DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > კახა ბენდუქიძემ "სახალხო ბანკი" იყიდა

კახა ბენდუქიძემ "სახალხო ბანკი" იყიდა


12 აგვისტო 2009. : merabi
ქართული წარმოშობის რუსმა ოლიგარქმა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, "სახალხო ბანკი" შეიძინა. მის თანამოაზრეს, კომპანიონს და სავარაუდო მოწილეს – ლადო გურგენიძეს, ბანკის ოფისში ხშირად ხედავენ. იგი უკვე მუშაობს "სახალხო ბანკის" კრიზისიდან გამოყვანის გეგმაზე და კადრების შერჩევა-გადაბირებასაც აწარმოებს სხვა ბანკებიდან.
ოფიციალური განცხადება ბანკის გაყიდვის შესახებ შემოდგომაზე გაკეთდება. ახლა, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანი ფიქრობენ, ზუსტდება სქემა და ლეგენდა, რომლის თანახმადაც ბანკის ოფიციალურ მესაკუთრედ რომელიმე არაბი შეიხი, რუსული კაპიტალით შექმნილი ოფშორული კომპანია ან სხვა ცრუმაგიერი პირი გამოცხადდება. თავად ბენდუქიძეს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ღიად დააფიქსირებს თუ არა თავს ამ ბანკის მეპატრონედ.
"სახალხო ბანკის" ისტორია ტიპურია პოსტსაბჭოური საფინანსო ინსტიტუტებისთვის. პრობლემური "აგრომრეწვბანკის" ბაზაზე შექმნილი "სახალხო ბანკი" რუსეთიდან დაბრუნებულმა ქართველმა მილიონერმა მამუკა ჯინჭარაძემ შეიძინა. მას შემდეგ, რაც მამუკა ჯინჭარაძე გაურკვეველ ვითარებაში დაუდგენელმა პირმა მოკლა მოსკოვში, ბანკი მისი მეუღლის - ირინა ჯინჭარაძის და მისი ქალიშვილის მფლობელობაში გადავიდა. "სახალხო ბანკის" აღმავლობა მის მენეჯერად, გენერალურ დირექტორად გიორგი გოგუაძის დანიშვნას უკავშირდება. გიორგი გოგუაძემ თანამოაზრეებთან ერთად დიდი ძალისხმევა გასწია ავტორიტეტული და წარმატებული საფინანსო ინსტიტუტის ჩამოსაყალიბებლად. გაფართოვდა ფილიალების ქსელი, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანია სხვა ბანკებთან შედარებით, ამაღლდა მომსახურების დონე, ბანკის იმიჯი, მისი საიმედოობა. ბანკი, თავისი სახელწოდების შესაბამისად ეწეოდა მასშტაბურ საქველმოქმედო საქმიანობას.
გიორგი გოგუაძის პარლამენტში წასვლას მოჰყვა ბანკიდან მისი წასვლაც. ამის შემდეგ ბანკის მდგომარეობა რამდენადმე გაუარესდა და გამოჩნდა არასახარბიელო ტენდენციები. ამ უნიკალური ფუნქციის მქონე საფინანსო ინსტიტუტს სერიოზული პრობლემები შეექმნა. ბოლო პერიოდში მას საფინანსო ანგარიშებიც კი არ გამოუქვეყნებია. ამასობაში ბანკის მეპატრონეებმა მისი გაყიდვა გადაწყვიტეს. იგი ინგლისში დარეგისტრირებულმა "ევროოილმა" შეიძინა. GBC-ის და სხვა ქართული მედიასაშუალებების ინფორმაციის თანახმად, ლონდონში "ევროოილის" რეგისტრაციის მისამართზე სუპერმარკეტი აღმოჩნდა.
გამოხდა მცირედი ხანი და, როგორც ამბობენ, საკმაოდ იაფად შეძენილი "სახალხო ბანკი" "ევროოილმა", როგორც მოსალოდნელი იყო, "არაბებს" მიჰყიდა. ეს არაბები ოფიციალურად "რაკია ჯგუფს" წარმოადგენენ. თუმცა, მანამდეც და დღესაც "ხმები" "სახალხო ბანკის" მესაკუთრედ ერთ-ერთ უმაღლესი თანამდებობის პირს ასახელებს, რომლის სახელი და გვარიც ყველამ იცის საქართველოში და "სახალხო ბანკის" ფაქტობრივი მეპატრონე რომაა, ისიც. "ბანკები და ფინანსები" კი რაც ყველამ იცის, იმაზე არასდროს წერს.
ახლა საკმაოდ იაფად უნიკალური ფუნქციის მქონე, მაგრამ ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ბანკის იაფად შეძენა სარფიანი საქმეა. ვიღაც-ვიღაცები ფულს გააკეთებენ, ზოგიერთები პერსპექტიულ ბანკს ჩაიგდებენ ხელში, შეიძლება ვიღაცამ ფულიც გაათეთროს, მოკლედ, ყველა იხეირებს ირინა კოვალენკოს გარდა. უსაფუძვლოდ არ არიან შეშფოთებულები წამყვანი ქართული ბანკების მესვეურები. ბენდუქიძე-გურგენიძის ტანდემმა გარანტირებული სახელისუფლო მხარდაჭერის პირობებში შეიძლება ბაზარზე ისინი სერიოზულად შეავიწროვოს. ჩვენ კი, შესაძლოა, საბანკო სექტორში მესამე რუსული კაპიტალით ფუნქციონირებადი საფინანსო ინსტიტუტი მივიღოთ. ბუნებრივია, ვგულისხმობთ, რომ ბენდუქიძის "კაპიტალი" "მადნეულშიც" "თბილისის წყალშიც" და "სახალხო ბანკშიც" რუსული კაპიტალი იქნება, ისე როგორც, "ვითიბი ჯორჯიას" რუსული სახელმწიფო ბანკის კაპიტალი და "სბერბანკის" კაპიტალიც, რომელიც გავრცელებული სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, "ბითიეი ბანკის" ყიდვას აპირებს.

"ბ&ფ"
[i][b]