ნანახია: 817
საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული მდგომარეობა სერიოზულ განხილვას რომ საჭიროებს, ამაზე უკვე ყველა თანხმდება. მოსახლეობაში გაჩნდა ეჭვები, რომ ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციაა, რის შედეგადაც ისე და ისევ მომხმარებელი ზარალდება. მართლაც, რომ საინტერესოა, რატომ მცირდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და მთელს მსოფლიოში მობილურით სარგებლობის ხარჯები, ხოლო საქართველოში ის კვლავ იმ დონეზეა, რაც 10 წლის წინ იყო. ამ მდგომარეობაში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს კომუნაკაციების ეროვნული კომისიის მნიშვნელობა. ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარი, ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელ სფეროებს შორის, რომელსაც მარეგულირებელი ორგანო ჯერ კიდევ შერჩენია. ამ სიტუაციაში გაურკვეველია, მარგულირებელი რატომ არ აქცევს ბაზრის ამ სეგმენტს ყურადღებას. ბოლო პერიოდში კომუნიკაციების ეროვნული კომისია უმეტესწილად რუსული მობილური ოპერატორების არაფრისმომცემი დაჯარიმებითა და ტელეკომპანიებისთვის თანამგზავრზე გასვლის ნებართვების გაცემის დროში გაწელვითაა დაკავებული. ხოლო ჩვენს ქვეყნის კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, რატომღაც ყურადღებამიუქცეველი რჩება. საქართველოში კავშირგაბმულობის ბაზარი რომ მიხედვას საჭიროებს, ამას მობილური და ფიქსირებული კავშირგაბმულობის კომპანიებს შორის არსებული ურთიერთჩართვის ტარიფებიც მოწმობს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით სატარიფო პოლიტიკა მობილური და ფიქსირებული კავშირგაბმულობის კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს. ე.წ. ხარჯებზე ორიენტირებული ურთიერთჩათვლის ზღვრული ტარიფიდან გამომდინარე. მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან ("მაგთი", "ჯეოსელი", "ბილაინი") ფიქსირებული კავშირგაბმულობის კომპანიებში ("ახალ ქსელებში", "გაერთიანებულ ტელეკომში” და "ახტელში") დარეკვისას ურთიერთჩართვის ტარიფი 4 თეთრია. ფიქსირებული კავშირგაბმულობის ტელეფონებიდან მობილურებზე დარეკვისას კი ურთიერთჩართვის ტარიფი 14,8 თეთრია. მიუხედავად 10 თეთრით მობილური ოპერატორების სასარგებლოდ დარღვეული პარიტეტისა, ე.წ. ქალაქის ტელეფონებიდან მობილურზე დარეკვის ტარიფები ბევრად ნაკლებია: "გაერთიანებული ტელეკომი" - 0,25 თეთრი; "ახტელი" - 0,32 ლ; "ახალი ქსელები" - 0,28 ლ; 8 -69 - 0,25 ლ; 8 -07 - 0,22 ლ; გლობალ ერთი 8-18 _ 0,25 ლ. ერთი გამონაკლისის ("ახტელი") გარდა, სხვა ფიქსირებული კავშირგაბმულობის კომპანიებიდან მობილურზე დარეკვა, მობილურიდან ქალაქის ტელეფონზე დარკევაზე (0,288 ლ) იაფია. ანუ დარღვეულია პარიტეტი, რაც მობილური ქსელის ოპერატორებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. რის გამოც ფიქსირებული კავშირგაბმულობის კომპანიები ვეღარ ახერხებენ რეალური ტარიფის შეთავაზებას მომხმარებლისთვის, რითაც ისევ და ისევ მომხმარებელი ზარალდება. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ფიქსირებული კავშირგაბმულობის კომპანიებთან შედარებით მობილური ოპერატორები უპირატეს მდგომარეობაში არიან, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს თავი არ შეუწუხებიათ ტელეფონზე სასაუბრო ღირებულების შემცირებით.
"კანონმდებლობის პრინციპიდან გამომდინარე, ურთიერთჩართვის ტარიფი უნდა იყოს ხარჯებზე ორიენტირებული. კომისიამ განსაზღვრა და დაადგინა მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ხარჯებზე ორიენტირებული ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მობილურ ქსელში ზარის დასრულების - ურთიერთჩართვის ტარიფების რებალანსირების ორი ეტაპი უკვე განხორციელდა (ბოლო რებალანსირების შედეგად მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფი 18,8 თეთრიდან 14,8 თეთრამდე შემცირდა) და იგეგმება მესამე ეტაპის განხორციელებაც, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, შემცირდება ურთიერთჩართვის ხარჯების ზღვრული ტარიფის ოდენობა", - აღნიშნავენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
იმედი ვიქონიოთ, რომ მარეგულირებელი ურთიერთჩართვის შემცირების მესამე და კიდევ რამდენიმე ეტაპს მალევე განახორციელებს, რამაც წესით და რიგით მობილურიდან ქალაქის ტელეფონებზე დარეკვის ღირებულება უნდა შეამციროს. როგორც გამოცდილება აჩვენებს, საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორები წესსა და რიგს იშვიათად იცავენ და საკუთარ ჯიბის გასქელებაზე უფრო ზრუნავენ. სხვა რა შეიძლება ეწოდო იმ ფაქტს, რომ სტატისტიკის თანახმად, ბოლო 3 წლის მანძილზე მსოფლიოში მობილურზე ლაპარაკის ღირებულება, დაახლოებით, 27%-ით შემცირდა, მიუხედავად ამისა, მობილური ოპერატორების მოგება (მსოფლიო მასშტაბით) 41%-ით გაიზარდა. საქართველოში კი მობილურზე ლაპარაკის ღირებულებას ერთი თეთრითაც კი არ შემცირებულა, ხოლო შემოსავალი კი წლიდან წლამდე იზრდება. 2008 წელს მობილური კომუნიკაციების სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების საერთო შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 126,226 მილიონი ლარით გაიზარდა და 831 მლნ. ლარი შეადგინა.
მერაბ ჯანიაშვილი
|