DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ინვესტიციების უსარგებლობა, თუ არასწორი სანივესტიციო პოლიტიკა
ინვესტიციების უსარგებლობა, თუ არასწორი სანივესტიციო პოლიტიკა25 ოქტომბერი 2008. : tamuna |
|
"საქართველო" ჯერ ისევ ის საქართველოა "სიღარიბით" და "გარეშეს" გარეშე
საქართველოს უახლეს ისტორიაში ლოზუნგების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩიოდით, მაგრამ დამეთანხმებით, მათ შორის ყველაზე საამური და ოცნებების ამშლელი ერთი იყო: "საქართველო სიღარიბის გარეშე," თითქოს, ერთი შეხედვით, ამ ლოზუნგში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ აბა, წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანის ოცნებას უშლის ფრთას. ზოგი თავს ჩამონგრეული ჭერის გარეშე წარმოიდგენს, ზოგიერთი გარე მოვაჭრიდან ბედნიერ დიასახლისად ქცევაზე ოცნებობს და ზოგს სულაც წინა თვის ხელფასით ნაყიდი მანქანა ღარიბული ეჩვენება და მის შესაცვლელად იმედს სწორედ ამ ლოზუნგზე ამყარებს. ოცნებებზე "ლაპარაკი" შორს წაგვიყვანს და მის ნაცვლად კონკრეტულად "საქმეზე" გადავიდეთ. სიღარიბის დაძლევისთვის საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხერხი სცადა. ზოგმა ხერხმა არ გაამართლა, ზოგიერთმა, ალბათ, გაამართლა კიდეც, მაგრამ რატომღაც არ იგრძნობა!.. სიღარიბე და უმუშევრობა ისევ ყვავის საქართველოში. უმუშევრობა შემთხვევით არ გვიხსენებია. სწორედ უმუშევრობის პრობლემის მოგვარებაა ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის წინაპირობა.Dხალხის დასაქმებით ერთდროულად ორი საქმე კეთდება: ერთის მხრივ, იქმნება პროდუქცია, მეორე მხრივ კი სახელმწიფოს დასახმარებელ ოჯახთა რიცხვი უმცირდება. მაგრამ, როცა ადგილობრივი წარმოება ვერ ახერხებს სათანადო რაოდენობით დასაქმებას, ამ შემთხვევაში უმუშევრობის დასაძლევად ყველაზე მოხერხებული უცხოელი ინვესტორების შემოსვლაა. ინვესტიციების მოზიდვას დიდი მნიშვნელობა აქვს განვითარებადი ქვეყნისათვის. მაშინ, როცა ქვეყანას საკუთარი ეკონომიკის განვითარება დაუხმარებლად არ შეუძლია, უცხოელი ინვესტორი გადამრჩენლად მოევლინება ხოლმე. საქართველო, სამწუხაროდ, იმ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც უცხოური კაპიტალის გარეშე ეკონომიკის აღორძინება, უფრო ზუსტად კი, ზოგადად ეკონომიკის, როგორც დარგის განვითარება, ძალიან გაუჭირდებოდა. მიუხედავად ამისა საზოგადოებაში ხშირად არის ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, სასარგებლოა თუ არა ქვეყნისათვის უცხოელი ინვესტორის შემოსვლა, ქართული ობიექტების შესყიდვა და ასე შემდეგ. ბევრს ენანება ქართული საწარმო გასასხვისებლად, მაგრამ იშვიათად ვინმე ფიქრობს, რომ თუ არ გაასხვისე, სულ დაკარგავ და ავი ძაღლის პოზიციაში აღმოჩნდები. მოდით, შევეცადოთ უმარტივესად ავხსნათ ინვესტორთა შემოსვლის დადებითი და უარყოფითი მხარეები. წარმოვიდგინოთ, რომ ერთ გლეხს აქვს ნიგოზი, მაგრამ თაფლის უქონლობის გამო გოზინაყის გაკეთება ვერა და ვერ მოუხერხებია. ამ დროს მეზობელი სთავაზობს, მე მოვალ შენთან, თაფლს მოვიტან და გოზინაყი ერთად გავაკეთოთო. შეიძლება იმ დროს იმ გლეხს სულაც არ სცხელა მეზობლისთვის, მაგრამ რა გზაა, როცა დამოუკიდებლად გოზინაყს ვერაფრით გააკეთებს?! ამასთან ერთად, გლეხი იმითაც ხეირობს, რომ საქმეში თავადაც ერთვება და გოზინაყის კეთებისას უსაქმოდ არ რჩება. ასეთ შემთხვევაში უაზრობა იქნებოდა მისი მხრიდან მეზობლის შემოთავაზებაზე უარის თქმა. თუ რა თქმა უნდა ეს მეზობელი უცნობი წარმომავლობის არაა და მას პოლიტიკური ინტერესები არ ამოძრავებს. არც საქართველოს უთქვამს უარი ინვესტორებზე და სამწუხაროდ ამ ინვესტიციებში ბევრს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს, ზოგის წარმომავლობა კი ქართული საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. დღეს ქართული ეკონომიკა ინვესტორებზე დიდ იმედებს ამყარებს. თვალშისაცემია, რომ დღეს საქართველოში საინვესტიციო ბაზარი დაუბალანსებელია და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ საეჭვოც შეიძლება ვუწოდოთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეტისმეტად სახარბიელო გარემო და მომხიბვლელი ნიადაგი ინვესტორებისათვის არასოდეს ყოფილა საქართველოში. ამის დასტური უნდა იყოს ფაქტი, რომ დღეს საქართველოში მსხვილი ინვესტიციები სულ რამდენიმე სფეროთი შემოიფარგლება. მართალია დღეს ინვესტორთა მოსაზიდად სახელმწიფო აბსურდამდე გამარტივებულ წესებს ადგენს, მაგრამ ეს მარტივი წესები მხოლოდ დამსაქმებელზე ვრცელდება და არამც და არამც დასაქმებულზე. რაც ნაკლებად სახარბიელოა ქართველი მოსახლეობისთვის და ზემოთხსენებული ლოზუნგის განხორციელების ალბათობას წყალს უყენებს. ბუნებრივია, სანამ ინვესტორი საქართველოში ფულს დააბანდებს, მანამ ყურადღებით ეცნობა ქვეყნის სტრატეგიულობას, ბაზრის ტიპს და რაც ყველაზე მთავარია ყურადღებას აქცევს იმ ინვესტორთა წარმატებასა და წარუმატებლობას, რომლებიც ქვეყანაში მასზე ადრე შემოვიდნენ. წინამორბედების ბიზნესისტორიები ბევრის მთქმელია მომავალი ინვესტორებისათვის. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ყოფილა შემთხვევა, რომ ერთ ინვესტორს საწარმო მეორესათვის დიდძალი ვალებითურთ მიუყიდია, წესით არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოში ფულის დასაბანდებლად რიგში ერთმანეთს ჯერ კიდევ არ ასწრებენ. რიგით შემოსულებს კი ხვდებათ ნედლეული, მოსაწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, წესრიგს მისაჩვევი მუშახელი და მთავარი ჯილდო: "საქართველოს შრომის კოდექსი". მუშახელის უფლებებისა და მოვალეობის განსაზღვრისათვის, ასევე დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობის კანონიერ ფარგლებში მოსაქცევად, ქვეყანას გააჩნია "შრომის კოდექსი," რომელშიც მითითებული უნდა იყოს ისეთი დეტალები, როგორიცაა: "დამსაქმებელს ეკრძალება დასაქმებული ამუშავოს 7 დღეში 40 საათზე მეტი.; დღის განმავლობაში შესვენების დრო უნდა იყოს 1,5_2 საათი; სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში პიროვნება იღებს რამდენიმე თვის ხელფასის ეკვივალენტს (დამსახურების მიხედვით); შვებულება განსაზღვრულია 21 დღიდან 30 დღემდე (ასაკის სიდიდის მიხედვით)" ქართულ შრომის კოდექსში აქ ჩამოთვლილ პუნქტთაგან ვერც ერთს ვერ შეხვდებით. ზემოთჩამოთვლილი მაგალითები განვითარებული ქვეყნების კოდექსებიდანაა მოყვანილი. ,,საქართველოს შრომის კოდექსი" კი ნაკლებ ლოიალურია დასაქმებულის მიმართ, თუმცა მასში განსაკუთრებული სიფრთხილითაა განსაზღვრული დასაქმებულის უფლება- მოვალეობები და საგანგაშო უფლების დარღვევას ვერ შეხვდებით. ეს ნორმალურიცაა. შრომის კოდექსი ოფიციალური საბუთია და საქართველოში საბუთების ფორმალურად, მაგრამ დიდი ზრუნვით გაფორმება კარგად ფეხმოკიდებული ტრადიციაა. სიამოვნებით განვიხილავდით დეტალურად შრომის კოდექსის ცალკეულ პასაჟებს და პუნქტებს, რომლებიც განსაკუთრებით ხაზს უსვამენ, რომ დამსაქმებელი უზენაესია, მაგრამ განა ბევრს სჭირდება საქართველოში დღეს ეს კოდექსი? განა ბევრია დღეს საქართველოში, რომელსაც გაუმართლა და შრომის კოდექსმა შეზღუდა? ნუღარ გავაგრძელებთ ფუჭ საუბარს და მის ნაცვლად საქმეს მივხედოთ. როგორც ვნახეთ, უმუშევრობის, ინვესტიციების და დასაქმების პრობლემა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. სიღარიბის დაძლევა დასაქმებით შეიძლება, დასაქმება ინვესტორების წყალობით. მივიღეთ უტყუარი ფორმულა სიღარიბის დაძლევისა. დასაქმების პრობლემა საქართველოში ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება. მიუხედავდ იმისა, რომ ინვესტორებზე დიდი იმედები მყარდებოდა, სტატისტიკით ჯერ კიდევ საკამათოა უმუშევრებს ინვესტორებმა არგო თუ ანანა. მარგო და მანანასი რა მოგახსენოთ, მაგრამ სტატისტიკა ამბობს: თუ 2006 წელს უმუშევრობა ქვეყანაში 13,6 % შეადგენდა, 2007 წელა მაჩვენებელმა 13,3 %-მდე დაიკლო. ანუ მთელი 0,3 პროცენტით "დავძლიეთ" უმუშევრობა. აქვე გადავხედოთ, რა ცვლილებებია უცხოური კაპიტალდაბანდებების კუთხით. თურმე, 2007 წლის დასაწყისში საქართველოში 421 370 ათასი ლარის ინვესტიცია შემოსულა, იმავე წლის ბოლოსთვის კი ეს რიცხვი 2 014 842 ათას ლარამდე გაიზარდა. როგორც ჩანს, ინვესტიციის რიცხვი მზარდია, მაგრამ დასაქმება სულ რაღაც 0,3 პროცენტით გაიზარდა. რისი ბრალია ეს? იმის, რომ ინვესტორები არასახარბიელო ბიზნესგარემოს გამო იშვიათად შემოდიან ქვეყანაში? იმის, რომ უცხოელ დამსაქმებელს საქმეს ვუმარტივებთ ადგილობრივი მოსახლეობის შეზღუდვის პროპორციულად? იქნებ იმის, რომ ცუდი სამუშაო პირობების გამო მუშაობა უმუშევარსაც კი არ უღირს? როცა დასმულ შეკითხვაზე ყველა სავარაუდო პასუხი სწორია, ლოგიკურია კამათი თემაზე, რა სარგებლობა მოაქვს უცხოელ ინვესტორებს საქართველოსთვის. კამათ-კამათ კი საქართველო ისევ ის საქართველოა - სიღარიბით და ,,გარეშეს" გარეშე. თათია არაბიძე |