DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > რას მოუტონს საბანკო სისტემას EBRD

რას მოუტონს საბანკო სისტემას EBRD


27 თებერვალი 2009. : tamuna
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ((European Bank for Reconstruction and Development, EBRD), წარმოადგენს საინვესტიციო მექანიზმს, რომელიც 1991 წელს 60 ქვეყნისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეიქმნა, 27 ქვეყანაში - ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე, ეკონომიკური და დემოკრატიული მხარდაჭერის მიზნით.
Bბანკის უმაღლესი მმართველი ორგანო მმართველთა საბჭოა, რომლის შემადგენლობაშიც თითოეული აქციონერი საკუთარ მმართველს ნიშნავს, როგორც წესი, ფინანსთა მინისტრს. პროფესიონალურ სტრატეგიულ მართვას კი სხვა ორგანო _ დირექტორთა საბჭო ახორციელებს, რომლის შემადგენლობაშიც 23 ადამიანია. დირექტორთა საბჭო პასუხისმგებელია ევრობანკის საერთო საქმიანობისა და სადირექტივო დოკუმენტების რეალიზაციაზე. EBRD-ის დირექტორი ბანკის ოპერატიულ მართვას დირექტორთა საბჭოს მითითებების მიხედვით ახორციელებს. ბანკის პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევენ და ის მეორე ვადითაც შეიძლება იქნეს არჩეული.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია იმ პერიოდში შეიქმნა, როდესაც ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში პოლიტიკური წყობა იცვლებოდა და ყოფილი საბჭოთა კავშირის წყობის ქვეყნებს მხარდაჭერა სჭირდებოდათ ახალი, დამოუკიდებელი სექტორისა და დემოკრატიის შესაქმნელად.
ამჟამად EBRD-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და გარდა იმისა, რომ გამოჰყოფს სახსრებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმრავლეც გააჩნია. თუმც, მიუხედავად იმისა, რომ ბანკის აქციონერები ამასთანავე სახელმწიფოს წარმომადგენლებიც არიან, ევრობანკი თავის კაპიტალს ძირითადად კერძო სექტორებში აბანდებს და როგორც წესი, თავის კომერციულ პარტნიორებთან.
EBRD-I ბანკების პროექტულ დაფინანსებას უზრუნველყოფს და თავის კაპიტალს როგორც ახალ წარმოებაში, ასევე ძველშიც აბანდებს. ევრობანკი ასევე თანამშრომლობს სამთავრობო კომპანიებთან პრივატიზაციის პროცესის და მისი სტრუქტურული რეორგანიზაციის, კომუნალური სისტემების მხარდაჭერის მიზნით.
2008 წლის ივლისიდან მიმდინარე დრომდე ბანკის პრეზიდენტი თომას მიროუა. ამჟამად პროექტის მონაწილეები შემდეგი ქვეყნების წარმომადგენელი ორგანიზაციები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, მექსიკა, მაროკო, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა, შვეცია, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ფინეთი და კიდევ ათეულობით სხვა ევროპული ორგანიზაციები, რომლებიც ევრობანკის პროექტში იღებენ მონაწილეობას. მათ რიცხვში საქართველოც მოიაზრება. EBRD-ი ჩვენს ქვეყანას დინამიური კერძო სექტორის შექმნაში ეხმარება და ფოკუსირებას ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ფინანსური სექტორის რეფორმირებასა და კორპორატიული სექტორის რესტრუქტურიზაციაზე ახდენს. ევრობანკი "ვი თი ბი ბანკი ჯორჯიას", ბანკი "რესპუბლიკას", "ბაზისბანკის" აქციონერია და მოლაპარაკებებს "თი ბი სი"-სა და "ქართუ ბანკის" აქციების შესყიდვებზე აწარმოებს. "ვი თი ბი"-ში EBRD-ი აქციების 7,9% ფლობს, "ქართუ ბანკში" კი მიმდინარე წლის 6 თებერვლიდან 32,1 მილიონი ევრო კლიენტთა ფინანსირებას მოახმარა. EBRD-ი მიერ მანამდე განხორციელებულ პროექტებში შედის "ბლექ სი ენერჯის" პროექტი, რომელშიც ევრობანკმა 260 მილიონი ევრო დააბანდა, "პოპულიში" - 12 მლნ. Dდოლარი, "ბორჯომი ვოთერ სერვისისში" - 1,5 მილიონი ევრო, "საქართველოს ბანკში" კი 2009 წლის 9 თებერვლიდან მოყოლებული - 200 მლნ. დოლარი. სულ ევრობანკს საქართველოში 78 პროექტი აქვს განხორციელებული და მისი წილი პრივატულ სექტორში 85 %-ს შეადგენს.
Mმოსაზრებები იმის შესახებ, თუ რამდენად პოზიტიური ან ნეგატიური შეიძლება იყოს EBRD-ის მიერ საქართველოს საბანკო სექტორის "დაპყრობა", არაერთგვაროვანია. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ EBRD-ი არასოდეს ახდენს საკონტროლო პაკეტის შეძენას.
საბანკო და ექსპერტულ წრეებში აზრი ევრობანკთან დაკავშირებით ორად იყოფა: მავანი ფიქრობს, რომ EBღD-ი ქართულ მენეჯმენტს კიდევ უფრო გააჯანსაღებს, ზოგიერთი ექსპერტი კი მიიჩნევს, რომ მის მიერ ქართულ საბანკო სივრცეზე მონოპოლიის დამყარება სულაც არ არის პოზიტიური მოვლენა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ექსპერტ დავით ნარმანიას ვთხოვეთ:
- ბატონო დავით, როგორც ცნობილია, ამჟამად EBRD-ი "ვი თი ბი ბანკი ჯორჯიას", ბანკი "რესპუბლიკასა" და "თი ბი სის" გარდა მოლაპარაკებებს "ქართუ ბანკის" აქციების შესყიდვაზეც აწარმოებს. შეიტანს თუ არა იგი ქართულ საბანკო სექტორში ახალ და განსხვავებულ მენეჯმენტს, და თუ დიახ, მაშინ რამდენად ეფექტური იქნება მისი მუშაობა?
- მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ EBRD-ი საქართველოსთან თანამშრომლობის საკმაოდ დიდხნიანი გამოცდილება აქვს, ის საქართველოს საფინანსო სექტორს ეხმარებოდა გაუმჯობესებაში და შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების ჩადება. ბოლო პერიოდში ის განსაკუთრებით გაძლიერდა საბანკო სექტორთან მიმართებაში. საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორს ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენებამდე შეექმნა გარკვეული პრობლემები, შემდეგ ამას დაემატა მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ამდენად, მათ ძალიან გაუჭირდათ ბოლო პერიოდში, რის გამოც აქციებზე ფასი არის დავარდნილი და შესაბამისად, ახლა ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია იმისათვის, რომ საქართველოს რომელიმე ბანკის აქციები შეიძინოს ინვესტორმა. საქართველოში ევრობანკის გააქტიურება ამიტომაც შეინიშნება. EBRD-ის კვლევების და საერთოდ, მსოფლიო კვლევების მიხედვით, ფინანსური კრიზისი ათეულობით წელი არასოდეს გრძელდება, ის შეიძლება 2-3 წელიწადი გაგრძელდეს და შემდეგ უკვე ეტაპობრივად სტაბილიზაციის პერიოდი დაიწყება. ამდენად, თუ ის ახლა შეიძენს იაფად ამ აქციებს და ზოგიერთ ბანკში საკონტროლო პაკეტს, კრიზისის დამთავრების შემდეგ, EBRD-ი საქართველოში არსებული ბანკებიდან საკმაოდ სერიოზულ მოგებას მიიღებს. ის უკვე საქართველოს 4 ბანკში ფლობს აქციებს და აგრძელებს ანალოგიურ პოლიტიკას სხვა ბანკებთან მიმართებაში. მაგალითად, "ქართუ ბანკში" მან ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 6 თებერვალს 32 მილიონი ევროს ღირებულების მომსახურებას მოაწერა ხელი, რომელიც გულისხმობს ამ პრობლემებთან არსებული პრობლემების ფინანსირებას, ანუ ის ეტაპობრივად ჩადებს ინვესტიციას "ქართუ ბანკში", იმისათვის, რომ ამ ბანკმა შედარებით უმტკივნეულოდ გადალახოს ის პრობლემები, რაც ზოგადად, საბანკო სექტორში და ამ შემთხვევაში მის წინაშე დგას. ევრობანკის იწყება საქმიანობას "ქართუ ბანკში", ისევე როგორც მან ეს უკვე განახორციელა "თი ბი სი" ბანკში, "ბორჯომის მინისა და მინერალური წყლების კომპანიაში". ის ასევე ფლობს აქციებს "პოპულიში", "ბლექ სი ენერჯიში", ამდენად, საქართველოში მისი ამდაგვარი პოლიტიკა კვლავ გრძელდება.
- როგორც ვიცით, თქვენ დადებითად არ აფასებთ EBRD-ის მიერ ქართულ საბანკო სივრცეზე მონოპოლიის დამყარებას, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?
- ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქართული საბანკო სისტემა შედარებით მდგრადი განვითარებით ხასიათდებოდა, ამის ძირითადი მიზეზი ბანკების კონკურენტული მუსაობა გახდა. ისინი ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ თავიანთი მომსახურების პაკეტები, რადგან რაც შეიძლება მეტი კლიენტები და ფინანსური რესურსები მოეზიდათ. ასე გრძელდებოდა, სანამ დაიწყებოდა მსოფლიო ფინანსური კრიზისი, თანმდევი ნეგატიური მოვლენებით.
ამ შემთხვევაში, ერთ საფინანსო დაწესებულებას შეუძლია, საქართველოს რამდენიმე ბანკის აქციები შეიძინოს, ესე იგი მას გააჩნია საკუთარი პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ყველა საბანკო დაწესებულებას კარნახობს, სადაც კი ის აქციონერი იქნება. შედეგად, გარკვეულწილად, მივიღებთ არაკონკურენტულ, უფრო მეტიც, ოლიგოპოლიურ ან უარეს შემთხვევაში, მონოპოლიურ მდგომარეობას. როდესაც საქართველოს საბანკო სექტორი გამოვა კრიზისიდან, მივიღებთ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ბაზარზე სრულყოფილი კონკურენტები არ იქნებიან, შესაბამისად, საბანკო პროდუქტები შეიძლება იყოს უფრო ძვირი, ვიდრე ეს კონკურენტულ გარემოში იქნებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება EBღD თუ სხვა საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც რამდენიმე ბანკის აქციებს შეიძენს. ეროვნული ბანკი მსგავს სიტუაციაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, იგი ძალიან სუსტია. ეს უფლებამოსილება საფინანსო ზედახედველობის სააგენტოს ბოლომდე არ გააჩნია. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საფინანსო ბაზარი გარკვეულწილად, რეგულირების მიღმაა დარჩენილი, საფრთხეების მთელი წყება არსებობს.
- როგორ უყურებთ იმ ფაქტს, რომ "იბიარდი" არასოდეს ყიდულობს საკონტროლო პაკეტს, გვაძლევს თუ არა ეს იმის საფუძველს, რომ მთლიანობაში "იბიარდის" ქმედებები პოზიტიურად ჩავთვალოთ?
- კარგია, რომ "იბიარდს" რომელიმე ბანკის საკონტროლო პაკეტი არ აქვს. მე ვსაუბრობ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მაგრამ თუ EBRD-ს ექნებოდა 2 ან 3 ბანკის საკონტროლო პაკეტი, მაშინ უკვე გადაჭრით ვიტყოდი, რომ ქართულ საბანკო სივრცეში ოლიგოპოლია ჩამოყალიბდება, ძალიან მარტივად შეიძლება, რომ ბანკებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ და საბანკო პროდუქტების ფასი გაზარდონ. არ გამოვრიცხავ იმას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ EBRD-მა თავისი ხედვა შეიცვალოს და საბანკო სფეროში აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე მცირე რესურსებთან იქნება დაკავშირებული, ეს EBRD-ს ნამდვილად არ გაუჭირდება. ჩემი აზრით, EBღD ხედავს იმ საფრთხეს, რაც შეიძლება საქართველოს ბანკების საკონტროლო პაკეტის შეძენას მოჰყვეს. EBRD-ს საქართველოში ოლიგოპოლისტიბა ან მონოპოლისტომა უბრალოდ არ აწყობს, ეს შეიძლება მას ცუდად შემოუტრიალდეს. EBRD საკმაოდ განვითარებული ფინანსური ჯგუფია, მას ძალიან ძვირადღირებული და მაღალკვალიფიციური ექსპერტები ჰყავს, ისინი ბევრ საინტერესო გათვლებსა და პროგნოზებს აკეთებენ. ასევე
საქართველომ თავის დროზე EBRD-სგან საკმაოდ დიდი მხარაჭერა მიიღო და დღესაც იღებს. EBRD-ს 78 პროექტი აქვს საქართველოში განხორციელებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს EBRD-ის ჭკვიანური პოლიტიკის ნაწილია. საქართველოსთან მიმართებაში ის ეტაპობრივად ახორციელებს ასეთ ღონისძიებებს და არ იძენს საკონტროლო პაკეტს იმიტომ, რომ ამას შეიძლება უფრო მეტი გართულებები მოჰყვეს. თუ არ გამართლდება ის მოლოდინი, რაზეც ვსაუბრობ, თუ "იბიარდი" არ გამოიყენებს თავის მდგომარეობას და არ გაზრდის საბანკო პროდუქტებზე ფასებს და თავის მდიდარ გამოცდილებას და დიდ ფინანსურ რესურსებს საქართველოს საფინანსო სისტემის განვითარებას მოახმარს, ამას მხოლოდ მივესალმები. ღმერთმა ქნას, ჩემი ვარაუდები არ გამართლდეს, თუმცა ამდაგვარი კომენტარი გარკვეულწილად გზავნილია EBRD- სთვის, რომ მათ ეს გაითვალისწინონ და საქართველოს ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა არ დაიჭირონ.
- თქვენი აზრით, საქართველოს თავისებური საბანკო სივრცის პირობებში, რამდენად მიეცემა შანსი "იბიარდს", რომ საკუთარი უნიკალური სტილი დანერგოს?
- EBRD-ის მართვის სტილი და ზოგადად, საფინანსო სისტემის თავისებურებები მართლაც განსხვავებულია და მას ეს შანსი ნამდვილად მიეცემა, იმიტომ რომ საქართველოში დღეს არსებულ ინვესტორთაგან ისეთი გამოცდილი, როგორიც EBRD-ია არცერთი არ არის. ამიტომ საბანკო დაწესებულებებში, სადაც EBRD-ს პატრა, მაგრამ მაინც თავისი წილი აქვს, არა მგონია, რომ თავისი პოლიტიკის განხორციელებაში და გამოცდილების დანერგვაში ხელი შეეშალოს. EBRD-ის გამოცდილება მართლაც წაადგება ჩვენი საფინანსო სექტორის სერვისების გაუმჯობესებას. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საბანკო სექტორი, ავად თუ კარგად, ბოლო წლების განმავლობაში მაინც მუშაობდა, მენეჯმენტთან, ინვესტიციებთან დაკავშირებულ პრობლემებს მაინც ჰქონდა ადგილი. თუ EBRD-ის მხრიდან სწორი მენეჯმენტი იქნება განხორციელებული და საქართველოს საფინანსო სისტემის მხარდაჭერა გაგრძელდება, სხვა ინვესტორები, რომლებიც საბანკო სექტორით არიან დაინტერესებულნი, მხოლოდ მიესალმებიან EBRD-ის ქმედებებს.

ნინო კავკასიძე