DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > ახალგაზრდა ფინანსისტები საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შესახებ

ახალგაზრდა ფინანსისტები საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შესახებ


31 აგვისტო 2010. : merabi
სასტუმრო "ძველი მეტეხის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ბრიფინგი, სადაც გაცხადდა რომ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა" მხარს უჭერს პრეზიდენტ სააკაშვილის წინადადებას საქართველოსა და აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნის შესახებ.
ბრიფინგზე აღინიშნა, რომ კონფედერაციის შექმნას, წინ უნდა უძღოდეს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხის მოგვარება, სხვა შემთხვევაში კონფედერაციის შექმნა ანექსიას დაემსგავსება და მიუღებელი აღმჩნდება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.
აფბა მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების - საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთ კონფედერაციულ სახელმწიფოდ გაერთიანება გარდუვალია, ისევე როგორც აუცილებელი და გარდაუვალია უახლოეს მომავალში სამხრეთ კავკასიის ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა თუ ასე არ მოხდება, რეგიონის ქვეყნებს გაუჭირდებათ უმძიმესი სოციალურ - ეკონომიკური პრობლემების დაძლევა. ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ამ რეგიონის მთავარი პრობლემა არის არა ეთნიკური დაპირისპირება და სეპარატიზმი, არამედ პერმანენტული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც პერიოდულად ხან ღრმავდება და ხანაც მას ცვლის დროებითი ეკონომიკური აღმავლობა. სომხეთი არსებობს რუსული დახმარების, საქართველო ამერიკული დახმარების, ხოლო აზერბაიჯანი ენერგომატარებლების ექსპორტის ხარჯზე, თუმცა ამ რესურსებს ნთქავს უზარმაზარი სამხედრო ხარჯები, რის გამოც ცხოვრების დონე ამ ქვეყნებში უკიდურესად დაბალია, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი - მაღალი.
ერთიანი ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება გახდება წანამძღვარი ეთნო-კონფლიქტების დარეგულირების გზაზე. საქართველო - აზერბაიჯანის კონფედერაცია, შესაძლოა, გახდეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი რეგიონის ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებით.
პრეზიდენტ სააკაშვილის მოსაზრება, რომელიც მან გამოთქვა ბათუმში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილხამ ალიევთან მოლაპარაკებების შემდეგ, უდაოდ მხარდასაჭერია. მისასალმებელია თურქეთის მიერ გამოთქმული მზადყოფნაც ჩაერთოს ამ პროცესში.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ეს იდეა უნდა განხორციელდეს უახლოეს მომავალში. აფბა მიესალმება საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფიციალური პირების ჩართვას ამ პროცესში და მოლაპარაკებების დაწყებას. ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ პირველი ნაბიჯი სამხრეთ კავკასიური კონფედერაციის გზაზე შეიძლება აღმოჩნდეს კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის პაქტი, რომელზე ხელმოწერასაც საინიციატივო ჯგუფის წევრები შესთავაზებენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კონფედერაციას მისი სუბიექტების თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება შეუერთდნენ სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც (თურქეთი, ირანი და ა.შ)
ამავე დროს, ახალგაზრდა ფინანსისტები მიუთითებენ რიგ გარემოებებზე, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შეიძლება ეს მართებული იდეა ქართველების ეროვნული ინტერესებისათვის მიუღებლად აქციოს. აფბას თვალთახედვით ესენია:
- ცივილიზებული, ყველა მხარისთვის სასარგებლო და მისაღები გაერთიუანება სამხრეთ კავკასიაში შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონფედერაციის სუბიექტ ქვეყნებში იქნება დემოკრატიის ერთიანი, მაღალი სტანდარტი, დაცული იქნება ადამიანის უფლებები, სიტყვის, პრესის, გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა, მეწარმეობის თავისუფლება და კონკურენტული გარემო. სადღეისოდ, სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანაში შეინიშნება მეტ ნაკლებად გამოხატული ავტორიტარიზმის ნიშნები, რაც უახლოეს მომავალში ასეთი ერთობის შექმნას არარეალურს ხდის;
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კანონმდებლობები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მათი ჰარმონიზებისთვის სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. უწინარეს ყოვლისა სამხრეთ კავკასიის ერთიან ეკონომიკურ სივრცედ გადასაქცევად, რაც მას მიმზიდველს გახდის სამხრეთ კავკასიის თვითგამოცხადებული (მეტწილად თვითაღიარებული) წარმონაქმნებისა და მეზობელი ქვეყნებისთვის;
- საკმაოდ რთული იქნება კონფედერაციისთვის ავტონომიების (ამჟამად თვითგამოცხადებული ტერიტორიების) შეერთების საკითხი, აუცილებელია დაფიქსირდეს, რომ კონფედერაციას ისინი შეუერთდებიან როგორც მისი ძირითადი სუბიექტების ნაწილი და არა როგორც სუვერენული პოლიტიკური ერთეულები;
- საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნა გახდება სერიოზული წინ-გადადგმული ნაბიჯი ჩვენი უცვლელი სტრატეგიული მიზნის - ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ევროკავშირში გაერთიანების გზაზე. ამიტომ, ეს კონფედერაცია უნდა აიგოს ევროკავშირის პრინციპებისა და სტანდარტების მიხედვით და არა ჰონკონგ-სინგაპურის თარგზე. განსაკუთრებით, დემოკრატიის ხარისხის, ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების, ეკონომიკური კარგახსნილობის დონის და ანტიმონოპოლიური რეგულირების თვალსაზრისით;
- როგორც ევროკავშირში ქვეყნების გაერთიანების გამოცდილებამ და საერთო ევროპული კონსტიტუციის მიღების პროცესმა დაგვანახა, ავტორიტეტული ლიდერებისა და თუნდაც პარლამენტების ნება არ არის საკმარისი ქვეყნების ისეთ გაერთიანებებში შესასვლელად, რომლებიც გარკვეულწილად ზღუდავენ მისი მონაწილე სუბიექტების სუვერენიტეტს. საქართველო - აზერბაიჯანის კონფედერაციის შემთხვევაშიც სავარაუდოა, რომ ეს იქნება საგარეო პოლიტიკა, ერთიანი ვალუტა, ერთიანი საფინანსო პოლიტიკა, შეიარაღებული ძალები, ომისა და ზავის საკითხები. შესაძლოა, მხარეთა შეთანხმებით ამ სფეროების ჩამონათვალი შემცირდეს. მაგრამ როგორც არ უნდა ჩამოყალიბდეს საერთო კომპეტენციის ფარგლები, ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით, აუცილებელია ასეთ კონფედერაციაში საქართველოს გაერთიანების საკითხზე ჩატარდეს საერთო სახალხო გამოკითხვა, პლებისციტი ან რეფერენდუმი. ეს რეალურ სიმყარეს შესძენს მომავალ კონფედერაციას. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირში გასაერთიანებლად ან ევროპის ახალი კონსტიტუციის მისაღებად ევროპის ბევრმა ქვეყანამ სწორედ ასეთი გზა აირჩია. მით უფრო მისასალმებელი იქნებოდა ასეთი რეფერენდუმების ჩატარება საქართველოსა და აზერბაიჯანში, სადაც არჩევნებისა და რეფერენდუმების მიმართ, საარჩევნო გარემოს მიმართ ბევრი ეჭვი არსებობს და ბევრი საყვედური გამოითქმება ხოლმე.
აუცილებელია მოქალაქეებს ვიდრე ასეთ სერიოზულ სიახლეს შევთავაზებდეთ, ავუხსნათ რას წარმოადგენს კონფედერაცია. მართალია ჩვენ შვეიცარიის მაგალითზე ვიცით, რომ ეს ერთი სახელმწიფოა ერთიანი საზღვრებით, ერთიანი საკანონმდებლო და ეკონომიკური სივრცით, მაგრამ ეს იმავდროულად არის ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ისეთი კავშირი, როდესაც მასში შემავალი სახელმწიფოები სრული სახით ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად რჩებიან. კონფედერაციის ჩამოყალიბება შეიძლება გაფორმდეს საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც კონფედერაციას გადაეცემა უფლებამოსილებათა გარკვეული სფეროები. კონფედერაციის წევრი სახელმწიფოები სუვერენიტეტს ინარჩუნებენ კონფედერაციისათვის გადაცემული კომპეტენციის ფარგლებშიც და ყველა გადაწყვეტილება კონფედერაციის ყველა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში მიიღება. კონფედერაციის სუბიექტს შეუძლია უარი თქვას კონფედერაციის ცენტრალური ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებაზე თუ არ ეთანხმება მას.
აფბა მხარს უჭერს პრეზიდენტ სააკაშვილის წინადადებას საქართველო აზერბაიჯანის კონფედერაცის შექმნის თაობაზე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დააჩქაროს ეს პროცესი, თავადაც გამოთქვამს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიის, როგორც ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირების პრინციპების ჩამოყალიბებაში, ხოლო საზოგადოებას მიმართავს, დაიწყოს დისკუსია რამდენად შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს სამხრეთ კავკასიური კონფედერაციის შექმნა და როგორ უნდა გადაწყდეს აქედან მომდინარე საფრთხეები, თუ ისინი დაფიქსირდება.

ბრიფინგს უძღვებოდა აფბას პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი