DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > "არ შეიძლება სახაზინო ვალდებულებები გაყიდო და ამით გზა ააშენო"

"არ შეიძლება სახაზინო ვალდებულებები გაყიდო და ამით გზა ააშენო"


27 ივნისი 2009. : merabi
ზურაბ ნოღაიდელმა სახაზინო ვალდებულებების ხარჯზე ყოველ ერთ ლარზე ბიუჯეტიდან 12 ათას ლარი აიღო

რამდენიმე კვირის წინ ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ განაცხადა. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ვერ ხერხდებოდა, რადგანაც პარლამენტი 2 თვის მანძილზე, ფაქტიურად, არ მუშაობდა. ახლა, როდესაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მუშაობის ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება, მთავრობა მას ბიუჯეტში ცვლილებების პაკეტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარუდგენს. იმისდა მიუხედავად, რომ შემოსავლების ნაწილში გადასახადები 500 მლნ-ით მცირდება, მთავრობის გეგმით, ბიუჯეტი 312 მლნ. ლარით გაიზრდება. ამ რაოდენობით მისი ზრდა სამინისტროების ხარჯების შემცირებით და, რა თქმა უნდა, უმეტესწილად, 260 მლნ. ლარის სახელმწიფო ვალდებულებების გამოშვების ხარჯზე ხდება.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო ვალდებულებებით ფინანსთა სამინისტრო 1998 წლიდან ვაჭრობდა და ის 2006 წელს შეწყდა, როდესაც ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის აუქციონზე საპროცენტო განაკვეთის საშუალო შეწონილმა 19,7-ს მიაღწია. მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა განაცხადა, რომ ბანკებმა სახელმწიფოს გაძარცვა მოინდომეს და ასეთ მაღალ პროცენტად იგი ვალდებულებების გაყიდვას არ აპირებს. ამის შემდეგ, უკვე ორი წელი, ხელისუფლებიდან არავის აზრადაც არ მოსვლია ამ ინსტრუმენტის ისვე ამუშავება.
ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფინანსური ინსტრუმენტის დაბრუნებას ექსპერტების უმრავლესობა უარყოფითად შეხვდა. მათი შეშფოთების მთავარ მიზეზად ამ ინსტრუმენტით ჩინოვნიკების ხელის მოთბობის საშიშროებაა. საზოგადების კულუარებში აქტიურად მიდის იმის შესახებ საუბარი, თუ როგორ იშოვა ზურაბ ნოღაიდელმა ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დიდი რაოდენობის თანხა სახაზინო ვალდებულებებით ვაჭრობის შედეგად. სწორედ ამიტომაცაა, რომ ეკონომისტები მთავრობის ამ ნაბიჯს არ იწონებენ და მას კიდევ ერთ პიარ-მოქმედებად მიიჩნევენ.
სახაზინო ვალდებულებების ავკარგიანობაზე, მთავრობის მხრიდან ამ ნაბიჯის შეფასებასა და ნოღაიდელის მიერ `მუქთად~ ნაშოვნ ფულზე კომენტარის გაკეთება ეკონომიკის ექსპერტს, პოლიტიკური გაერთიანება "ალიანსი საქართველოსთვის" წევრს ვაჟა კაპანაძეს ვთხოვეთ.

- ბატონო ვაჟა როგორ შეაფასებდით ფინანსთა სამინისტროს მიერ 260 მლნ. ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვების იდეას, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ამ ნაბიჯის გადადგმა დღევანდელ პირობებში?
- ჩემი აზრით, მთავრობამ დაინახა, რომ საგადასახადო ნაწილის შემოსავლებში სერიოზული პრობლემები ექმნებათ, და ამას სახაზინო ვალდებულებებით აფინანსებენ.
როგორც პროგნოზი გაკეთდა, შესაძლებელია, ბიუჯეტში გარღვევამ ზაფხულსა და შემოდგომაზე 500 მილიონს მიაღწიოს, ამიტომ მთავრობაში გადაწყვიტეს, რომ ბანკებისგან ფული ამოიღონ და ამით ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელონ. სახაზინო ვალდებულებები არა არის ასეთ რამეზე გათვლილი, მითუმეტეს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. როგორ შეიძლება, რომ სახაზინო ვალდებულებები გაყიდო და ამით გზა ააშენო. ამათ თავში ტვინი სულ არ აქვთ. მერე ბანკს ის ფული ხომ უნდა დაუბრუნონ? გზა ამ ფულს როგორ მოიტანს? არ შეიძლება ასე, სახაზინო ვალდებულებებს ეს დანიშნულება არ აქვს. ეს არის ბლეფი. ამ ვალდებულებებით მიმდინარე ხარჯები - ხელფასები, პენსიები იქნება დაფინანსებული. 512 მლნ. ხომ ისედაც აქვთ გზების მშენებლობისთვის გამოყოფილი. ეს რომ მიემატება, რვაასამდე ავა და მოხდება გადაფარვა. გზა ხომ ვერ იყვირებს, რომ 800 კილომეტრი უნდა დაეგოთ და 400 რატომ დააგეთო? ამ თანხას ხელფასებზე და პენსიებზე გაუშვებენ, გზებს იმის ნახევარს დააგებენ, რაც განსაზღვრული აქვთ. აი, ეს არის სულ მაგათი გეგმა. სხვა ამას არავითარი აზრი აქვს. წელს მიმდინარე ხარჯებში სერიოზული დეფიციტი იქნება, მთავრობამ ეს დაინახა და ამ პრობლემის მოგვარება სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით გადაწყვიტა, რაც სრულიად მიუღებელი ფაქტია.
საერთოდ სახაზინო ვალდებულებებს სახელმწიფო მაშინ უშვებს, როდესაც მიმდინარე ხარჯებში აქვს დეფიციტი. სახელმწიფო ვალდებულებებს მოკლევადიანი პერიოდით უშვებს ეს არის 15, 30 ან მაქსიმუმ 90 დღიანი ვადით. ეს გარკვეულწილად ყველაზე ლიკვიდური ვალდებულებაა.
სახაზინო ვალდებულებები არ იყიდება ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად, ის მხოლოდ მიმდინარე ყოველთვიური ხარჯების გასაცემად გამოიშვება. ბიუჯეტის დაპროექტების დროს მასში საორიენტაციო ციფრი იდება, რომ თუ მომავალ წელს გაგიჭირდა, რა რაოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვების უფლება გაქვს. მაგალითად, წლის დასაწყისში უნდა თქვა, რომ 12 მლნ - ს ფარგლებში გადინება გააკეთო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წლის დასაწყისში 12-ვე მილიონი გაყიდო და წლის ბოლოს გადაიხადო. მაგალითად, თუ მე იანვრის ბოლოს შემექმნა 6 მლნ-ს დეფიციტი, მაშინ, ვთქვათ, 15 დღიან, ამ რაოდენობის სახაზინო ვალდებულებებს გამოვუშვებ, ხოლო თებერვალში უკვე 8 მლნ-ის სახაზინო ვალდებულებებს, რადგან იმ 6 მლნ-ს პროცენტიც ხომ დაემატა და ახლა ისიც გადასახდელი მაქვს. აქ მთავარია, რომ წლის დასაწყისში განსაზღვრული 12 მლნ-ს არ გადავცდე, თავისი პროცენტის ჩათვლით.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელ ბიუჯეტში სახაზინო ვალდებულებების გამოშვება არ იყო განსაზღვრული. დღეისათვის ვალდებულებების გამოშვება ქვეყნისთვის დამღუპველია, რადგან ამ თანხის საბანკო სექტორიდან ამოღება ხდება. კომერციული ბანკი ამას, რა თქმა უნდა, იყიდის, თუ იგი მაღალპროცენტიანი და გრძელვადიანი იქნება, ხოლო მას ეკონომიკის დასაკრედიტებლად ფული აღარ დარჩება.
ასე ერთი ხელის მოსმით სახაზინო ვალდებულებების გამოშვება არ შეიძლება, იმიტომ, რომ შესაძლებელია ამ ნაბიჯით საბანკო სექტორი დაანგრიო. ბანკებისთვის ამაზე კარგი შესაძლებლობა არ არსებობს, ბანკი თავის ფუნქციონირებას შეწყვეტს და სახაზინო ვალდებულებების წურბელა გახდება.
დღეისათვის საქართველოში კომერციულ ბანკებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან თანხები 7%-ად აქვთ მოზიდული, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობიდან 10-11%-ად. ამასთან ბანკებს თავისი შიდა ხარჯებიც დაახლოებით 4%-ი აქვს. ე.ი. ბანკებისთვის სახაზინო ვალდებულებების პროცენტი 14-ზე ნაკლები მომგებიანი აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ მინიმუმ 14%-იანი სესხი უნდა მისცეს მათ. ბანკებისთვის კი ეს ძალიან კარგი და მომგებიანი საშუალება იქნება. მათ თანამშრომლებიც კი აღარ დაჭირდებათ, სულ 2 კაცი შეასრულებს მთელ ამ ოპერაციებს, ანუ თანხას მოიზიდავს და ბიუჯეტს მიასესხებს. ეკონომიკას რა მერე? არც არაფერი.
2008 წელს ბანკებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, საშუალოდ, 7%-ად, 3 მლრდ. დოლარამდე თანხა ჰქონდათ მოზიდული, ხოლო ადგილობრივი რესურსებიდან მილიარდიც არ იყო. ბანკებს რეალურად ამდენი თანხა არ სჭირდებოდათ, ანუ ბაზარზე ამდენი მოთხოვნა არ იყო, ამიტომაც ადგნენ ბანკები და ეს თანხა ფაქტიურად `შეტენეს~ მოსახლეობას, რითაც პასუხისმგებლობას აარიდეს თავი და სირაქლემას პოზიცია დაიკავეს. ვითომ ისინი არაფერ შუაში არიან, მათ სესხები გასცეს და უბრალოდ ამის ამოღებას ვეღარ ახერხებენ. საერთაშორისო დონორებმა ჩვენ ბანკებს 600 მილიონის დახმარება გამოუყვეს. ეს ფული ქართული ბანკების საერთაშორისო დონორების ვალების დასაფარავად გადამისამართდა, ანუ ბანკებს ვალები ერთი წლით გადაუვადეს ახალი სესხის მიცემის საფუძველზე.
მართალია, ამ დახმარების მიღების გარეშე ქართულ ბანკებს სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ, მაგრამ მთლიანად თუ არა ამ საკუთარი ვალების რაღაც ნაწილის დაფარვა მაინც შეეძლოთ. ანუ ცოტა ფული ჰქონდა, რომელიც მათ დარჩათ. ახლა კი სახელმწიფო მიდის მათთან და ეუბნება, რომ ის ფული, რაც დაგრჩა, მე მომეცი სახელმწიფო ვალდებულებების ხარჯზეო, არც ბანკი წავა ამის წინააღმდეგ, თუ პროცენტი იქნება მაღალი. ბანკი საკუთარი ფულით ვალდებულებებს იყიდის, ხოლო ეკონომიკის დაკრედიტებას კი სულაც დაანებებს თავს. ეს არის სპეკულაცია და მეტი არაფერი. ასეთი ნაბიჯით მთავრობა ეკონომიკას ანგრევს.
მთელ მსოფლიოში სახელმწიფო ვალდებულებებს საპენსიო ფონდები და ისეთი ორგანიზაციები ყიდულობენ, რომლებსაც დაბალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ და ნაკლებ პროცენტის მიღებაზეა თანახმა. მას საინვესტიციო ბანკი არ იყიდის. იმიტომ, რომ მისი სტრატეგია მეტ მოგებას ითვალისწინებს. ჩვენთან სახაზინო ვალდებულება იმ საპროცენტო განაკვეთით, იმ ფასად უნდა გაიყიდოს, რაც ბაზარზეა. ეს კი ქვეყნის ბიუჯეტსაც ანგრევს და საბანკო სისტემასაც.

- თუ ხართ ინფორმირებული ადრე როგორ ხდებოდა სახაზინო ავლდებულებების გამოშვება, რა რაოდენობით ხდებოდა მათი გამოშვება და საერთოდ, რა არის სახელმწიფო სახაზინო ვალდებულება, თუ შეიძლება მკითხველს ავუხსნათ, რა არის მისი არსი?
- ადრე ვალდებულებებს ჩვენ შეზღუდული თანხით ვუშვებდით, მაგალითად პირველად, როდესაც ბიუჯეტში ჩაიდო სახაზინო ვალდებულებების შესახებ განკარგულება, მხოლოდ 6 მლნ. იყო მისთვის განსაზღვრული, ხოლო შემდეგ 12 მლნ-მდე გაიზარდა. სახაზინო ვალდებულებები თავისი არსით არის ფინანსური პირამიდა. განვიხილოთ მაგალითი, თუ გამოუშვი 1 მლნ. სახაზინო ვალდებულებები 30 დღის ვადით, ამ პერიოდის შემდეგ ახალ სახაზინო ვალდებულებებს გამოუშვებ, რომლებიც ამ 1 მლნ. ლარსაც დაფარავენ და მის პროცენტსაც, ხოლო შემდეგ კიდევ გამოუშვებ, რომელიც ამ ხარჯებს დაფარავს და ა.შ. გრძელდება წლის ბოლომდე, ოღონდ წინა წლებში ეს განსაზღვრული იყო, თუ წლის ბოლოს სახაზინო ვალდებულებებს რა თანხისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა. მაგალითად, თუ იყო 6 მლნ. განსაზღვრული, მაშინ წლის ბოლო სახაზინო ვალდებულებებს თავის პროცენტიანად 6 მლნ-სთვის არ უნდა გადაეჭარბებინა. თავიდან, როდესაც სახაზინო ვალდებულებების გამოშვება დავიწყეთ, განსაზღვრული იყო, რომ 6 მლნ. ლარზე მეტი არ ყოფილიყო, რადგან ამ თანხის ამოღება კომერციული ბანკებიდან ხდება, რაც, თავის მხრივ, საბანკო კრედიტების გაძვირებას იწვევს. თუ სახელმწიფომ ბანკებს 14 და 15%-ად ერთწლიანი ვადით კრედიტი მისცა, ბანკების რიგი დაუდგება, ბანკებს რაც ფული აქვთ, სულ სახაზინო ვალდებულებებს შეისყიდიან, წავლენ და საზღვარგარეთაც 7%-ად ისესხებენ ფულს და ამ თანხით სახაზინო ვალდებულებებს იყიდიან, სულ აიღებენ ეკონომიკის დაკრედიტებაზე ხელს.

- თუ იყო შესაძლებელი, რომ სახაზინო ვალდებულებები ფიზიკურ პირს შეეძინა, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო და საპროცენტო სარგებელს ვინ მიიღებდა?
- ადრე, როდესაც სახაზინო ვალდებულებებს ვუშვებდით, ფიზიკურ პირებს შეეძლოთ ეყიდათ ისინი, ბანკების დახმარებით. ანუ თუ მე მქონდა ბანკში დეპოზიტზე თანხა, ბანკს ვაძლევდი დავალებას, რომ ამ ფულით ეყიდა სახაზინო ვალდებულებები და მისი პროცენტიც, შესაბამისად, მე დამერიცხებოდა ანგარიშზე. მაგრამ აქ იყო ერთი საინტერესო ფაქტი. ეს სახაზინო ვალდებულებები ხომ აუქციონზე იყიდებოდა და პროცენტს წინასწარ ვერ განსაზღვრავდი. ამიტომ შენ ბანკს ოპერატიულად ვერ აძლევდი დავალებას, რომ ამა თუ იმ პროცენტად შენი ფულით რაიმე თანხის ვალდებულებებზე განაცხადი გაეკეთებინა. ეს ინფორმაცია კი მხოლოდ იმათთვის იყო ცნობილი, რომლებიც მის გაყიდვას ახდენდნენ. ბანკებმაც კი არ იცოდნენ ფინანსთა სამინისტრო როდის და რამდენს გამოიტანდა აუქციონზე. თუ ვინმეს ამის შესახებ ადრიანად ექნებოდა ინფორმაცია, დიდი მოგების ნახვა შეეძლო. ანუ, ვისაც ამაზე ხელი მიუწვდებოდა, ის მდიდრდებოდა, ვინც დროულად იყო აუქციონების შესახებ ინფორმირებული. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მშვენივრად იცოდა ეს ყველაფერი და კარგადაც სარგებლობდა ამ მექანიზმებით.
პირველად სახაზინო ვალდებულებები მიხეილ ჭკუასელმა გამოუშვა. ჭკუასელის მოდელი, რომელიც მერე ნოღაიდელმა კარგად გამოიყენა, კარგი საშუალება იყო ჯიბის გასასქელებლად. დავით იაკობიძის დროს ძალიან ცოტა იყიდებოდა, პრაქტიკულად, არც მიმდინარეობდა სახაზინო ვალდებულებებით ვაჭრობა. იაკობიძეს თუ მიმდინარე ხარჯებში ჰქონდა ხოლმე დეფიციტი, ბანკიდან პირდაპირ სესხს იღებდა.
სწორედ ჭკუასელმა დაიწყო სახაზინო ვალდებულებებზე პირველად ფულის კეთება, ხოლო ნოღაიდელმა კარგად დახვეწა იგი, მაგრამ აქ მარტო ნოღაიდელი არ იყო. ამ მექანიზმით ზურაბ ჟვანია და ნოღაიდელის ტანდემი ერთად აკეთებდა ფულს.
ზურაბ ნოღაიდელის ფინანსთა მინისტრობის დროს სახაზინო ვალდებულებების წლიური პროცენტი 300 და 400%-ს აღწევდა, და თუ შენ სახელმწიფოს ამ პირამიდაში აყვებოდი, შენც იგივე შემოსავალს მიიღებდი, ხოლო ეს ინფორმაცია, როგორც უკვე აღვნიშნე, მხოლოდ ფინანსთა მინისტრისათვის და ეროვნული ბანკისთვის იყო ცნობილი. ნოღაიდელი კი ამით მშვენივრად სარგებლობდა. მაგალითად, ადგებოდა და დღეს საღამოს გამოაცხადებდა, რომ სახაზინო ვალდებულებებს ხვალ გავყიდი. ვერც ბანკი და ვერც სხვა ფიზიკური პირი მის ყიდვას ვერ ასწრებდა და მას მხოლოდ ნოღაიდელი და მისი გარემოცვა ყიდულობდა, რომლებიც წინასწარ იყვნენ ამ აუქციონის შესახებ ინფორმირებულნი.
ნოღაიდელს თავისი ხალხი ჩასაფრებული ყავდა, ყველა სხვა კონკურენტს კი სპობდა, რომლებსაც დაბალ პროცენტად შეეძლოთ სახაზინო ვალდებულებების შესყიდვა. აუქციონზე მყიდველად მხოლოდ თვითონ რჩებოდა და განაცხადს ძალიან მაღალ პროცენტად აკეთებდა. ამ დროს თვითონ ფინანსთა მინისტრს ერთი შანსი აქვს: ან ჩაშალოს აუქციონი, ან იმ მაღალ პროცენტად გაყიდოს, რაც არის და ფაქტიურად გაძარცვოს ბიუჯეტი. ფინანსთა მინისტრი კი, რა თქმა უნდა, რომ პროცენტის 50-ამდე ასვლის შემთხვევაშიც კი არ ჩაშლიდა აუქციონს, რადგან იცოდა, რომ მას თვითონვე ყიდულობდა. ხშირად ისე ხდებოდა, რომ აუქციონზე მხოლოდ ერთი მსურველი იყო, მაგრამ ზოგჯერ თავისივე სხვა მოთამაშეებიც ჰყავდა, რომელიც დაბალ პროცენტად პატარა თანხაზე აკეთებდა განაცხადს, რომ ვითომ რეალურად თავისუფალი კონკურენცია იყო. ამ დროს გამყიდველიც თვითონ იყო და მყიდველიც და სახელმწიფოს ხარჯზე დიდ ფულს აკეთებდა, თან არსად არ ჩანდა და ვერც ვერავინ შეედავებოდა. ნოღაიდელს სახაზინო ვალდებულებები წლიურ 300%-ად ჰქონდა ხოლმე გაყიდული. თუ პროფესიონალი არ ხარ, ამას ვერც გაიგებდი. ფინანსთა სამინისტრო ამბობდა, რომ 15 დღიანი სახაზინო ვალდებულებები 10%-ად ან 15%-ად გაიყიდა. შენ იფიქრებ, რომ არა არის ძალიან მაღალი პროცენტი, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ წელიწადში 15 დღიან 24 ოპერაციას ასწრებ, მაშინ ამ სახაზინო ვალდებულებების წლიურ პროცენტი 300 და 400-ს აღწევს.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ნოღაიდელი დაახლოებით 4 - 4,5 წელიწადი იყო ფინანსთა მინისტრი, წარმოიდგინეთ, წლიურად 300 - 400% თუ ექნებოდა შემოსავალი, რა თანხებზე იქნება ლაპარაკი. უხეშად რომ დავთვალოთ, ყოველ ერთ ლარზე, რომლითაც სახაზინო ვალდებულებებს შეისყიდიდა, თავისი ფინანსთა მინისტრობის კარიერის დასასრულს, ამ 1 ლარზე მინიმუმ 12 150 ლარს აიღებდა.
ეს პირამიდა მე აღმოვაჩინე და პირველად ჯერ კიდევ ჭკუასელს ვუთხარი, რომ დიდ სისულელეს აკეთებდა. ამის გაკეთებას ბანკიდან პირდაპირ სესხის აღება ბევრად სჯობდა, მაგრამ არავინ მომისმინა.
საქართველოს საერთოდ ამ ინსტრუმენტის გამოყენება არც სჭირდებოდა. უბრალოდ, ამ მეთოდის დანერგვა ხდებოდა. რადგან შეიძლება ერთხელ ეს მეთოდი სახელმწიფოს დაჭირვებოდა, ამ დროისთვის კი იგი აპრობირებული და გამოცდილი უნდა ყოფილიყო. ესენი კიდე ამას ფულის კეთების საშუალებად იყენებდნენ.


მერაბ ჯანიაშვილი