DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > რა საჭიროა ბანკი, რომელიც სესხებს არ გასცემს

რა საჭიროა ბანკი, რომელიც სესხებს არ გასცემს


27 ივნისი 2009. : merabi
ჩვენი ბანკების უმეტესობას მხოლოდ ფულის გატარების ფუნქცია დარჩა

ქართულ ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია. მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს არ აღიარებს და შექმნილ მდგომარეობას მხოლოდ რეცესიას უწოდებს. ტერმინებზე დავა საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეებს არაფერს აძლევს, მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს ეკონომიკურ თეორიებში რას უწოდებენ კრიზისს და რას რეცესიას, მთავარია, რომ ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ მუშაობს. ამის თქმის საფუძველს, ეკონომიკის ნებისმიერი კონკრეტული სეგმენტის ელემენტარული ანალიზი იძლევა. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის, საბანკო სექტორის გამართული მუშაობაა.
გარეგნულად ბანკებს პრობლემები მართლაც არ ეტყობათ, ერთი შეხედვით, საბანკო სისტემაში ყველაფერი ნორმალურადაა. თუ ბანკების ოფიციალურ ვებ-გვერდებს გადავხედავთ, ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ფუნქციონირებას, გასცემენ სხვადასხვა სახის კრედიტებს, იღებენ ანაბრებს და ასე შემდეგ.
ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში საბანკო მომსახურება გაცილებით მეტ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე ჩვეულებრივი კერძო ბიზნესი. ეკონომიკას სჭირდება სხვადასხვა სახის ინვესტიცია ანუ ფინანსური რესურსი. ბანკების მთავარი ფუნქცია ეკონომიკისთვის ფინანსური რესურსის მიწოდებაა. თუ ეკონომიკაში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა შეიზღუდება, შეიზღუდება ეკონომიკაში მოთამაშე სუბიექტების შესაძლებლობები, რასაც მთლიანად ეკონომიკის დაცემა მოჰყვება. ეკონომიკური პროცესის შენელება, რა თქმა უნდა, თვით საბანკო სისტემის პოზიციებსაც დაარტყამს.
ქართულ საბანკო სისტემაში არასასიამოვნო ძვრები ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში დაიწყო, როდესაც კრედიტებზე პროცენტები ბანკებმა ლამის ერთხმად ასწიეს. ამას მოჰყვა აგვისტოს ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გაღრმავება. მსოფლიო კრიზისის გამო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური რესურსები ძნელადხელმისაწვდომი გახდა. დაცემული რეიტინგების გამო, ფინანსური რესურსები განსაკუთრებით მიუწვდომელი საქართველოსთვის გახდა. ამ ყველაფრის გამო, ბანკებმა, ბუნებრივია, შეზღუდეს ქართულ ეკონომიკაში ფულის იმ მეთოდით ჩადება, როგორც ეს მანამდე იყო მიღებული. თუ ადრე სხვადასხვა შინაარსის კრედიტებს ბანკები კლიენტებს ლამის ძალით `ატენიდნენ~, სადღეისოდ მეორე უკიდურესობაში არიან გადავარდნილები და კრედიტებს, პრაქტიკულად, აღარ გასცემენ.
მდგომარეობის შესასწავლად "ბ&ფ"-ს რედაქცია თითქმის ყველა ისეთ ბანკს დაუკავშირდა, რომელიც მათ ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სესხებს გასცემენ. ჩვეულებრივი კლიენტის ამპლუაში ბანკების ერთი ჯგუფის შესაბამისმა მუშაკებმა თავაზიანად გვიპასუხეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სესხი რა მიზნით უნდა გაიცეს, იქნება ეს ბიზნესის განსავითარებლად, ავტომობილის ან უძრავი ქონების შესაძენად, თუ უბრალოდ სამომხმარებლო მიზნებისთვის. თუმცა, სესხს გასცემდნენ ერთადერთ შემთხვევაში - თუ ის უზრუნველყოფილი იქნებოდა მყარი გარანტიით.
ზოგადად, ბანკების დამოკიდებულების გასაგებად ორ რეალურ ისტორიას გავიხსენებთ. ეს ისტორიები განსხვავებულია, თუმცა აქ კარგად ჩანს საბანკო სისტემის დამოკიდებულება ბიზნესისადმი.
ერთ-ერთმა საშუალო მასშტაბების ბრუნვების მქონე კომპანიამ, ერთ-ერთ ქართულ ბანკს, რომელიც მცირე ბიზნესის მომსახურებით იწონებს თავს, 5 ათას ლარიანი კრედიტის მოთხოვნით მიმართა. ამჯერად ანტირეკლამის გაკეთება რომ არ გამოგვივიდეს, ბანკების სახელებს კონკრეტულად არ დავასახელებთ. სხვა დროს კონკრეტული ბანკების მითითება, იქნებ უფრო წაადგეს ჩვენს საბანკო სისტემაში დაფიქსირებულ უამრავი ხარვეზის გამოსწორებას და მკურნალობას. თორემ ჩვენი ბანკების ნაწილი ღრმა კრიზისისკენ მიექანება. მოკლედ, ამ ბანკმა საქმის შესწავლას 2 კვირა მოანდომა, კომპანიას ისეთი საბუთების შეგროვება მოსთხოვა, რომელიც 200 ლარი დაჯდა, კლიენტს ამ ბანკში ანგარიშის გახსნა დირექტიულად მოსთხოვა, რაც რატომღაც ყველა ბანკისგან განსხვავებით, ფასიანი იყო. ბანკის კრედიტ-ოფიცერი კომპანიის ოფისსაც სტუმრობდა, რომელმაც საქმის ორკვირიანი შესწავლის მერე დაასკვნა, ის სფერო, რომელშიც კლიენტი საქმიანობდა მაღალი რისკების ჯგუფში შედიოდა და პასუხის მისაღებად ბანკში მისული კლიენტი დაახლოებით 1 საათი ალოდინა, შემდეგ მოუცლელობის მიზეზით პირადადაც არ ინება მისთვის უარის თქმა და უარი დაცვის წევრს დააბარა. არადა, ეს ბანკი უცხოური აბრევიატურით, ჩვენს ბაზარზე საკმაო ხანია მუშაობს და საკმაოდ რესპექტაბელურადაც ითვლება. გასაოცარია, მაგრამ როგორ?!
მეორე თვალსაჩინო მაგალითი. ერთ-ერთი ქართული ბანკიდან საკმაოდ სერიოზულმა კომპანიამ გადაწყვიტა ოფისის შესაძენად იპოთეკური სესხის აღება, მოთხოვნილი კრედიტის რაოდენობა 38 ათასი დოლარი იყო. გასათვალისწინებელია ის, რომ კომპანიას აქვს შესაბამისი ბრუნვები. ბანკმა საქმის ხანგრძლივი, დაახლოებით, ერთთვიანი შესწავლისა და დოკუმენტების განხილვის შემდეგ მოითხოვა, რომ კომპანიას სესხის უზრუნველსაყოფად ჩაედო თავად ოფისი, რომლის შეძენაზეც იყო საუბარი და სამ ოთახიანი ბინა ქალაქის ცენტრში. კლიენტი ასეთ პირობაზეც თანახმა გახლდათ, თუმცა, ბანკმა ერთობ საკვირველი გადაწყვეტილება მიიღო, ნაცვლად მოთხოვნილი 38 ათასი დოლარისა, რომლის გადახდასაც კლიენტი 3 წლის მანძილზე გაწერილი გრაფიკის მიხედვით ითხოვდა, ჩვენი რეალობის ერთ-ერთმა მსხვილმა ბანკმა კლიენტს მხოლოდ 20 ათასი დოლარი შესთავაზა, ისიც 6 თვეზე გაწერილი გრაფიკით. კლიენტი საკმაოდ სერიოზული კომპანიის წარმომადგენელი გახლდათ და ბუნებრივია, არ წავიდა ასეთ კაბალურ წინადადებაზე.
ერთ-ერთმა ბანკმა (ამჯერად როგორც აგიხსენით, პატიებას გთხოვთ იმისთვის, რომ ბანკებს კონკრეტულად არ ვასახელებთ), რომელიც ძირითადად მცირე სესხებს გასცემს, ფიზიკურ პირებზე კრედიტების გაცემა შეწყვიტა. აბა, სეირი თუ გინდა, ეგ არის! ხოლო საქართველოში ახლახანს შემოსული მსოფლიო დონის ბანკი აცხადებს, რომ ფიზიკურ პირებს საერთოდ აღარ მოემსახურება. ესეც საოცარი ამბავია.
ამ ისტორიებში კარგად ჩანს, რომ ბანკებს ქვეყნის ეკონომიკა, შესაბამისად, ბიზნესის განვითარება აღარ აინტერესებთ. ისინი მხოლოდ საკუთარ რისკებზე ფიქრობენ და ისეთი მიმართულებით აგრძელებენ მუშაობას, რომელიც სწრაფ და ადვილ მოგებას მოუტანთ. ეს, რა თქმა უნდა, დასაძრახი არ არის, ასე მუშაობენ ლომბარდები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მაგრამ მათ ბანკები არ ჰქვიათ. ამ ფონზე, ისმის კითხვა, რა საჭიროა ბანკი, თუ ის კრედიტებს არ გასცემს. ერთი ჩვენებური პატარა ბანკს "ბანკა"-ს ეძახდა. ხომ არ მოგვიმრავლდა ასეთი ჭურჭლის მსგავსი საფინანსო ინსტიტუტები?!
ბანკებს შველა სჭირდება. ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული ამერიკის, ევროკავშირის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის მთავრობებს. მხოლოდ ვარდისფერი სათვალიდან მომზირალ ჩვენს ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს ეს ჯერ ვერ გაუაზრებია.