DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ომის შედეგები სადაზღვევო სისტემაზე ვერ აისახა

ომის შედეგები სადაზღვევო სისტემაზე ვერ აისახა


24 ოქტომბერი 2008. : vale
ომის შედეგები სადაზღვევო სისტემაზე ვერ აისახა

ქართული ეკონომიკის ყველაზე ძლიერი მხარე საფინანსო სექტორია. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საბანკო სისტემა უნდა ვახსენოთ, თუმცა ბოლო პერიოდში სადაზღვევო სფეროც ძლიერდება და თანდათანობით იკიდებს ფეხს ქართული საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში. აგვისტოს მოვლენების შემდეგ მთელი ქვეყნის ცხოვრება შეიცვალა. სერიოზული პრობლემები გაჩნდა ჩვენი ეკონომიკის წამყვან დარგებში. რაც ყველაზე თვალშისაცემია, მკვეთრად გაუარესდა საინვესტიციო გარემო, ეს იმ დროს, როცა მთელი ქართული ეკონომიკა ინვესტიციებით სულდგმულობს. სწორედ ფინანსური რესურსების გართულებული ხელმისაწვდომობა გახდა საბანკო სისტემასა და სამშენებლო სექტორში სერიოზული პრობლემების გამომწვევი მიზეზი. ამ ფონზე საინტერესოა, რა ხდება სადაზღვევო სფეროში, როგორ შეცვალა ამ სისტემის განვითარება აგვისტოში მიმდინარე მოვლენებმა.
თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ ომის შემდგომ სიტუაციაში სადაზღვევო კომპანიებს სერიოზული პრობლემები არ შექმნიათ. ამას ქართული სადაზღვევო სისტემის განვითარების თავისებურებები განაპირობებს. კომპანიების დიდი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, მსხვილი კომპანიები, ერთის მხრივ, ბანკებზე არიან მიბმულები, მეორე მხრივ, სახელმწიფო დაკვეთებზე. ეს ტენდენცია არ არის უცხო დასავლური გამოცდილებისთვის, თუმცა დღეისათვის ეს უკვე განვლილი ეტაპია. განვითარების საწყის ეტაპზე საქართველოში ჩამოყალიბდა მეტნაკლებად წარმატებული სადაზღვევო კომპანიები. თუმცა, მომხმარებლის დაბალი კულტურისა და შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გამო, მათ მხარი ვეღარ აუბეს ეკონომიკის განვითარებას. განვითარების შემდგომ ეტაპზე ფინანსური რესურსები დაზღვევაში საბანკო სისტემიდან იქნა მობილიზებული, ამ ეტაპზე დიდი სადაზღვევო კომპანიები ბანკების მფლობელობაში გადავიდნენ. გარდა იმისა, რომ სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობა ბანკების საკუთრებაშია, სადაზღვევო კომპანიების მომსახურებების უმრავლესობა საბანკო პროდუქტებზე იყო მიბმული. ეს ყველაფერი სადაზღვევო კომპანიებს შესაძლებლობას აძლევდა მათ მიერ წარმოდგენილი მომსახურებების ფასი თვითონ დაედგინათ, აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიებს გაუჩნდათ საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ ომის შემდგომი კრიზისული სიტუაცია შედარებით ადვილად გადაიტანონ. სადაზღვევო საქმის ექსპერტ ლევან კალანდაძის აზრით, - "საქართველოში ტოტალური რისკების პერიოდი ჯერ არ დამდგარა, აქედან გამომდინარე, საფინანსო კრიზისი ქართულ სადაზღვევო სფეროში ნაკლებად აისახება. ჩვენს ქვეყანაში სადაზღვევო პროდუქტების "კარგ ფასად" გაყიდვის ტენდენცია ჩამოყალიბდა, კომპანიებს ფასების დაწევა არ უხდებათ და არც გარკვეული საპრომოციო ღონისძიებების დაფინანსება უწევთ. აქედან გამომდინარე, ამ კომპანიებს შესაბამისი რეზერვები შეექმნათ და გადახდისუნარიანობის პრობლემა არ უდგათ, პრობლემა შეიძლება გახდეს, მათ მიერ შემოთავაზებული პროდუქტების გასაღება. სხვა შინაარსის პრობლემები დგას განვითარებული ქვეყნების სადაზღვევო სისტემებში, ფინანსური რესურსების მოზიდვის პრობლემა იქ უფრო დგას".
ომის პერიოდში მთელი ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდა, ლოგიკურად, არსებული ზარალის დიდი ნაწილი სადაზღვევო კომპანიებს უნდა აენაზღაურებინათ. რადგან საქართველოში დაზღვევის სფერო იმდენად არ არის განვითარებული, რომ მთელი ეკონომიკა ჰქონდეს ათვისებული, არც არსებული ზარალის ანაზღაურება გახდა აუცილებელი.

სოფო დიდებაშვილი