DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > კრიზისის ანატომია

კრიზისის ანატომია


26 თებერვალი 2009. : tamuna
კრიზისის ანატომია

ყველაფერი კი ასე დაიწყო

საფინანსო კრიზისის პირველი სიმპტომები 2007 წელს აშშ-ს იპოთეკურ ბაზარზე გამოვლინდა. მაღალრისკიანმა იპოთეკურმა კრედიტებმა, ხოლო შემდგომში უძრავ ქონებაზე ფასების 20%-იანმა ვარდნამ, აშშ-ს მოქალაქეებს 5 ტრილიონი დოლარის ზარალი მიაყენა. 2007 წლის 31 ოქტომბერს მსოფლიოს საფონდო ბაზრების უმრავლესმა ინდექსებმა პიკს მიაღწია, ხოლო შემდგომ თანდათანობითი კლება იწყეს. ერთი წლის განმავლობაში, 2008 წლის ოქტომბრამდე, S&P 500-ის ინდექსი 30%-ით დაეცა, MSCI ჭორლდ -ის ინდექსი 32,3%-ით, MSCI Emerging Market-ის - 40,5 %-ით. 2008 წლის 6-10 ოქტომბრის საბანკო კვირამ ინდექსების ისტორიულად მაქსიმალური ვარდნა მოიტანა: Dow Jones Industrial Average დაეცა 7882,51 პუნქტამდე, Nikkei 225 - 8276,43 პუნქტამდე, ხოლო იმავე დღეს გაბანკროტდა იაპონური სადაზღვევო კომპანია Yamato Life Insurance Co. Ltd, რომლის დავალიანებამ 2,7 მლრდ. დოლარი შეადგინა
საფრანგეთში 2008 წლის იანვარში შოციღტღ Gღნღრალე-ის გარშემო ატეხილმა სკანდალმა გამოავლინა ტრეიდერი, რომელიც 2007 წლიდან იყენებდა რა მარჟინალური ვაჭრობის მექანიზმებს ევროპის ბირჟებზე, 50 მლრდ. ევროს ოდენობის პოზიციები გახსნა, რაც 1,5-ჯერ აღემატებოდა ბანკის კაპიტალიზაციას. საფონდო ბაზრების რღვევის შედეგად ღია პოზიციებზე ზარალმა 5 მლრდ. ევრო შეადგინა. 18 იანვარს ყველა ეს ოპერაცია თაღლითობად გამოცხადდა და ყველა პოზიცია დახურულად გამოცხადდა, რასაც მოჰყვა საფონდო ბაზრებზე გაყიდვების ახალი ტალღა.

კონტრაქტის ორი პირობა - ფული და სიცოცხლე
ფინანსურ კრიზისებს, როგორც წესი, თან ახლავს ადამიანური ტრაგედიები. განსაკუთრებული მგრძნობიარობით გამოირჩევიან ის ადამიანები, რომლებიც ფინანსური წარმატებების მწვერვალზე იმყოფებოდნენ. მთელ მსოფლიოს გადაუარა ფინანსური კრიზისით გამოწვეულმა თვითმკვლელობების გახშირებულმა აქტებმა. 2008 წლის 21 ოქტომბერს მუბაიში 34 წლის ბანკროტირებულმა ბროკერმა შვიდი თვის ფეხმძიმე მეუღლე გაგუდა და შემდგომ თავი ჩამოიხრჩო. 2008 წლის 8 ოქტომბერს კარტიკ რაჯარამმა PricewaterhouseCoopers & Sony Pictures-ის ტოპ-მენეჯერმა საკუთარი ოჯახის ხუთი წევრი მოკლა და თავადაც თავი მოიკლა. 2009 წლის 5 იანვარს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი, გერმანელი ადოლფ მერკლე, რომელიც ფლობდა ცემენტის (HeidelbergCement) და ფარმაცევტულ (Phoenix Pharmahandel, Ratiopharm) ბიზნესებს, მატარებელს ჩაუვარდა. 2009 წლის 6 იანვარს ამერიკის უძრავი ქონებით მოვაჭრე ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მეთაურმა - სტივენ ჰუდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 15 იანვარს თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს რუსი ბიზნესმენი, კონცერნ `სობი~-ს დირექტორი ვლადიმერ ზუბკოვი.

ფულის მოხვეჭის სურვილი მეტია, ვიდრე ისტორიის მწარე გაკვეთილები
მსოფლიო კრიზისები თავისუფალი ბაზრის ქვეყნებისათვის უცხო არ არის. სამომხმარებლო საზოგადოება, "ეკონომიკური ადამიანი", არ გამოირჩევიან საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მაღალი შეგნებით. ისინი საბაზრო სივრცეში ქმნიან თამაშის წესებს, რომლის მსხვერპლნიც შემდგომში თავადვე ხდებიან. პირველი მსხვილმასშტაბიანი მსოფლიო კრიზისი, რომლის მშობელნიც ასევე აშშ-ს ფინანსური წრეები იყვნენ, 1929 წლის აშშ-ს საბირჟო კრახით დაიწყო 24 ოქტომბრის "შავ ხუთშაბათს" და გაღრმავდა "შავ ორშაბათს" (28 ოქტომბერი) და "შავ სამშაბათს" (29 ოქტომბერი). დიდი დეპრესიის გამომწვევ მიზეზებზე ეკონომისტებს საერთო აზრი ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული. კეინსიანური ახსნით მიზეზი ფულადი მასის ნაკლებობა იყო. იმ დროს ფულის მასა მიბმული იყო ოქროზე, ხოლო წარმოება იზრდებოდა როგორც მოცულობაში, ასევე ასორტიმენტის თვალსაზრისით. ფულადი მასის ნაკლებობამ და სასაქონლო მასის ზრდამ დეფლაციური პროცესი გამოიწვია, ფასების ვარდნა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია ფინანსური არასტაბილურობა. მონეტარისტები ფიქრობენ, რომ კრიზისის გამომწვევი მიზეზი ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკა იყო. მარქსისტები კლასობრივი ბრძოლის თეორიის და ზედმეტი ღირებულების ძირითად კანონზე დაყრდნობით კრიზისებს კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელ ობიექტურ მოვლენად მიიჩნევენ.
დღეისათვის ეკონომისტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ დიდი დეპრესიის კრიზისის გამომწვევი მიზეზი ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკა იყო. მონეტარიზმის კლასიკოსები მილტონ ფრიდმანი და ანა შვარცი ფედერალურ სარეზერვო სისტემას ადანაშაულებენ, რომელმაც "ნდობის კრიზისი" შექმნა. 2002 წელს მილტონ ფრიდმანის 90 წლის იუბილის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე ფედერალური სარეზერვო სისიტემის (ფსს) დირექტორთა საბჭოს წევრმა ბენ ბერნანკემ განაცხადა: "ნება მომეცით, მცირედით ბოროტად გამოვიყენო ჩემი, როგორც ფსს-ის წარმომადგენლის ოფიციალური სტატუსი და ვუთხრა მილტონს და ანას, რომ დიდი დეპრესიის გამომწვევი მიზეზების შეფასებებში ვეთანხმები - თქვენ მართალი ბრძანდებით, ეს ჩვენ გავაკეთეთ. და ჩვენ ამაზე ვწუხვართ. მაგრამ თქვენის წყალობით ჩვენ ამას აღარასოდეს გავაკეთებთ".

პოლიტიკოსები ღელავენ

2008 წელს აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჰენრი პოლსონმა განაცხადა, რომ ფედერალურ სარეზერვო სისტემასთან და კონგრესის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს კაპიტალების ბაზარზე სისტემური რისკების საკითხების გადაწყვეტაზე და პრობლემურ აქტივებზე. გეგმით გათვალისწინებული იყო სახელმწიფო კორპორაციის შექმნა 700 მლრდ.-იანი კაპიტალით, რომელიც ბანკებისგან პრობლემურ აქტივებს გამოისყიდდა. კორპორაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში შექმნილი Resolution Trust Corporation (RTC)-ის ანალოგი იქნებოდა. იმავე წლის 3 ოქტომბერს კონგრესმა დაამტკიცა პოლსონის გეგმა (Emergency Economic Stabilization Act of 2008). კორპორაციის ფინანსური სტაბილურობის სამმართველოს (Office of Financial Stability) ხელმძღვანელად დაინიშნა ედ ფორსტი (Ed Forst), Goldman Sachs Group Inc-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი.
2009 წლის 3 თებერვალს თჰე ჭასჰინგტონ თიმეს დაიწერა, რომ დავოსის უკანასკნელ შეხვედრაზე ჩინეთის და რუსეთის პრემიერ-მინისტრებმა პირდაპირ დაადანაშაულეს აშშ გლობალური კრიზისის გაჩაღებაში. მათ არაორაზროვნად განაცხადეს, რომ სახეზეა ნდობის კრიზისი. რაც ასე უნდა გავიგოთ: ამერიკულ ეკონომიკას სჭირდება საერთაშორისო დამკვირვებლები. მართლაც, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიო მშპ-ს 20%-ია. მაგრამ აშშ ყოველწლიურად მოიხმარს მსოფლიო მშპ-ს 40%-ს. ისმის კითხვა: თუ ვინმე აწარმოებს 20%-ს და მოიხმარს 40%-ს, ვიღაცამ ეს ხომ უნდა აანაზღაუროს? მარტივად ამას იხდის დანარჩენი მსოფლიო, რომელიც ამერიკისაგან ყიდულობდა ფაქტიურად არაუზრუნველყოფილ სახაზინო ვალდებულებებს. მიმდინარეობს მსოფლიო სიმდიდრის არნახული გადანაწილება აშშ-ს სასარგებლოდ. არაფერია ამ სამყაროში ახალი და უცნობი. მაგალითად, რეალური აქტივების გადაცვლა ბრჭყვიალა მძივებზე, რომელიც მხოლოდ 24 დოლარი ღირს, მაგრამ ინდიელებმა გადაცვალეს მანჰეტენზე. და დღესაც, კრიზისის პირობებში აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩინეთის ხელისუფლებისგან ამერიკის სახაზინო ვალდებულებების უმსხვილეს მფლობელად გახდომას მოელის, რათა დიდი ზომით დააფინანსოს 850 მლრდ. ორწლიანი სტიმულირების პაკეტი. შეცდება თუ არა კიდევ ჩინეთი? საქმე იმაშია, რომ 2007 წელს ჩინეთში შექმნილმა სახელმწიფო საინვესტიციო კორპორაციამ, რომელიც ქვეყნის სავალუტო რეზერვებიდან 200 მლრდ. აშშ. დოლარს განკარგავს, ერთი წლის წინ 3 მლრდ. აშშ. დოლარად შეიძინა ამერიკული საინვესტიციო კომპანია Blackstone Group-ის აქციები, ხოლო შემდგომ 5 მლრდ. აშშ. დოლარი გადაიხადა Morgan Stanley-ის აქციების 9,9%-ის შესაძენად. მას შემდგომ ამ კომპანიების აქციების ღირებულება შესაბამისად 83% და 76% პროცენტით შემცირდა.
იმავე დღეებში სენატორი კლერ მაკკასკილს განაჩენი გამოაქვს უოლტ სტრიტელი მაქინატორებისათვის და აცხადებს, რომ საფლავის ქვაზე, სადაც დასაფლავებულნი არიან უოლტ სტრიტელი ძლიერნი ამა ქვეყნისანი უნდა დაეწეროს _ "ეს ადამიანები იდიოტები არიან".

ვინ არის დამნაშავე?
ევროპისა და ამერიკის საინვესტიციო ბანკები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ყველა ვინც გლობალურ საფინანსო ქსელშია ჩართული და ეძებს სარგებელს, მსოფლიო მორიგ კრიზისში შეიყვანეს. ერთ-ერთი უძველესი ფინანსური სახლი Lehman Brothers, რომელმაც 1930 წლის დიდ დეპრესიასაც გაუძლო, უკვე აღარ არსებობს. ტრილიონობით დოლარის კერძო ქონება ერთ კვირაში განადგურდა, ხოლო მისი გარკვეული ნაწილი არასოდეს ანაზღაურდება. ფინანსური ჯგუფები, დიდი სამრეწველო კომპანიები ხელგაწვდილნი დგანან და მთავრობისგან დახმარებას თხოულობენ. იმ მთავრობისგან, რომელიც ნეოლიბერალური იდეების ერთგული, არ ერეოდა და პროგნოზირების უნარიც კი ჰქონდა დაკარგული საფონდო ბაზარზე აღვირახსნილი სპეკულაციების შემყურეს. ზარალი მხოლოდ ფინანსური არ არის. მკვეთრად შეირყა ფინანსური ინსტიტუტებისადმი ნდობა, მათი სიმყარე და მდგრადობა ეჭვის ქვეშ დადგა. გაღარიბებული საინვესტიციო რესურსების პირობებში თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირება მკვეთრად შეიზღუდა.
კრიზისის გამომწვევ მიზეზად კრედიტის გაფართოვების ეკონომიკურად დაუსაბუთებელი პოლიტიკა იქცა, რეალური ღირებულების შეფასებაში დაშვებული შეცდომები და მენეჯმენტის ტრანსფარენტულობა. ამ ნაკლოვანებებს დამატებით სიმძიმეს რისკების სათანადო შეუფასებლობა მატებდა, სესხების არასაკმარისი უზრუნველყოფადობის და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების (მაგ. დერივატივების) უგულვებელყოფა და შეუფასებლობა, რამაც გამოიწვია საკრედიტო ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა. ხოლო კომპანიის მენეჯერები არსებული მაღალი ფინანსური რისკის პირობებში პირადი, მოკლევადიანი ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ. სიხარბეს დაწაფებულ მაქინატორთა და გადაწყვეტილებების მიმღებთა მხრიდან, როგორც წესი, საერთოდ არ იყო გათვალისწინებული და სისტემატურად ირღვეოდა მომხმარებლის, მესაკუთრეთა, ზოგადად საზოგადოების ინტერესები. ფაქტია, რომ მოგება ეფექტურად მიითვისეს მათ, ვინც შექმნა კრიზისი.
კრიზისის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად დაუსაბუთებელი თანაფარდობის, მარჟების დაწესება იყო. მაგალითად, Lehman Brothers -ის საკუთარი და ნასესხები კაპიტალის თანაფარდობა 1/30-თან იყო, ანუ საკუთარი საქმიანობის დასაფინანსებლად 30-ჯერ უფრო მეტ სესხს იღებდა, ვიდრე საკუთარი აქტივებით შეეძლო მისი უზრუნველყოფა. ამგვარი მაღალი რისკის პირობებში ოპერირება ეკონომიკური აღმავლობის პირობებში თუ რაიმე სახის გამართლება შეიძლება ჰქონდეს, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური კრიზისის დადგომის შემთხვევაში ზარალი გამანადგურებელი იქნება. იმის მაგივრად, რომ როგორც საინვესტიციო ბანკს, ტრადიციისამებრ სახსრები მოეზიდა სხვა კომპანიების საკრედიტო მომსახურებისათვის და დასჯერებოდა მომსახურების საკომისიოს, ეს კომპანია სესხს იღებდა სხვადასხვა სახის აქტივების შესაძენად შემდგომში უფრო მაღალ ფასში გაყიდვის პერსპექტივით და ფასთა ცვლილებებით სპეკულაციური მოგების მიღების მიზნით. ამგვარი ვაჭრობა არ არის რეალური ინვესტიციები. ბაზარი ქმნის როგორც ლიკვიდურ აქციებს, ასევე საპნის ბუშტს, მაგრამ შემდგომში თავად საპნის ბუშტის შემქმნელები ხეთქავენ ბაზარს. მხოლოდ რეალური ღირებულებით უზრუნველყოფილი ბაზარი არის ფასეული და მდგრადი. სპეკულაციური ბაზარი კაზინოს წააგავს. თქვენ იხდით ფულს მოგების იმედით. მოგება იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ აანაზღაუროს გაწეული რისკი და დანაკარგები. ამგვარად, სპეკულაციების შესაძლებლობა ცდუნების წინაშე აყენებს მენეჯერებს, რომლებიც მოკლევადიან პერიოდში მაღალი მოგების მიღების ცდუნებით შეპყრობილნი ვეღარ ხედავენ ხანგრძლივვადიან სტრატეგიულ მიზნებს.

ვაჭრობა კაპიტალიზმის მონაპოვარი არ არის
ზოგადად ვაჭრობა არ წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის მონაპოვარს, ის ადამიანის ადრეული მოღვაწეობის სფეროა, ხოლო კაპიტალიზმი მე-17 საუკუნის ინგლისის და ჰოლანდიის მონაპოვარია, რომელმაც თანდათანობით ჩაანაცვლა ებრაული სავახშო კაპიტალი და მოიტანა ანგლო-საქსური პროტესტანტული სამრეწველო კაპიტალი. დღევანდელი პოსტინდუსტრიული კაპიტალი განსხვავებულ მოთხოვნებს აყენებს როგორც ფორმით, ისე შინაარსით. ის არ შეიძლება დახასიათდეს როგორც მარტო ლიბერალური, რომელიც მხოლოდ ეკონომიკის წარმოების ფორმაა. ამ დროს შინაარს ენიჭება განსაკუთრებული ყურადღება, ხოლო ფორმა ამ შინაარსის შეუზღუდავი განხორციელების შესაძლებლობებს ქმნის. პოსტინდუსტრიულ ხანაში ეკონომიკის შინაარსობრივი მხარე სხვადასხვა სახელით იწოდება: ინოვაციური, შემოქმედებითი, ცოდნის, ეთიკური, სინერგიული ეკონომიკა. ყველა ამ სახელწოდებას აერთიანებს საერთო ფასეულობები. ეს არის ეკონომიკა, რომელიც მოდის ადამიანიდან და ფუნქციონირებს ადამიანისათვის, ეს არის ურთიერთდამოკიდებული და მდგრადი განვითარების ეკონომიკა, ეს არის ფასეულობები, რომლებიც ემყარება გამთლიანებულ და ჰოლისტურ აზროვნებას, მრავალფეროვნებას და სულიერებას.

ბიზნესის და პოლიტიკის ქორწინება
მთავრობები სახალხო გამოსვლების საფრთხის წინაშე დადგნენ. თავის დროზე მთავრობების არაადეკვატურმა მარეგულირებელმა პოლიტიკამ საკუთარი წვლილი შეიტანა და გზა გაუკვალა მიმდინარე კრიზისს. კრიზისი მთავრობების წარუმატებლობაა და მათ უნდა აგოს პასუხი საზოგადოების წინაშე, თუმცა მიზეზი ფინანსური ინსტიტუტების დანაშაულებრივი ქმედებებია. ეს დანაშაულებები მთავრობების წაყრუების შედეგია. უფრო მეტიც, თანამედროვე ეტაპზე აშკარად შეინიშნება ბიზნესის და პოლიტიკის "გარიგებით დაქორწინების" ტენდენცია. თუ საქართველოს თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში ამგვარი "ქორწინება" ძალადობრივია, დასავლური პოლიტიკის "ნეფე-პატარძალი", სრული თანხმობის პირობებში ქმნის ოჯახს, თუმცა სიყვარული არც მათ შორის არის. მთავრობები მორიგი რეფორმების აუცილებლობის წინაშე დადგნენ. ფინანსურ ბაზარზე მიმდინარე მანკიერი პროცესების მსხვერპლი გახდა საზოგადოება, მთავრობების რეპუტაცია და კომპეტენტურობა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა ნდობის ვოტუმი დაკარგა. საკრედიტო რესურსები შეიზღუდა და კაპიტალიზმს ასეთ პირობებში ფუნქციონირება გაუჭირდება. გადასარჩენია თავად სმიტისეული საბაზრო ეკონომიკის იდეა. გასაოცარია ის, რომ კრიზისის განკურნების რეალური წამალი არავინ იცის. ბიზნესის ლიდერები ჩუმათ არიან, აკადემიური წრეები თავს იკავებენ პროგნოზირებისაგან და მოკრძალებულნი არიან რეკომენდაციებში, პოლიტიკოსები, მარეგულირებელი ორგანოები და ბანკები მხოლოდ ცეცხლის ახალ-ახალი კერების ჩაქრობით არიან დაკავებულნი. ყოველივე ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მსოფლიო პოლიტიკას და ბიზნესს წარმართავენ ადამიანები, რომლებიც შორს დგანან გონიერებისა და რესპექტაბელურობისაგან. ქართული საზოგადოების მხრიდან დასავლური ცივილიზაციის სნობისტურ ხედვას ამ ღირებულებების კალკირებამდე მივყავართ, რაც უკვე დღეს და მომავალშიც მძიმე სოციალური ძვრების მიზეზი გახდება.
გივი გიგაური, ეკონომიკის ექსპერტი