DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > პურზე ფასების ზრდა ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის პირდაპირპროპორციულია

პურზე ფასების ზრდა ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის პირდაპირპროპორციულია


27 აგვისტო 2010. : merabi
"სახელმწიფომ მოსახლეობაში არსებული ფულადი რესურსების დივერსიფიცირებაზე უნდა იზრუნოს"

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ უკვე 7% შეადგინა, საშუალო წლიურმა კი 3,4%. რაც შეეხება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, ივლისში, ივნისთან შედარებით, 0,2%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, წინა წელთან შედარებით ამ ციფრმა 7%, ხოლო 2009 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით 1,8% შეადგინა. საერთო ჯამში კი ამ დროისთვის ინფლაციის მაჩვენებელი 4,9%-ს შეადგენს, რაც დაგეგმილთან შედარებით ჯერჯერობით მხოლოდ 1,1%-ით დაბალია (როგორც ცნობილია, 2010 წლის ბიუჯეტი ინფლაციის 6%-იანი მაჩვენებლითაა დაგეგმილი).
ეროვნული ბანკი ბოლო ორი თვეა, ინფლაციის ზრდის საშიშროების საბაბით, მონეტარულ პოლიტიკას ნელ-ნელა ამკაცრებს, მიუხედავად იმისა, რომ "საქსტატი" ამ პერიოდში ინფლაციის არა ზრდას, არამედ კლებასაც კი აფიქსირებს. ამ დილემაში ვინაა მართალი, მხოლოდ "საქსტატმა" და ეროვნულმა ბანკმა უწყის. თუმცა ფაქტია, რომ ამ ორი ორგანოს მოქმედებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
ნათელია ასევე ისიც, რომ ბოლო პერიოდში სამომხმარებლო ბაზარზე ფასების მატება გრძელდება და შესაბამისად, ეს ყველაფერი ინფლაციის მაჩვენებელზე აისახება.
"პურზე ფასების ზრდა პირდაპირპროპორციულია ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის, იმიტომ რომ პურის ფასებთან მაღალ კორელაციაშია ყველა სხვა სამომხმარებლო საქონლის ფასი. პურის ფასების ზრდა სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით გაზრდის ინფლაციის მაჩვენებელს დაახლოებით 0,8-0,9%-ით, ეს არის ინფლაციაზე მხოლოდ პურის ფასებით უშუალო გავლენა, აქ არ მიიღება მხედველობაში დანარჩენ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაცია სექტემბერ-ოქტომბერში უფრო მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს ", - აღნიშნავს ექსპერტი სოსო არჩვაძე.
ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელმა შესაძლოა დაგეგმილ ორნიშნა ზღვარს გადააჭარბოს. ინფლაციის მაჩვენებლის ასეთ ზრდას არ გამორიცხავს ექსპერტთა ერთი ნაწილი და ამის მიზეზად არა მარტო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, არამედ მსოფლიო სასურსათო ბაზარზე არსებულ სიტუაციას ასახელებს. რა თქმა უნდა, შაქრის, პურისა და საწვავის ფასები მსოფლიო ფასებზეც არის დამოკიდებული, თუმცა ჩვენთან ყველა ამ პროდუქტზე გაცილებით მეტად იზრდება ფასები, ვიდრე ეს საერთაშორისო ბაზარზე ხდება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე კი მიუხედავად ფასების მატებისა, ფიქრობს, რომ წლეულს ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა ციფრს არ მიაღწევს.
"ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვები იმისათვის, რომ მოახდინოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და არ დაუშვას მომეტებული ინფლაცია. ამ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული ის რეზერვები, რაც მას აქვს. თუმცა, მარტო რეზერვების იმედად ვერ იქნება სახელმწიფო, აქ საჭიროა სხვა პოლიტიკა, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესს, განსაკუთრებით საშუალო ბიზნესს," - განმარტავს სოსო არჩვაძე.
მისი აზრით, დინამიკაში პროცესი, შესაძლოა, დადებითად გაგრძელდეს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოსახლეობაში არსებული ფულადი რესურსების დივერსიფიცირებაზე, უფრო აქტიურად მოხდეს როგორც სამუშაო ადგილების შექმნა, ისე ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც მერე თავად შეიძლება გახდეს ინიციატორი ქვეყანაში ახალი პროდუქციის შექმნისა და ახალი მოთხოვნის წარმოქმნის პირობა.
ეს ყველაფერი უკვე რეალობაა, თუმცა ჯერ კიდევ მაისში მთავრობა ირწმუნებოდა, რომ არაფერი გაძვირებულა და მსგავსი რამ მოსალოდნელი არც იყო. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, ფასების ზრდა არ მოხდებოდა. ეს ხელისუფლების პესიმიზმია, თუმცა დღეისათვის ინფლაციის მაჩვენებელმა 7%-ს მიაღწია და შემოდგომაზე მკვეთრ ზრდას წინასწარმეტყველებენ, მით უმეტეს, რომ საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც პროდუქციის გაძვირებას მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდის ხარჯზე არ ხდება.
"საქართველოს შემთხვევაში პროდუქციის გაძვირება, შეიძლება, სხვა ისეთმა სუბიექტურმა ფაქტორებმაც გამოიწვიოს, როგორიცაა, მაგალითად, ფქვილის უფასოდ დარიგება ან საწვავის დარიგება გლეხებისთვის და ა.შ. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ჩვენი ქვეყნის ბაზარი სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ მონოპოლიზირებულია და ასეთ შემთხვევაში ფასების ზრდა შეიძლება სულაც არ იყოს გამოწვეული ობიექტური ეკონომიკური მიზეზებით. თავისუფალი კონკურენციის პირობებში კი ფასწარმოქმნის პროცესი მეტნაკლებად ახსნადი და პროგნოზირებადია. ამ მიზეზების გამო საქართველოში ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასები არალოგიკურად მაღალია.
რაც შეეხება ინფლაციის საშიშროებას, ყოველთვის არსებობს და ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. გარკვეული ინფლაციური მოლოდინი მოსახლეობაში არის. საქართველოში ასეთი საშიშროება ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, სხვებთან შედარებით მაღალია",- დასძენს ნოდარ კაპანაძე.

ნინო თამაზაშვილი