ნანახია: 1064
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, სადაც მან წამლების სიძვირეზე და მათი გაიაფების აუცილებლობაზე ისაუბრა, ყურადღება ამ პრობლემისადმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომეტებული დაკვირვების საგანი გახდნენ ფარმაცევტული კომპანიებიც, მათი მომსახურების დონე და ხარისხი, წამლების ფალსიფიკაციის თემა. პრობლემა მრავალასპექტიანი და არაერთგვაროვანია. ვითარების შეცვლა, ბუნებრივია, მოკლე დროში შეუძლებელია, მაგრამ ტენდენცია უეჭველად უნდა გამოკვეთილიყო, რადგან მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე, ამ სფეროში სერიოზული პრობლემების არსებობა მმართველ ძალას ხელს არ აძლევს. ამ რაკურსიდან შეხედა პრობლემას სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა IPL. 20-21 იანვარს ქალაქ თბილისში, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 320 რესპოდენტი. გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებსა და ქსელებს შორის მოქალაქეთა უმეტესობას მოსწონს PSP-ს სერვისი - 37,5%-ს, 32,75% "ავერსს" ანიჭებს უპირატესობას, GPC-ის მომსახურებით 18% -ია კმაყოფილი. კვლევამ აჩვენა, რომ საჭირო წამლები ხელმისაწვდომია მხოლოდ მოსახლეობის 5,5%-თვის. 83,25% კი მათ შეძენას ვერ ახერხებს ან დიდი გაჭირვებით იძენს. გამოკითხულთა 36,25% აცხადებს, რომ მათი ოჯახების ბიუჯეტის 10%-მდე იხარჯება წამლებზე. 10-დან 20%-მდე ხარჯავს 34,25%. 20-დან 50%-მდე ოჯახების ბიუჯეტის 20,75% ხარჯავს, ხოლო გამოკითხულთა 8,75%-ის საოჯახო ბიუჯეტში მედიკამენტებზე 50%-ზე მეტი იხარჯება. მართლაც დამაფიქრებელი მონაცემებია. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წამლების სიძვირესთან დაკავშირებით საჯარო განცხადების შემდეგ გამოკითხულთა 18,75% წამლებზე ფასების უმნიშვნელო შემცირებაზე საუბრობს, 25% მიიჩნევს, რომ შემცირება მოხდა მხოლოდ ზოგიერთ მედიკამენტზე. 50% კი აცხადებს, რომ ფასი წამლებზე არ შემცირებულა. გამოკითხვა ამ სფეროში ცვლილებების გაგრძელების აუცილებლობაზე მიანიშნებს.
დიმიტრი ლელაძე სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი IPL
რომელი ფარმაცევტული კომპანიის (ქსელის) სერვისი მოგწონთ ყველაზე მეტად (კომპანიები კითხვარში მოცემული იყო სახელის ანბანური რიგის მიხედვით)
1) PSP _ 37,5% 2) ავერსი _ 32,75% 3) GPC _ 18,0% 4) სახალხო აფთიაქი _ 5,0% 5) 36,6 _ 0% 6) სხვა _ 6,75% რომელი ფარმაცევტული კომპანიის (ქსელის )წამახალისებელი (სასაჩუქრე) ბარათი მოგწონთ ყველაზე მეტად 1) PSP ("ჩემი ოჯახის ბარათი") _ 40% 2) ავერსი ("მტრედი ბარათი") _ 34,4% 3) GPC ("ზღარბი ბარათი") _ 25,6%
ერთი და იმავე დაავადების სამკურნალო რომელ მედიკამეტებს ანიჭებთ უპირატესობას 1) სამამულო წარმოების _ 20,0% 2) იმპორტირებულს _ 46,25% 3) მნიშვნელობა არ აქვს _ 33,75% რა არის თქვენთვის უპირატესად მნიშვნელოვანი ამა თუ იმ მედიკამენტის შეძენისას
1) მწარმოებელი ქვეყანა _ 21,87% 2) მედიკამენტის გამოყენების ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია _ 56,25% 3) ფასი _ 20% 4) სხვა _ 1.8% ათბალიანი სისტემით როგორ შეაფასებთ ქართული ფარმაცევტული კომპანიების ფარმაცევტთა კვალიფიკაციის დონესა და მომსახურების კულტურას.
1) 36,6 _ 6,55 2) ავერსი _ 8,5 3) სახალხო აფთიაქი _ 5,9 4) GPC _ 7,3 5) PSP - 8,9 6) სხვა (მიუთითეთ) - 9
მიიჩნევთ თუ არა, რომ სამამულო წარმოების მედიკამენტები დამზადების ტექნოლოგიით, ხარისხით და სამკურნალწამლო თვისებებით ჩამოუვარდება იმპორტირებულ ანალოგებს
1) არ ჩამოუვარდება _ 28,75% 2) ჩამოუვარდება _ 46,25% 3) არ მაქვს პასუხი 25,0%
მიიჩნევთ თუ არა, რომ წამლები ხელმისაწვდომია მოსახლეობის უმეტესობისთვის 1) დიახ - 5,5% 2) არა - 83,25% 3) არ მაქვს პასუხი - 11,25%
თქვენი ოჯახის ბიუჯეტის დაახლოებით რამდენი პროცენტი იხარჯება მედიკამენტებზე ყოველთვიურად 1) 10%-ზე ნაკლები - 36,25% 2) 10-დან 20%-მდე - 34,25% 3) 20-დან 50%-მდე - 20,75% 4) 50-%-ზე მეტი - 8,75%
თქვენი აზრით, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წამლების სიძვირესთან დაკავშირებით საჯარო განცხადების გაკეთების შემდეგ ფასები წამლებზე შემცირდა თუ არა
1) შემცირდა - 6,25% 2) არ შემცირებულა - 50,0% 3) შემცირდა მხოლოდ ზოგიერთ მედიკამენტზე - 25% 4) შემცირდა უმნიშვნელოდ - 18,75%
|