DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > აქციებს ლარის კურსისთვის პრობლემები არ შეუქმნია
აქციებს ლარის კურსისთვის პრობლემები არ შეუქმნია15 აპრილი 2009. : merabi |
|
6-10 აპრილს აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსი 0.015 ნიშნულით დაეცა პოლიტიკურად დაძაბული კვირა დამთავრდა და არცთუ ნაკლებად დაძაბული იწყება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 9 აპრილის აქციებთან დაკავშირებით სავალუტო ბირჟაზე დაძაბულობა შეინიშნებოდა და ეროვნულ ბანკს ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად მილიონობით რეზერვების ხარჯვა უხდებოდა. ამასთან ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველი განცხადებისას ეკონომიკაზე აქციების უარყოფით გავლენას უსვამენ ხაზს. საინტერესოა, მართლაც რა ზეგავლენა მოახდინა აქციებმა და პოლიტიკურმა დაძაბულობამ ეროვნული ვალუტის კურსზე, დაიწყო თუ არა მოსახლეობასა და საფინანსო სექტორში პანიკაში? აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, წინა კვირაში სავალუტო ბირჟაზე რაიმე განსაკუთრებული მოვლენები არ მომხდარა. მთელი კვირის მანძილზე თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა და არც ლარს განუცდია რაიმე სერიოზული რყევები. 6-10 აპრილის აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 0.015 ნიშნულით დაეცა და პარასკევს, 10 აპრილს, თბსბ-ის დილის სავაჭრო სესიაზე 1 აშშ დოლარი 1.6900 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. გასულ კვირაში დილის ვაჭრობების მთლიანმა მოცულობამ 14 415 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7 165 000 აშშ დოლარით ნაკლებია წინა კვირის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით (21 580 000 აშშ დოლარი). საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კვირის საბირჟო სესიებზე 13 215 000 აშშ დოლარი გაყიდა. დილის სავაჭრო სესიებზე მყიდველის სტატუსით კომერციული ბანკები სულ 10-ჯერ გამოვიდნენ და მათ მიერ შეძენილმა თანხამ მთლიანობაში 14 415 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11 085 000 აშშ დოლარით მეტია წინა კვირის ანალოგიურ მაჩვენებელზე (3 330 000 აშშ დოლარი). კომერციული ბანკები უცხოური ვალუტის გამყიდველის სტატუსით დილის სავაჭრო სესიებზე 3-ჯერ გამოვიდნენ და მათ მიერ გაყიდულმა თანხამ 1 200 000 აშშ დოლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ 6-10 აპრილის პერიოდში, წინა კვირასთან შედარებით სავალუტო ბირჟაზე მოთხოვნის ზრდა დოლარზე დაფიქსირდა. თუ 30 მარტი-3 აპრილის პერიოდში ეროვნულმა ბანკმა 18 მლნ. დოლარი შეიძინა, ხოლო კომერციულმა ბანკებმა 3,5 მლნ. დოლარი, 6-10 აპრილის პერიოდში კომერციულმა ბანკებმა უკვე 14,5 მლნ. დოლარი შეიძინეს, ხოლო ეროვნულ ბანკს ამ პერიოდში აშშ დოლარში სავალუტო რეზერვები არ გაუზრდია. საანალიზო პერიოდში ბირჟაზე სულ 13 გარიგება დაიდო, რომელთა მოცულობები სხვადასხვა მიმართულებით მერყეობდა. კვირის დილის სავაჭრო სესიებზე ყველაზე დიდი გარიგება ოთხშაბათს, 8 აპრილს დაიდო და მისმა მოცულობამ 8 915 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9 435 000 აშშ დოლარით ნაკლებია წინა კვირის ანალოგიურ მაჩვენებელზე (18 350 000 აშშ დოლარი). ყველაზე დაბალი მოცულობა პარასკევს, 10 აპრილს დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ - 1 500 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1 170 000 აშშ დოლარით მეტია წინა კვირის ანალოგიურ მაჩვენებელზე (330 000 აშშ დოლარი). როგორც თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის მიერ მოწოდებული მონაცემებიდან ჩანს, წინა კვირაში სავალუტო ბირჟაზე რაიმე განსაკუთრებული მოვლენები არ მომხდარა და არც ლარის კურსს განუცდია მნიშვნელოვანი რყევები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქციებსა და დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციას, პირველადი მოხმარების საგნების ფასებზე ზეგავლენა არ მოუხდენია. არც მოსახლეობაში იგრძნობა რაიმე პანიკა და უარყოფითი მოვლენების მოლოდინში პროდუქტების მომარაგება არ შეინიშნება. როგორც სუპერმარკეტებში აცხადებენ, პროდუქტებზე ფასები არ გაზრდილა და ამ დღეებში, მომხმარებელთა ზუსტად ის რაოდენობა ფიქსირდება, რაც აქამდე იყო. ასე რომ, მთავრობის განცხადებები, რომ ქვეყანაში აქციები ეკონომიკას რეცესიაში ჩააგდებდა, ჯერ-ჯერობით არ მართლდება. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა იმაზე ადრე განიმუხტება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ისედაც გაჭირვებულ ეკონომიკას რაიმე სერიოზული პრობლემები შეექმნება. მერაბ ჯანიაშვილი |