კომპანიები. დაზღვევა, სულ სხვა სფეროა და ჯანდაცვა სულ სხვა. რატომ ავალდებულებს მთავრობა საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ჩაერთოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. ან რა გარანტია აქვს მთავრობას, რომ სადაზღვევო კომპანიები აუცილებლად ჩაერთვებიან ამ პროგრამაში, - ისინი ფინანსისტობაზე აუარს იტყვიან და კალატოზობას დაიწყებენ. ასევე, არ არსებობს გარანტია, რომ ნაფინანსისტარი კალატოზები ისევე ხარისხიანად ააშენებენ საავადმყოფოებს, როგორც ამ საქმეში უფრო გამოცდილი პროფესიის მქონე ადამიანები.
სადაზღვევო კომპანიები 15, 20 და 25 საწოლიანი საავადმყოფოებისა და კლინიკების მშენებლობას დაიწყებენ. საქართველოს პრეზიდენტმა რეფორმირებული პროექტის დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრთან და სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ცვლილებების მიხედვით, სამი თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა მთვარობასთან ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ და რეგიონებში საავადმყოფოების მშენებლობის ვალდებულება აიღონ. შეთავაზების ფარგლებში დაგეგმილია როგორც ახალი საავადმყოფოების მშენებლობა, ასევე არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. მშენებლობის პირველი ეტაპი 2011 წლის სექტემბერში დასრულდება. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მას ამბიცია აქვს, რომ უახლოეს წლებში ჯანდაცვა გახდეს ყველაზე ხელმისაწვდომი და ისეთივე ხარისხის, როგორიც არის უცხოეთის წამყვან ქვეყნებში. "ჩვენ უნდა გვქონდეს მაღალი დონის კლინიკები, სადაც სადაზღვევო კომპანიები მიიყვანენ ხალხს. მაქსიმუმ, მომავალი წლის 1 სექტემბრამდე ყველა საავადმყოფო უნდა იყოს, როგორც არის ზუგდიდის, გორის, ქუთაისის და რესპუბლიკური საავადმყოფოები", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ჯანდაცვა და განათლება ეს არის მთავარი პრიორიტეტები, რომელიც აქვს ჩვენს სახელმწიფოს.
საქართველოს პრემიერის ნიკა გილაურის განცხადებით, დღესდღეობით სახელმწიფოს მიერ დაზღვეული ადამიანი, სადაზღვევო კომპანიას შეუძლია წაიყვანოს საკმაოდ ცუდ სერვისის მქონე საავადმყოფოშიც, რაც არის, ალბათ, ყველაზე დიდი პრობლემა. "ამიტომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უფლებას ვიცავთ, მაგრამ ამავდროულად, ეს არის სერიოზული ბიძგი იმისაკენ, რომ სადაზღვევო კომპანიებმა და სხვა კერძო პირებმა დაიწყონ რეგიონებში და რაიონებში საავადმყოფოების და მცირე კლინიკების მშენებლობა".
ჯანდაცვის მინისტრის თქმით "სახელმწიფო, როგორც ყველაზე დიდი შემსყიდველი მომსახურეობის ამ ბაზარზე, 2011 წლის 1 სექტემბრიდან არ შეისყიდის მომსხაურებას დაბალი დონის საავადმყოფოსგან, ამიტომ ყველას ინტერესშია, რომ ამ დროს ყველაფერი იყოს გამართული და ეს განსაკუთრებულად რაიონებს ეხება, რადგან არჩევანი ზოგ ადგილას, პრაქტიკულად, არ არის". მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო მფლობელობაში რამდენიმე დიდი კლინიკა დარჩება, დანარჩენი სამედიცინო ობიექტი კი კერძო მფლობელობაში გადავა.
სადაზღვევო კომპანიები მიესალმებიან რაიონულ ცენტრებში პოლიკლინიკებისა და ამბულატორიული გაერთიანებების მშენებლობას. ისინი არ გამორიცხავენ მთავრობის შეთავაზების მიღებას.
ქრისტიან-დემოკრატები კი რეგიონების საავადმყოფოების სადაზღვევო კომპანიებისთვის გადაცემას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სფეროში მთვარობის მიერ აღებული კურსი არის წარუმატებელი და ამ სფეროს მთლიანად დანგრევას გამოიწვევს. გიორგი თარგამაძის თქმით, მთავრობის ინიციატივა სადაზღვევო სისტემასთან დაკავშირებით სრულიად გაუმართლებელია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სამედეცინო მომსახურება დღემდე არ არის ხელმისაწვდომი. ამ ვითარებში მთავრობის მორიგი ინიციტივა არსებულ სიტუაციას კიდეც უფრო დაამძიმებს და ჩიხში შეიყვანს. "დაუშვებელია რეგიონების საავადმყოფოების სადაზღვევო კომპანიებისთვის გადაცემა და მათ მმართველობაში სადაზღვევო კომპანიების მენეჯმენტის შეყვანა. რეგიონების საავადმყოფოების სადაზღვევო კომპანიებისთვის გადაცემა, ისევე როგორც ფარმაცევტული კომპანიებისათვის, მედიკამენტების იმპორტის, შემოტანის, წარმოების და გასაღების უფლების მინიჭება გამოიწვევს ფასების მატებას მედიკამენტებზე და ჯანდაცვის სისტემაში მომსახურების ხარისხის ქვემოთ დაწევას არაკონკურენტუნარიანი გარემოს გამო", - აცხადებს გიორგი თარგამაძე.
ნანა კალანდაძე