DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > საქართველოს ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა კრიზისის გაღრმავებამდე დაიწყო

საქართველოს ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა კრიზისის გაღრმავებამდე დაიწყო


30 იანვარი 2009. : tamuna
მსოფლიო ფინანსური კრიზისი საქართველოზე სულ უფრო მწვავედ აისახება. ქვეყნის ეკონომიკა არც კრიზისამდე ჰყვაოდა, დღეს არსებულ სიტუაციაში კი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. პრობლემების ფონზე, ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობს ნათელ და დიად მომავალზე, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ იმით გამოიხატება, რომ რუსეთი ჩვენზე უარეს დღეშია. საზოგადოება ყურადღებით უსმენს სიტუაციისგან გამოსავლის ხელისუფლებისეულ შემოთავაზებებს, თუმცა ძნელია იმის თქმა, რომ ვინმეს ძალიან სჯერა ამ არგუმენტების. ქართულ ეკონომიკაში არსებული სიტუაციის კიდევ ერთხელ გასაანალიზებლად ბ&ფ ეკონომიკის ექსპერტ დავით ნარმანიას ესაუბრა.
- ბატონო დავით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი თანდათან უფრო მწვავდება, ხელისუფლება ყველაფერს რუსულ აგრესიასა და საერთაშორისო ეკონომიკურ კრიზისს აბრალებს. თქვენი აზრით, როგორ აისახება მსოფლიო კრიზისი საქართველოზე და რეალურად, როდის გაჩნდა ქართულ ეკონომიკაში კრიზისის ნიშნები?
- საქართველო მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. დაწყებული საგარეო ვაჭრობით და ინვესტიციებით, დამთავრებული დიდი ურთიერთობებით იმ ქვეყანასთან, საიდანაც ეკონიმიკური კრიზისი დაიწყო, საუბარი მაქვს აშშ-ზე. საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაზე მსოფლიო ფინანსური კრიზისი გაცილებით გვიან აისახა, ვიდრე სხვა უფრო განვითარებულ ქვეყნებზე. ამასაც, ბუნებრივია, თავისი მიზეზები ჰქონდა. საქართველოს ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა, ჯერ კიდევ, კრიზისის გაღრმავებამდე დაიწყო, ვგულისხმობ აგვისტოს საომარ მოქმედებებს, რამაც საქართველოში ეკონომიკური ვარდნა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის უარყოფითი შედეგების ასახვა დააჩქარა. ზოგადად, მსოფლიო ფინანსური კრიზისი აგვისტოს მოვლენებამდე გაცილებით ადრე, 2007 წლიდან დაიწყო, გადამწყვეტ ფაზაში ის 2008 წლის ზაფხულში, ივლისის თვიდან შევიდა. ამდენად არსებობს სამი მთავარი ფაქტორი, რომელთა გამოც მსოფლიო ფინანსური საქართველოზე ნებისმიერ შემთხვევაში ჰპოვებს ასახვას. პირველი, საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა, სამომხმარებლო პროდუქციის დიდი ნაწილი იმპორტირებულია; პროდუქცია ჩვენთან იმ ქვეყნებიდან შემოდის, სადაც დღეისათვის ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მეტად მძვინვარებს. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს საბანკო, ისევე როგორც სხვა, სექტორები საერთაშორისო ბაზარზე იყო მიბმული. ბანკების დიდი ნაწილი და მსხვილი კომპანიების უმრავლესობა საერთაშორისო საფინანსო რესურსებს იყენებდნენ. მესამე, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პარტნიორი, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკიური თვალსაზრისით, აშშ გახლდათ. მსოფლიო ფინანსური კრიზისი აშშ-დან დაიწყო, აქედან გამომდინარე, კრიზისი საქართველოზეც აისახა. ამდენად, საქართველო უკვე 2008 წლის ბოლოს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ სათანადოდ ვერ უპასუხა. მსოფლიო ფინანსური კრიზისი ეკონომიკის ყველა სექტორს შეეხო. ჩემი აზრით, ჩვენი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი 2009 წლის ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტთან დაკავშირებული პარამეტრები, სადაც ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს და ინფლაციის დაბალ მაჩვენებელს აფიქსირებენ, ზედმეტად ოპტიმისტურია.
- მდგომარეობა მძიმეა. ხელისუფლება ბევრს საუბრობს, კრიზისიდან თავის დაღწევის გეგმაზე და მეთოდებზე. არის თუ არა რეალური და სიტუაციის შესაბამისი მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა, რომელიც დოკუმენტურად არ არსებობს?
- არსებულ სიტუაციაში, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, სულ მცირე, ანტიკრიზისული გეგმა მაინც უნდა ჰქონდეს. ეგრეთწოდებული, დაფებზე დაწერილი პროგრამებით, რომლებიც ხშირად ცვალებადი ხასიათისაა, არ შეიძლება გრძელვადიან განვითარებაზე მუშაობა. ყველა ნორმალურმა ქვეყანამ ანტიკრიზისული გეგმა დადო, ეს არის დაწერილი დოკუმენტი, დეტალური სამოქმედო გეგმით და ყველა სახლემწიფო უწყებაზე გაწერილი დავალებებით, რომელი სამინისტრო და რომელი უწყება როდის და რას აკეთებს.
ერთადერთი, რასაც შიძლება, ცოტა დადებითად შევხედოთ, ეს არის ბიუჯეტიდან მოცულობითი თანხებით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. თუმცა, შესაძლოა, ხელისუფლებას ერთბაშად რესურსების მობილიზება გაუჭირდეს. საერთაშორისო დახმარებების დიდი ნაწილი, რომელსაც ქვეყანა ელოდება, არ არის ის დახმარება, რომელსაც ქვეყანას პირდაპირ აძლევენ. ეს არის მიზნობრივი დახმარება, დონორი ქვეყანა თუ ორგანიზაცია აკვირდება, რამდენად ასრულებს ის მის წინაშე აღებულ ვალდებულებას და რამდენად თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს ის.
- პრეზიდენტმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები სრულფასოვნად შეცვლის პრაქტიკულად შეწყვეტილ უცხოურ ინვესტიციებს. თქვენი აზრით, რამდენად სწორია ასეთი ინტერპრეტაცია?
- უცხოური ინვესტიცია გაცილებით სხვა დატვირთვას ატარებს, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლების მიერ გარკვეული პროექტების დაფინანსება. სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, უბრალოდ, სახელმწიფო შესყიდვების ჰქვია. სახელმწიფოს მიერ დახარჯული ფულით ინვესტიციების მოცულობა ქვეყნის ეკონომიკაში არ იზრდება, იზრდება სახელმწიფო დაკვეთებითს მოცულობა, რაც, საბოლოო ჯამში, მართლაც გაზრდის ქვეყნის შიდა პროდუქტს, მაგრამ ეს არ იქნება ქვეყნის შიდა პროდუქტების ზრდა ინვესტიციების ხარჯზე, ეს იქნება სახელმწიფო შესყიდვებით გაზრდილი შიდა პროდუქტი. საერთოდ, ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მაშინ უფრო უკეთესია და ეკონომიკა უფრო ჯანსაღია, როცა ინვესტიციების წილი იზრდება და არა სახელმწიფო შესყიდვების წილი. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი და უნდა განვუმარტოთ სათანადოდ, რომ სახელმწიფოს მიერ დახარჯული ფული არის სახელმწიფო შესყიდვა, ხოლო უცხოეთიდან შემოდინებული ფული არის ინვესტიცია და ინვესტიცია უფრო მეტად აჯანსაღებს ქვეყანას, ზრდის დასაქმებას და რეალური ეკონომიკა უკეთესი ხდება. სახელმწიფოს მიერ ფულის დახარჯვა, ამ შემთხვევაში, ყველა სხვა უფრო ცუდ ვარიანტთან შედარებით, შეიძლება, ასპექტურ პროექტებთან მიმართებაში უკეთეს ვარიანტად განვიხილოთ.
- ეკონომიკის ინვესტირებაზე საუბრისას ყველაზე აქტუალურია საბანკო სექტორი. მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და აგვისტოს მოვლენების ფონზე, უცხოური ფულადი რესურსები, რომელზეც მთლიანად იყო აწყობილი ქართული საბანკო სისტემა, პრაქტიკულად მიუწვდომელი გახდა. თქვენი აზრით, რატომ მივიდა საბანკო სისტემა კრიზისულ სიტუაციამდე?
- საბანკო სექტორი რომ ამ მდგომარეობამდე მივიდოდა, მე და სხვა ექსპერტები ამას ჯერ ჯიდევ გასული წლის დასაწყისიდან ვამბობდით. ადგილობრივი ბანკების მიერ გატარებული პოლიტიკა ცივილურ ქვეყნებში არსებული საბანკო პოლიტიკის შეუსაბამო იყო. ჩვენი ბანკები მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალური მოგებისკენ იყვნენ ორიენტირებული და არ ითვალისწინებდნენ იმ რისკებს, რაც შიძლება, მსოფლიო ეკონომიკის კონიუნქტურაში მიმდინარე მოვლენებს მოჰყოლოდა. მათი გათვლები არ ემყარებოდა სერიოზულ და მასშტაბურ ანალიზს.
ჩვენი საბანკო სექტორი გარკვეული თავისებურებებით გამოირჩეოდა, არ არსებობდა დეპოზიტების დაზღვევის და საერთოდ საბანკო პროდუქტების დაზღვევის სისტემა. ამიტომ ჩვენი ბანკები კრედიტებს მხოლოდ მაღალი უზრუნველყოფის მქონე პირებზე გასცემდნენ, ამით კრედიტის მიმღებთა არეალი საკმაოდ შეიზღუდა. ამას ერთვოდა ისიც, რომ ჩვენს ბანკებს ძალზე მწირი საკუთარი რესურსები ჰქონდათ. გარდა ამისა, საბანკო და სამშენებლო სექტორები საკმაოდ მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. სამშენებლო სექტორში არსებულმა გაუმართავმა პოლიტიკამ და ცუდმა პირამიდის სისტემამ ბანკებს პრობლემები შეუქმნა. ბანკები, ერთის მხრივ, აკრედიტებდნებ სამშენებლო კომპანიებს, მეორე მხრივ, კი ბინებიც იპოთეკური სესხებით იყიდებოდა. როგორც კი უძრავი ქონების ბაზარი გაჯერდა და სამშენებლო კომპანიებმა თვითღირებულება რამდენჯერმე მაღალი ფასები შემოგვთავაზეს, სამშენებლო სექტორში წარმოიქმნა პრობლემები, რამაც საბანკო სექტორზე ავტომატურად ჰპოვა ასახვა.
აგვისტოს მოვლენებისას საბანკო დაწესებულებებმა, თვითგადასარჩენის მიზნით, ძალზე უხეშად დაარღვიეს კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. ისინი ყოველ გადაცილებულ დღეზე იმავე საურავებს აკისრებდნენ ომის გამო დაზარალებულ კლიენტებს, გადაუხდელობისთვის შავ სიაში წერდნენ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა საზოგადოების თვალში ბანკების რეიტინგი ძალზე დაბლა დასცა. საბანკო სისტემამ არ გაითვალისწინა და თავის თავზე არ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა. საბანკო სისტემა არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომლის მიზანი მოგების მაქსიმიზაცია და ნაკლები დანახარჯებია. აქედან გამომდინარე, მათ გაატარეს შესაბამისი პოლიტიკა, დაითხოვეს თანამშრომლები, ამით შეამცირეს დხარჯები, რომლებიც ხელფასების გაცემას უკავშირდებოდა და მეორეს მხრივ, ცდილობენ მიიღონ პატარა მოგება და ჯერდებიან ამ მოგებას.
მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სისტემაში არსებული მდგომარეობა, ზოგადად, ძალიან მძიმეა, უნდა ითქვას, რომ დღეს ბანკები დაზარალებით ნამდვილად არ ზარალობენ. ამერიკული ბანკებისგან განსხვავებით, ქართულმა ბანკებმა თვითგადარჩენა მოახერხეს. ისინი მხოლოდ მაქსიმალურად მაღალ უზრუნველყოფილ კლიენტებზე გასცემდნენ სერიოზულ კრედიტებს.
აქვე აუცილებლად უნდა დავამატო, რომ შექმნილ სიტუაციაში ადგილობრივი ბანკების ბრალეულობა ძალიან დაბალია. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ საბანკო სისტემაში არსებულ, ადგილობრივი მიზეზებით გამოწვეულ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა იმ პირებს თუ სტრუქტურებს ეკისრებათ, რომლებმაც ეროვნული ბანკის რეფორმა განახორციელეს, რამაც ეროვნული ბანკის როლი დააკნინა, პრაქტიკულად მას ზედამხედველობის მექანიზმები დაუკარგა. წინა პერიოდში ეროვნული ბანკი ერთ-ერთი შედარებით ყველაზე გამართული სტრუქტურა იყო და საბანკო სფეროც სწორედ ამ პერიოდში განვითარდა. ავად თუ კარგად, ეს იყო ყველაზე მოწესრიგებული კარგი სფერო, როგორც კი მას კანონით შეუმცირდა ფუნქციები, საბანკო სექტორში პრობლემები მაშინვე დაიწყო. ეროვნულ ბანკს გაეზარდა მოვალეობები და შეუმცირდა ბანკებზე ზედამხედბელობის ბერკეტები. იმ პირობებში, როცა ეროვნულ ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი, იგი თავის ფუნქციას პრაქტიკულად ვერ ასრულებს.


ესაუბრა ზურაბ კუკულაძე