DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > სამომხმარებლო კრედიტები საქართველოში
სამომხმარებლო კრედიტები საქართველოში27 აგვისტო 2010. : merabi |
|
სამომხმარებლო კრედიტებზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი საქართველოში 18%-ია, ევროკავშირში 6%, ჩინეთში 5%
21-ე საუკუნის ცვალებად მსოფლიოში სახელმწიფოს სიძლიერეს, სიმდიდრესა და სტაბილურობას მნიშვნელოვნად განაპირობებს საბანკო სექტორის მდგომარეობა, ვინაიდან საბაზრო ეკონომიკის პირობებში, აღნიშნული ორგანიზაციების დინამიური განვითარების გარეშე შეუძლებელია განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა, დასაქმდეს მოსახლეობა და განხორციელდეს ის სასიკეთო ცვლილებები, რაც თანამედროვე მსოფლიოს, მოწინავე სახელმწიფოების დამახასიათებელი აუცილებელი ატრიბუტია. აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, საბანკო სექტორის მდგომარეობას მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში (ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი და ასე შემდეგ) არეგულირებს სახელმწიფოების ცენტრალური ბანკი, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ფულად- საკრედიტო სისტემის ფუნქციონირება, ქვეყნის სავალუტო პოლიტიკას განსაზღვრა, საბანკო სამომხმარებლო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის დადგენა, მიმოქცევაში არსებული ფულის ემისია და ასე შემდეგ. როგორც წესი, სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ სახელმწიფოს უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოების წინაშე. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა პოსტ-საბჭოთა სივრცეში საბანკო სექტორის განვითარების დონით. ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 5 მილიონამდე აღწევს, დაახლოებით ორ ათეულ ბანკს მოითვლის, რაც ასეთი პატარა ქვეყნისთვის მეტად შთამბეჭდავი ციფრია. დღევანდელი მდგომარეობით, ქართული ბანკების უმრავლესობა შეზღუდვის გარეშე გასცემს სამომხმარებლო, იპოთეკურ და სხვადასხვა მიზნობრიობის სესხებს, საკრედიტო უზრუნველყოფით თუ მის გარეშე. აუცილებელია საკრედიტო-სასესხო ურთიერთობას შევხედოთ სამართლებრივი კუთხით და განვსაზღვროთ მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლები, რაც თან ახლავს საკრედიტო ურთიერთობის დაწყებას. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სესხის ხელშეკრულებით, გამსესხებელი, (კრედიტორი) დროებით საკუთრებაში, გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა ნივთს, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას, დააბრუნოს განსაზღვრულ ვადაში, იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება შესაძლებელია იყოს უზრუნველყოფილი ან უზრუნველყოფის გარეშე, როგორც წესი, სამომხმარებლო კრედიტის დროს მხარეები იშვიათად გამოიყენებენ საკრედიტო უზრუნველყოფას. სესხის ხელშეკრულება მხარეთა შორის შეიძლება დადებულ იქნეს ზეპირად ან გამოყენებული იქნეს წერილობითი ფორმა, მიზანშეწონილია მხარეებმა სესხის ხელშეკრულება დადონ წერილობითი ფორმით, რადგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის შესაბამისად მხარეთა შორის სახელშეკრულებო დავის არსებობისას, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით და კრედიტორი აღნიშნულ სადაო შემთხვევაში კარგავს ყველა სამართლებრივ საშუალებას, უკან დაიბრუნოს გასესხებული ნივთი. კანონმდებლობით დადგენილი წესით, სესხის ხელშეკრულების დადებისას მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ცენტრალური, ეროვნული ბანკის განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს. კანონის აღნიშნული დათქმა, სამწუხაროდ, პრაქტიკაში არ განხორციელებულა და არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის, ნორმატიული აქტი სამომხმარებლო, საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის დადგენის შესახებ, ამიტომ საქართველოში არსებული საკრედიტო ორგანიზაციები, (ბანკები) სარგებლობენ საბაზრო მოთხოვნების და კონკურენციის პირობების შესაბამისად. სასურველია გავეცნოთ ქართული ბანკების საკრედიტო პირობებს და მოვახდინოთ შედარება მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების საკრედიტო საპროცენტო განაკვეთებთან. საქართველოს და კავკასიის ლიდერი ბანკი ს.ს. "საქართველოს ბანკი" შეზღუდვის გარეშე გასცემს სამომხმარებლო კრედიტებს ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც მერყეობს 18-დან 30%-მდე. სესხის გაცემის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ფიქსირებული შემოსავალი. საკრედიტო პროცენტი მნიშვნელოვნად განსხვავებული და მცირეა თუ კლიენტს შემოსავალი `საქართველოს ბანკში~ ბანკში ერიცხება. სს "თიბისი ბანკის" სამომხმარებლო კრედიტოს პირობები კი ასე გამოიყურება: ბანკი შეზღუდვის გარეშე გასცემს სამომხმარებლო კრედიტებს ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც მერყეობს 18-დან 33%-მდე. სესხის გაცემის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ფიქსირებული შემოსავალი მინიმუმ 300 ლარის ოდენობით. ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", გარკვეულწილად, შეზღუდული არეალით აფინანსებს სამომხმარებლო კრედიტებს, აქ პრიორიტეტად ბიზნესის დაკრედიტება ითვლება. სამომხმარებლო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია თანხის რაოდენობაზე, პროცენტის მაქსიმალური რაოდენობაა 36%, სესხის გაცემის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ფიქსირებული შემოსავალი მინიმუმ 1000 ლარის ოდენობით. "სოსიეტე ჟენერალის" ჯგუფის წარმომადგენელი ს.ს. ბანკი "რესპუბლიკა" ასევე შეზღუდვის გარეშე გასცემს სამომხმარებლო კრედიტებს ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით, რომელიც მერყეობს 18-დან 25%-მდე. სესხის გაცემის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ფიქსირებული შემოსავალი მინიმუმ 500 ლარის ოდენობით. ეს არის საქართველოში არსებული 4 ლიდერი ბანკის მონაცემები, რომლებიც გარკვეულწილად დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ვერცერთი ბანკი ვერ იტრაბახებს დაბალი და ხელმისაწვდომი საპროცენტო განაკვეთით, მიუხედავად იმისა, რომ ხელმისაწვდომი საბანკო კრედიტის გარეშე წარმოუდგენელია სახელმწიფოს წარმატებული განვითარება. რაც შეეხება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ევროპაში მოქმედებს ერთიანი ფისკალური პოლიტიკა უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა და სამომხმარებლო კრედიტის პროცენტის რაოდენობა, საქართველოსგან განსხვავებით, კომერციული ბანკებისთვის განსაზღვრულია სახელმწიფოების ცენტრალური ბანკების მიერ დადგენილი სავალდებულო სამართლებრივი აქტებით. ევროკავშირის ფინანსური ლოკომოტივის გერმანიის ცენტრალური ბანკის DEUTSCHE BANK-ის მონაცემებზე დაყრდნობით ევროპაში სამომხმარებლო პროცენტის ცვალებადობა მერყეობს (მკითხველს ვურჩევ ჩამოჯდეს) 6%-დან არაუმეტეს 8%-მდე. საერთოდ უაზრობა იქნება შევადაროთ ჩინეთს, სადაც პროცენტი არ აღემატება 5%. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საბაზრო ეკონომიკის არსებობის დროს საკრედიტო ორგანიზაციების, ბანკების მზარდი, დინამიური განვითარების გარეშე შეუძლებელია განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა, შეიქმნას მატერიალური დოვლათი, დასაქმდეს მოსახლეობა და განხორციელდეს ის სასიკეთო ცვლილებები, რაც მდიდარი წარმატებული სახელმწიფოების აუცილებელი ატრიბუტია, აღნიშნული გარემოებების შესაბამისად სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ხელმისაწვდომი საკრედიტო რესურსი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ეროვნული ბანკის მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვროს სამომხმარებლო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი რაოდენობა, რაც ხელმისაწვდომს გახდის გონივრულ ფარგლებში და არა ე.წ. "საკრედიტო ბუმის" მსგავსად, საბანკო რესურსს და ამით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის წარმატებულ განვითარებას. ლაშა ქურდაძე. |