DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > გურგენიძის ოპტიმიზმი და კრიზისის სიმძიმის ახალ-ახალი ფაქტები
გურგენიძის ოპტიმიზმი და კრიზისის სიმძიმის ახალ-ახალი ფაქტები28 ნოემბერი 2009. : merabi |
|
ქართველები ქართული საბანკო სისტემიდან გადიან
ქართული ბანკების ტრანსნაციონალიზაციის პროცესი აქტიურდება. მიმდინარე კვირას ბანკ "რესპუბლიკაში" მაკონტროლებელმა ფრანგულმა "სოსიეტე ჟენერალმა" პაკეტი კიდევ უფრო მეტად 60-დან 80%-მდე გაიმსხვილა. ბანკის ორი ინდივიდუალური ქართველი აქციონერიდან ერთ-ერთმა - გოჩა მაცაბერიძემ აქციათა კუთვნილი 5%-იანი პაკეტი მთლიანად გაყიდა. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლაშა პაპაშვილმა კი 25%-იანი პაკეტიდან მხოლოდ 10% დაიტოვა და 2014 წლისთვის საბანკო სექტორიდან საერთოდ წასვლის შესახებაც განაცხადა. ფიცი მწამს, - კეთილდღეობას მოსახლეობაც დაინახავს, - ლადო გურგენიძე მიმდინარე კვირას ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი ბანკირი მოხვდა. ექსპრემიერმა, ამჟამად კი "სახალხო ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ლადო გურგენიძემ ეკონომიკის რეაბილიტაციის სავარაუდო ვადა დაასახელა. გურგენიძე აცხადებს, რომ ბანკები ომამდელ მდგომარეობას 2010 წლის იანვარ-მარტში დაუბრუნდებიან, რაც ეკონომიკაზეც აისახება. ბოლო მაკვირვებს - ბიუჯეტი შემცირდა მანმადე კი კრიზისის სიმძიმე ახალ-ახალი ფაქტებით დასტურდება. 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 64.000.000 ლარით შემცირდება. სწორედ ამას ითვალისწინებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა. ბოლო მაკვირვებს - სანამ გურგენიძის წინასწარმეტყველება ახდება, სამინისტროებმა "ქამრები შემოიჭირონ" "ქამრების შემოჭერის პრინციპით" დაფინანსება ეზღუდებათ სხვადასხვა სამინისტროებს. კერძოდ: 11.5 მლნ. ლარი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ჩამოეჭრება, 3.000.000 ფინანსთა სამინისტროს, 22.000.000 თავდაცვის სამინისტროს, 9.000.000 სოფლის მეურნეობის სამინისტროს, 4.500.000 საგარეო საქმეთა სამინისტროს. ასევე შეიზღუდება სხვა უწყებების დაფინანსებაც. პროექტის თანახმად, რეიოგნების დასახმარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 22.000.000 ლარი გამოიყოფა. აქედან 10.000.000 რაჭის მიწისძვრით, 7.000.000 კი სხვადასხვა რეგიონებში წლის განმავლობაში მომხდარი ამა თუ იმ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოიყოფა. პარლამენტი ცვლილებებს დეკემბრის პირველ რიცხვებში დაამტკიცებს. პარალელურად კი საკანონმდებლო ორგანოს საგაისო ბიუჯეტსაც იხილავს. შემცირებები აქაც სოლიდურია. მათ შორის ზოგ უწყებას დაფინანსება იმდენად უმცირდება, რომ მისი საქმიანობა საერთოდ წარმოუდგენელი ხდება. ბოლო მაკვირვებს, - სტატისტიკის სამსახური "ქამრის შემოჭერით" დაიხრჩობა პარლამენტმა, სტატისტიკის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით, განახლებული კანონპროექტი დაამტკიცა. ევროკავშირის დაწუნებულ პროექტს არა მარტო შინაარსი, არამედ სახელიც შეუცვალეს და სახელმწიფო სტატისტიკის შესახებ კანონპროექტის ნაცვლად ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონპროექტი უწოდეს. თუმცა, განახლებულ უწყებას, რომელსაც, ჩანაფიქრით, წინამორბედისგან უფრო მეტი სანდოობა და დამოუკიდებლობა უნდა გამოარჩევდეს, საგაისოდ 2.700.000 ლარით უპირებენ დაფინანსებას. ამ დროს სტატისტიკის დეპარტამენტის წლევანდელი დაფინანსება 4.600.000 ლარი იყო, ანუ გაისად ეს დაფინანსება გაზრდის ნაცვლად 40%-ით შემცირდება, რაც უწყების ფუნქციონირებას აბსოლიტურად წარმოუდგენელს ხდის. ასე რომ, ამ ნაწილში "ქამრების შემოჭერა" უწყების პარალიზების ხარჯზე ხდება. ბოლო მაკვირვებს, - ბიუჯეტის შესავსებად ბიზნესის რეკეტი გრძელდება "ქამარშემოჭერილი ბიუჯეტის" შესავსებად კი მთავრობამ კომპანიებიდან თანხების ამოღებას აქტიურად მიჰყო ხელი. საგადასახადო სამსახურმა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ჯეოსელი" დააჯარიმა. შემოწმების შედეგად მიღებული საბოლოო დასკვნა კომპანიაში უკვე გადაგზავნილია. ფინანსთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დასკვნაში კომპანიისადმი ჯარიმა გათვალისწინებულია, თუმცა ოდენობას არ აკონკრეტებენ, რადგან აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე კონფიდენციალურია. გავრცელებული ინფორმაციით კი "ჯეოსელის" ჯარიმა, რომელიც მას დარღვევების გამო დაერიცხა, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს. საგადასახადო სამსახური "ჯეოსელის" კამერალურ შემოწმებას რამდენიმე კვირის განმავლობაში ახორციელებდა. "ჯეოსელის" პოზიცია კი დაჯარიმებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. საგადასახადო სამსახური ბოლო პერიოდში "ჯეოსელის" გარდა სხვა მსხვილ კომპანიებსაც აქტიურად სტუმრობს. ეს სია დროთა განმავლობაში სულ უფრო აქტიურად ივსება და მასში უკვე ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების კომპანია "ყაზბეგი", სათვალეების მაღაზიათა ქსელები "კენარი" და "საფილო", ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "ჯინსის გალერეა" და სხვა კომპანიებიც ერთვებიან. ბოლო მაკვირვებს, - "რესპუბლიკურსაც" ვყიდით საბიუჯეტო დეფიციტის შესავსებად საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საკუთრების აქტიურ რეალიზაციაზეც ამყარებს იმედებს. ახალი საპრივატიზებო აქტივი რესპუბლიკური საავადმყოფოა, რომლის შეძენით დაინტერესებულებმა ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 15 თებერვლამდე უნდა მიმართონ. რესპუბლიკური საავადმყოფოს 20.000.000 დოლარად შეფასებული აქტივები 12.000.000 დოლარად გაიყიდება. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ინვესტორთა მოსაზიდად მიიღეს. სამაგიეროდ მყიდველს საავადმყოფოს აღჭურვისთვის დამატებით 80.000.000 დოლარის ინვესტიციის გაღება მოუწევს. მოსახლეობას გურგენიძის შეპირებული კეთილდღეობაც ეყოფა, "შრომის კოდექსი" ინვესტორების ინტერესს უნდა მოვარგოთ, . . . მიმდინარე კვირას "საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ" უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხზე მიმდინარე სამუშაო პროცესის მიმართ. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ სამუშაო პროცესი არ არის გამჭვირვალე და არ ხდება დამსაქმებელთა და მეწარმეთა საკმარისი მონაწილეობა, მათი ინტერესების გათვალისწინება, ხოლო პროცესი მთლიანად მიმართულია მხოლოდ საქართველოს პროფკავშირების კერძო ორგანიზაციული ინტერესების ლობირებაზე. ბიზნესასოციაციის აზრით, დაუშვებელია შრომის კოდექსში იმ ცვლილებების შეტანა, რომელსაც საქართველოს პროფკავშირები ითხოვს. "წარმოდგენილი ცვლილებები გამოიწვევს ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო კლიმატის მნიშვნელოვან გაუარესებას და ერთადერთი მოსარგებელი ამ ცვლილებებით იქნება პროფკავშირული ნომეკლატურა. გაოცებას იწვევს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა პოზიციაც, რომლებიც, წესით, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ინტერესების ბალანსს უნდა უწყობდნენ ხელს. ამის ნაცვლად კი მიმდინარეობს პროფკავშირების ინტერესების პირდაპირი ლობირება. მაშინ როდესაც მიჩქმალვა ხდება იმ ფაქტის, რომ სწორედ საქართველოს პროფკავშირული კანონმდებლობა არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო კონვენციებთან. რეალურად დღევანდელ კრიზისულ პერიოდში ჩვენ უნდა მივსდევდეთ ავსტრალიის, დანიისა და სხვა ქვეყნების მაგალითს, სადაც შრომის კანონმდებლობა საქართველოზე ბევრად უფრო მოქნილია. და უმუშევრობაც ბევრად დაბალია და არა იმ ქვეყნების, სადაც მოუქნელმა კანონმდებლობამ ხელი შეუწყო ორნიშნა უმუშევრობის შექმნას კრიზისის დროს", - აცხადებენ "ბიზნეს ასოციაციაში" და მოითხოვენ შრომის კოდექსზე მუშაობის შეჩერებას მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი სამუშაო პროცესში მსხვილი დამსაქმებლების სრულფასოვანი მონაწილეობა. "ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ წერილობითაც კი მიმართა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს და დაუყოვნებლივ შეხვედრა მოითხოვა, რათა თავიდან იქნას აცილებული დამსაქმებელთა და დასაქმებულთა საზიანო პროცესების განვითარება და მათ შორის ახალი მსხვილი კონფლიქტი. რევაზ საყევარიშვილი |