DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ქართული ეკონომიკის ვაი-ვაგლახი
ქართული ეკონომიკის ვაი-ვაგლახი27 ივნისი 2009. : merabi |
|
ნაბუკოს EBRD-ც დააფინანსებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ნაბუკოს პროექტს დააფინანსებს და პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, თუმცა თანხის ოდენობა ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის. პროექტისთვის ევროკავშირმა უკვე 200 მილიონის გამოყოფა გადაწყვიტა დანარჩენი თანხის მოძიება კი გაგრძელდება. "იაფ კრედიტს" გამკაცრებული პრობებით გასცემენ მიმდინარე კვირას ეკონომიკის სამინისტრომ იაფი კრედიტის გაცემის უფლება ტენდერში მონაწილე სამივე ბანკს მისცა. "სახალხო ბანკი", "ვითიბი ბანკი" და "ბაზის ბანკი" 2%-იან სახელმწიფო რესურსს წარდგენილი პროექტების მიხედვით გაინაწილებენ. უკვე ცნობილია, რომ თითოეულმა მათგანმა იაფი კრედიტის ფარგლებში მაქსიმუმ 20.000 ლარის ოდენობის სესხი შვიდი წლის ვადით წლიური 12%-ის ფარგლებში უნდა გასცეს. თუმცა ბანკებს საგირავნო უზრუნველყოფის განსხვავებული პირობების მოთხოვნის უფლება მიეცათ. მათ შორის "სახალხო ბანკი" მსესხებლისგან აღებული კრედიტის უზრუნველსაყოფად გირაოში 200%-თ მეტი ქონების ჩადებას ითხოვს, "ბაზისბანკი" 150%-ით, "ვითიბი ბანკი" - 120%-ით. წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში 18.486.000 ლარის იაფი სესხები გაიცემა. პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სამეწარმეო სექტორში მოქმედ ბიზნესებს მიენიჭება. "სახალხო ბანკო" არასაბანკო აქტივებს ყიდის იმავდროულად იაფი კრედიტის ტენდერის ერთ-ერთი გამარჯვებული "სახალხო ბანკი" არასაბანკო აქტივების დათმობას განაგრძობს და რესტორნების ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელ "ჯიემსი ჯგუფში" კუთვნილი 30%-დან 10%-ი, მეორე დამფუძნებელს "ჯიემსი ჰოლდინგს", დაუთმო. შედეგად, "ჯიემსი ჰოლდინგი" აქციათა 80%-ს ფლობს. გარიგების ღირებულება არ კონკრეტდება. 10%-იან წილში "ჯიემსიმ" "სახალხო ბანკს", სავარაუდოდ, 2.5 მლდნ. ლარზე მეტი გადაუხადა. ბანკში აცხადებენ, რომ მათთვის შეთავაზება მიმზიდველი იყო და წილიც ამიტომ დათმეს. ამ დათმობის პარალელურად კი "სახალხო ბანკმა" სახელმწიფო პენსიებისა და სოციალური ვალდებულებების შესრულების ტენდერში კვლავ გაიმარჯვა. სოციალური სუბსიდიების სააგენტოში განაცხადი სხვა ბანკს არ შეუტანია. სატენდერო პირობების მიხედვით, ბანკი სახელმწიფო პენსიების, საყოფაცხოვრებო სუფსიდიების, სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების გაცემას 2012 წლის ბოლომდე მოემსახურება. საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე პროდუქციის კონტროლი მკაცრდება 1 ივლისიდან, ადგილობრივი ბაზრის დაცვის მიზნით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე პროდუქციის კონტროლი მკაცრდება. ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფარგლებში იმპორტირებული საქონელი ლაბორატორიულ შემოწმებას დაექვემდებარება, რაც ქვეყანაში უხარისხო საკვების შემოსვლას შეამცირებს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით გაკონტროლდება მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქცია. დარღვევაზე ეჭვის შემთხვევაში ტვირთი საკარანტინო ზონაში გადავა და ლაბორატორიული დასკვნის გამოქვეყნებამდე პროდუქციის რეალიზაცია არ განხორციელდება. თურქები ჰესებს ვეღარ აშენებენ მიმდინარე კვირასვე გაირკვა, რომ თურქულ კომპანია "აჭარ ენერჯის" საქართველოში სამი ჰესის მშენებლობის პროექტი, კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე, მათი მდებარეობის გამო, ჩაუვარდა. 2008 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ კომპანიასთან 7 ჰესის მშენებლობაზე მემორანდუმი ისე გააფორმა, რომ ეს ფაქტორი არ გაითვალისწინა. ცვლილება ხელშეკრულებაში მხოლოდ ერთი კვირის წინ შევიდა, რის საფუძველზეც მთავრობამ "აჭარა ენერჯის" 1.5 მლნ. დოლარის საბანკო გარანტიები უნდა დაუბრუნოს. ახალი შეთანხმებით, თურქული კომპანია აჭარაში მდინარე ჭოროხზე მხოლოდ 4 ჰესს ააშენებს. ამ პროექტის საერთო ღირებულება კი 119.000.000 დოლარი იქნება. მეღვინეებს ფულს კვლავ აჩუქებენ, მაგრამ მაინც უჭირთ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდებიან, რაც მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობას გაზრდის. საექსპორტო ღვინის ერთიანი ეტიკეტირების ინიციატივა "აი ოუ ს პარტნერს" ეკუთვნის, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკვეთით ამჟამად მეღვინეობის სტრატეგიის დაწერაზე მუშაობს. საექსპორტო პროდუქციის ერთიანი ეტიკეტირება სავალდებულო იქნება, რომელზეც მწარმოებელი კომპანიების ლოგოების გარდა გამოჩნდება წარწერა Wine Of Georgia. პროექტი 2010 წლიდან ამოქმედდება, რაც, მთავრობის გათვლებით, მწარმოებლებს ქართული ღვინის იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს. სახელმწიფო კი ვალდებულებას იღებს ქართული ღვინოების რეკლამირებაზე საბიუჯეტო თანხებით იზრუნოს. თუმცა, თუ კომერციულმა ბანკებმა აგროსესხების გაცემა არ განაახლეს, მაშინ ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციამ შეიძლება არათუ უცხოურ, ადგილობრივ დახლებამდეც ვერ მიაღწიოს. 2009 წლის რთველისთვის მეღვინეებმა მზადება უკვე დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე სესხების აღებას ვერ ახერხებენ. პრობლემის გადაწყვეტასა და თანხების მოძიებას საშუალო და მცირე ღვინის კომპანიები ძირითადად იაფი კრედიტის პროგრამაში მონაწილეობის ხარჯზე გეგმავენ. შემდგომ ამ თანხით ყურძნის შეძენას ვარაუდობენ, თუმცა ფინანსური კრიზისის გარდა მეწარმეებს პრობლემები უკრაინის ბაზარზე ღვინის რეალიზაციის მხრივაც შეექმნათ. რუსების შემდეგ ყველაზე მსხვილ უკრაინულ ბაზარზე ბევრ სხვა პროდუქტთან ერთად ქართული ღვინის რეალიზაციაც კატასტროფულად შემცირდა. Metro Media International Group გაკოტრდა ამერიკულმა კომპანია Metro Media International Group-მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და განაცხადი სასამართლოში შეიტანა. კომპანიის გაკოტრება ფინანსურ სირთულეებს უკავშირდება. Metro Media ფიჭური კავშირგაბმულობის ქართული ოპერატორის, "მაგთიკომის", არაპირდაპირი მფლობელია, თუმცა "მაგთის" პირდაპირი მესაკუთრე მისი შვილობილი კომპანია "ინტერნეიშენალ თელ სელ სელარია". "მაგთის" ოფისში აცხადებენ, რომ Metro Media-ს შესაძლო გაკოტრება კომპანიის საქმიანობაზე არ აისახება, თუმცა ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიის აქტივები მისი კრედიტორების ხელში გადაინაცვლებს. რამდენად შეცვლის ეს "მაგთის" სადამფუძნებლო სტრუქტურას, სადაც საკონტროლო პაკეტი კვლავაც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიძეს, გია ჯოხთაბერიძეს, ეკუთვნის, უახლოეს ხანებში გამოჩნდება. "საქართველოს ბანკისა" და მისი შვილობილი კომპანიების აქციებზე მოთხოვნა აღდგა მიმდინარე კვირას გამოცოცხლება შეინიშნებოდა ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. საქართველოს საფონდო ბირჟაზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 12.700 ლარის ღირებულების აქციები გაიყიდა. "საქართველოს ბანკის" აქციების გარდა, რომელზეც ინტერესი, ტრადიციულად, ყოველთვის არსებობს, გარიგებები კავკასიის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის და "თელიანი ველის" ფასიან ქაღალდებზეც დაიდო. მსოფლიო ბანკი 2009-2013 წლებში საქართველოში 900 ათას დოლარს ჩადებს მსოფლიო ბანკმა კი მიმდინარე კვირას საქართველოში დასაფინანსებელი პროექტების 8 პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა. პრიორიტეტებს შორის ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა-შენარჩუნება და სატრანსპორტო დერეფნის რეაბილიტაციაა. 20 წლიანი სტრატეგიული დოკუმენტი საბოლოო სახით ზაფხულის ბოლოსთვის ჩამოყალიბდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო ბანკის ჯგუფი 2009-2013 წლებში საქართველოში 900.000.000 დოლარამდე ღირებულების პროექტებს დააფინანსებს. 546.000.000 დოლარს საერთაშორისო განვითარების სააგენტო და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი გამოყოფენ, დაახლოებით 360 მილიონს კი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია გაიღებს. |