საქართველოში მობილურზე და ქალაქის ტელეფონიდან მობილურზე დარეკვის მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი ფასებია
ჩვენს ქვეყანაში პროდუქტები სიძვირით რომ გამოირჩევა, ეს ახალი ამბავი არ არის. ბევრია საქართველოში ისეთი პროდუქტი თუ მომსახურება, რომლებიც სხვა, ჩვენზე განუვითარებელ თუ განვითარებულ, ქვეყნებში გაცილებით იაფი ღირს. ფასების მაღალ დონეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა ქვეყანაში ბოლო წლებში არსებული მაღალი ინფლაცია, რომელსაც 2004-2008 წლებში ეროვნული ბანკი ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევდა, შესაბამისად, მისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, მოიკოჭლებდა. სებ-ის სუსტ პოლიტიკას ქვეყანაში ხელისუფლების ბიზნესისადმი არაობიექტური დამოკიდებულება ემატება, რაც წლებია უკვე ამა თუ იმ ბიზნესისადმი ლობირებასა და არაკანონიერი გზით ხელშეწყობაში გამოიხატება.
თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის გაჭირვებული მოსახლეობისათვის, რომ 2004 წლიდან ფასების არაობიექტურად გაბერვის კიდევ ერთი მიზეზი მიეცათ ბიზნესმენებს. ეს საამაყო ნაბიჯი მაშინდელ ეკონომიკის მინისტრს კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის, რომელმაც, თითქოსდა ლიბერალიზმის პრინციპების გამტარებელმა, საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და შესაბამისად, სამსახურიც გააუქმა. ამას მოჰყვა ქვეყანაში არსებული ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს მონოპოლიზაცია. შესაბამისად, მონოპოლისტებსა და ოლიგოპოლისტებს სინდისის ქენჯნა არ დაწყებიათ, როდესაც მსოფლიოს ფასებთან შედარებით არაადეკვატურად ზრდიდნენ საქართველოში ამა თუ იმ პროდუქციის ღირებულებას.
სწორედ მონოპოლიზმის ბრალია ის ფაქტი, რომ საქართველოში ლარის კურსის ცვლილება ფასების შემცირებაზე თითქმის არასდროს ახდენს გავლენას. ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა თუ გამყარების მიუხედავად, ქვეყანაში პროდუქტის ფასები პერმანენტულად იზრდება და ჯერ-ჯერობით არც არავინ გამოჩენილა, ვინც ამ სიტუაციიდან გამოიყვანდა ქვეყანას. მართალია, პრეზიდენტი პერმანენტულად "ილაშქრებს" ხოლმე ქვეყანაში არსებული მონოპოლიების წინააღმდეგ (2007 წლის ოქტომბერში სააკაშვილმა მარილის და შაქრის ბაზარზე მონოპოლიების არსებობა გააცხადა და მათთან ბრძოლა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა. 2009 წელს პრეზიდენტმა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ოლიგოპოლიეს წინააღმდეგ გაილაშქრა და ამ საკითხის მოგვარება ჯანდაცვის მინისტრს მიანდო) თუმც, ამ თითზე ჩამოსათვლელ ფაქტებს მთავრობის მხრიდან რეალური ნაბიჯები და მოსახლეობისთვის შევება არ მოჰყოლია.
ასეა თუ ისე, დღეს ქვეყანაში რომ ბევრი მონოპოლია არსებობს, ამის თაობაზე თითქმის აღარავინ დაობს. უკვე მთავრობაშიც გამოჩნდნენ ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის მომხრეები. მითუმეტეს, როცა ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად სწორედ ანტიმონოპოლიურის აღდგენას გვიყენებს.
ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების მიუხედავად, საქართველოში კვლავ არის სექტორები, რომლებსაც დამოუკიდებელი მარეგულირებლები შემორჩა. ასეთთა რიგში შედის კომუნიკაციების სფერო საკუთარი დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოთი. თუ ბაზრის სხვა სეგმენტებში არსებულ მონოპოლიებს კანონიერად ფასების არაობიექტურად გაზრდის საფუძველი აქვთ და ამაში მათ ვერავინ შეეწინააღმდეგება. სრულიად განსხვავებული სიტუაციაა კომუნიკაციების სფეროში - როგორც მობილური, ასევე ფიქსირებული ოპერატორების ბაზარზე. ამ სექტორს, წესით და რიგით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია უნდა უწევდეს ზედამხედველობას. შესაბამისად, არ უნდა აძლევდეს იმის საშუალებას, რომ ქართველი ხალხის ხარჯზე გაბერილი ფასებით მილიონები აკეთონ და კიდევ მოსახლეობას აძახონ: `ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთო~. მსოფლიოში ფიჭური და ფიქსირებული ტელეფონის საუბარზე ფასების შემცირების მიუხედავად, საქართველოში ეს ტენდენცია ერთი თეთრითაც კი არ წასულა წინ. უკვე 10-15 წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში ტელეფონით საუბრის ფასები ერთ დონეზეა გაყინული და ამ საკითხზე, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი თვალს ხუჭავს.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, საქართველო მობილურზე მომსახურების სიძვირის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველ, ხოლო მსოფლიოში, 186 ქვეყანას შორის, მესამე ადგილს იკავებს. ჩვენს უკანაა ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, საფრანგეთი, იაპონია, კანადა და ა.შ. საქართველოზე ბევრად იაფია მობილურით ლაპარაკი ჩვენთვის ყოველთვის არამისაბაძ რუსეთშიც კი, სადაც სტანდარტულ პაკეტზე (საშუალოდ თვეში განხორციელებული 25 ზარისა და 30 შMშ-ის ღირებულება) მობილურით ლაპარაკის დანახარჯი თითქმის 7-ჯერ იაფია.
# ქვეყანა დოლარი/თვეში
1. ქუვეითი 75.18
2. სიერალეონე 71.9
3. საქართველო 44.09
4. პოლინეზია 37.46
5. საფრანგეთი 30.00
6. შვეიცარია 28.41
7. სოლომონის კუნძულები 28.00
8. ბრაზილია 26.52
9. ავსტრია 23.66
10. პორტუგალია 23.58
საქართველო _ 3 ადგილი (44.09$)
ტაჯიკეთი _ 13 ადგ. (23.32$)
თურქმენეთი _ 33 (17.2$)
მოლდოვა _ 34 (17.12$)
აზერბაიჯანი _ 46 (15.11$)
ბელორუსია _ 83 (11.81$)
ყაზახეთი _ 88 (11.51$)
ლატვია _ 108 (9.48$)
უკრაინა _ 110 (9.32$)
ლიტვა _ 114 (9.10$)
ესტონეთი _ 116 (8.75$)
სომხეთი _ 121 (8.31$)
ყირგიზეთი _ 140 (6.44$)
რუსეთი _ 148 (5.96$)
უზბეკეთი _ 184 (1.80$)
არც თუ სახარბიელო სიტუაციაა ფიქსირებული, ასევე, ქალაქის ტელეფონებიდან მობილურებზე დარეკვის ფასებთან დაკავშირებით. ეს ტარიფი ჩვენს ქვეყანაში კომპანიების მიხედვით, მობილური ოპერატორებისგან განსხვავებით, სხვადასხვაა და საშუალოდ, დაახლოებით, წუთზე 0,25 თეთრს შეადგენს. ამ მხრივ მსოფლიოში 30 ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყნებს შორის ლიდერი ახალი ზელანდიაა, რომელსაც მეორე და მესამე ადგილებს ეგვიპტე და პოლონეთი უმშვენებენ. რაც შეეხება საქართველოს, მობილურით ლაპარაკის სიძვირისგან განსხვავებით, ჩვენ ამ რეიტინგში, რაოდენ "სამწუხაროც" არ უნდა იყოს, საპრიზო ადგილების დაკავება ვერ მოვახერხეთ. ოდენ მე-19 ადგილს დავჯერდით და უკან მოვიტოვეთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩეხეთი, ბელორუსია, ისრაელი, კვიპროსი და ა.შ.შ. რაც მთავარია, ამ რეიტინგშიც ჩვენზე გაცილებით დაბლა აღმოჩნდა ეს კვლავ `ბოროტების სავანედ~ და ბიზნესის დამაქცევლად წოდებული რუსეთი, სადაც ზემოთ აღნიშნული ტარიფი ჩვენთან შედარებით 3-ჯერ იაფია.
# ქვეყანა ცენტი/წუთი
1. ახალი ზელანდია 43.6
2. ეგვიპტე 41.6
3. პოლონეთი 40.7
4. შვეიცარია 38.6
5. ესპანეთი 36.2
6. ინგლისი 30.7
7. პორტუგალია 29.9
8. დანია 27.5
9. ავსტრალია 27.0
10. მექსიკა 25.0
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
18. ნორვეგია 15.4
19. საქართველო 14.7
20. ტაილანდი 13.5
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
27. ა.შ.შ. 7.1
28. რუსეთი 5.5
ამ ორი რეიტინგიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველო საკმაოდ მაღალ საფეხურებს იკავებს მსოფლიოში კავშირგაბმულობის ფასების მიხედვით. მართალია, ქართველებს გვიყვარს პირველობა, მაგრამ უფრო სასიამოვნო იქნებოდა, აღნიშნულ რეიტინგებში ბოლოდან პირველი პოზიცია დაგვეკავებინა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ სფეროს, სადაც წამყვან პოზიციებს ვიკავებთ მსოფლიოში ფასების სიძვირით, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ჰყავს, რომელიც რატომღაც ბოლო დროს მხოლოდ რუსული ოპერატორებისადმი არაფრისმომცემი ჯარიმების გამოწერითაა დაკავებული. ხოლო იმას კი აღარ აქცევს ყურადღებას, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც თვითონ ჯარიმებს უწერს, საქართველოში არსებულ ოპერატორებზე გაცილებით დაბალი ტარიფები აქვთ.
ასეა თუ ისე, საქართველოში დღეისათვის მობილურით და ქალაქის ტელეფონით საუბრის საკმაოდ მაღალი ტარიფებია. რბილად რომ ვთქვათ, ჩვენ ქვეყანაში არსებული სოციალური ფონისთვის აშკარად შეუსაბამო. ამ საქმის "მშველელ" ორგანოს კი ჯერ-ჯერობით ღრმად ძინავს. იქნებ, პრეზიდენტს მაინც გაახსენდეს ამ საარჩევნოდ ქვეყნისთვის ეს მეტად მტკივნეული სფერო და მაშინ მაინც იზრუნოს ვინმემ ამ უსამართლობის აღმოფხვრაზე.
მერაბ ჯანიაშვილი