DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ნიკა გილაური არასწორი გათვლების გაკეთებაში კიდევ ერთხელ ამხილეს

ნიკა გილაური არასწორი გათვლების გაკეთებაში კიდევ ერთხელ ამხილეს


12 აგვისტო 2009. : merabi
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" (აფბა) პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ, უკვე მეორედ; არასწორი გათვლების გაკეთებაში ამხილა. 31 ივლისს მთავრობის სხდომაზე; ნიკა გილაურის განცხადებით, იგი ქვეყნის ეკონომიკაში გაჯანსაღების ტენდენციებს ხედავს. ამის დასტურად, პრემიერ გილაურს შემდეგი ციფრები მოჰყავს: დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი კომპანიების ჯამური ბრუნვა, მაისთან შედარებით, ივნისში 6%-ით გაიზარდა და ზრდის ტენდენცია ივლისშიც გრძელდება. ივლისში საბანკო დეპოზიტების ზრდის ტემპმა 10% შეადგინა, ხოლო ეროვნული ბანკის წმინდა რეზერვების ზრდამ - 19%-ი.
რამდენად შესაძლებელია ამ მაჩვენებლებით ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე საუბარი, ეს სხვა საკითხია. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" ამ განცხადების ერთ პუნქტზე აკეთებს აქცენტს, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ბოლო ერთ თვეში 19%-ით არის გაზრდილი.
ქვეყნის ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდა თავისთავად მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია. მაგრამ აღსანიშნავია, რომ თუ ამ რეზერვების ზრდა ვალის აღების ხარჯზე მოხდა, ეს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე ნამდვილად არ მიუთითებს. სებ-ის შემთხვევაში კი რეზერვების ზრდა უმეტესწილად მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული დახმარებების ხარჯზე მოხდა.
"აფბა" დაინტერესდა, თუ რამდენი იყო ეროვნული ბანკის რეზერვები ივნისის ბოლოს და რამდენს შეადგენს ის ახლა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რომელიც ეროვნულმა ბანკმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, სებ-ის წმინდა რეზერვები 1 აგვისტოს მდგომარეობით 1 624 297 000 ლარს შეადგენს და იგი ბოლო ერთ თვეში 119 758 000 ლარით არის გაზრდილი. ელემენტალური მათემატიკის წყალობით, ნებისმიერი პროცენტის გამოანგარიშების მცოდნე ადამიანი იოლად გაარკვევს, რამდენად სწორი ინფორმაცია გააჟღერა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა.
გილაურის განცხადებით რეზერვები 19%-ით გაიზარდა, რასაც ოფიციალური მონაცემები არ მოწმობს. ივლისის დასაწყისში სებ-ის წმინდა რეზერვები 1 504 539 000 ლარს შეადგენდა, ივლისის მანძილზე ის 1 624 297 000 ლარამდე, შესაბამისად 7,9%-ით გაიზარდა და არა 19%-ით, როგორც ეს პრემიერმა გაახმოვანა.
პრემიერ-მინისტრის განცხადების შესაბამისად რეზერვები მართლაც 19%-ით, რომ გაზრდილიყო ე.ი. ივლისში ის 285 862 410 ლარით უნდა მომატებულიყო. აქდან გამომდინარე პრემიერმა, ისეთი განცხადება გააკეთა, რომლის შედეგადაც მან 166 104 410 ლარით, 2-ჯერ და მეტად გაზდილი ციფრი დასახელა.
"რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, ალბათ, 166 მლნ. ლარს დიდ თანხად არ მიიჩნევს. მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული 4 პარამეტრიდან, რომლებზე დაყრდნობითაც გილაური ეკონომიკში გაჯანსაღებაზე საუბრობს, 1 გაორმაგებული ციფრი აღმოჩნდა, დანამდვილებით იმის თქმა ძნელია, დანარჩენი ციფრები, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს", - აღნიშნავენ აფბაში.
შეგახსენებთ, რომ ეს პრემიერ-მინისტრის რიგით უკვე მეორე შეცდომაა, რომელიც გათვლებში შემთხვევით ან მიზანმიმართულად დაუშვა.
ივლისის ბოლო ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტის 1,75%-დან 1,5%-მდე შემცირების შედეგად, 700 მლნ. გამოუთავისუფლდებოდათ. აფბა-ს ანალიტიკოსების გაანგარიშებით, ეს ციფრი რეალურად 125 მლნ.ს შეადგენს. ამის თაობაზე აფბა-მ განცხადება ერთი თვის წინ გააკეთა.