DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > "ქალაქის ეკონომიკა საინვესტიციო პროექტების მეშვეობით განვითარდება"

"ქალაქის ეკონომიკა საინვესტიციო პროექტების მეშვეობით განვითარდება"


18 აგვისტო 2010. : merabi
ინტერვიუ მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსთან ზვიად არჩუაძესთან


- ბატონო ზვიად, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად მაინც სამშენებლო სექტორი დაზარალდა. ხელისუფლებამ კი, ერთის მხრივ, სამშენებლო კომპანიების, ხოლო მეორე მხრივ, დედაქალაქში ავარიულ სახლებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად გასულ წელს დაიწყო პროექტი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", რომლის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, თუმცა მეორე ეტაპი ამ დრომდე დაუსრულებელია. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზად ხელისუფლების მიერ ბანკებისთვის საკმარისი ოდენობის გარანტიების ვერ მიცემა სახელდება. კონკრეტულად რაშია საქმე? რატომ ვერ ხერხდება პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება? რა ოდენობის გარანტია მისცა ხელისუფლებამ საბანკო სექტორს და რამდენს იყო დაპირებული?

- მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა დაღი დაასვა თბილისის ეკონომიკასაც და მათ შორის უძრავი ქონების ბაზარსაც. იმისთვის, რომ დავხმარებოდით უძრავი ქონების ბაზრის სექტორს და უფრო მეტად მოსახლეობას, დავიწყეთ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", თავისთავად ეს პროექტი მნიშვნელოვანი არის ბანკებისთვისაც. რაც შეეხება ამ ეტაპებს, თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონკურსის გამოცხადებაზე, კონკურსის შედეგების მიღებაზე, დასრულებულია როგორც პირველი ეტაპი, ასევე მეორე ეტაპიც, ცნობილია პირველი ეტაპის გამარჯვებულებიც და მეორე ეტაპის გამარჯვებულებიც.
პირველ ეტაპს რაც შეეხება, ნაწილი ხალხის უკვე ახალ სახლებში არის გადასული, ნაწილი შენდება და ყველაფერი მიდის გრაფიკის მიხედვით, ყველაფერს ვაკონტროლებთ. როცა დეველოპერებმა გვითხრეს, რომ სახლებს ამ დროში დავამთავრებთ, ზოგმა ადრეც დაამთავრა, დანარჩენები კი მუშაობენ.
რაც შეეხება მეორე ეტაპს, ახლა მიმდინარეობს გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი და დარწმუნებული ვარ, აგვისტოს ბოლომდე ეს ყველაფერი დამთავრდება. თბილისის მერია ვისაც რას პირდება, იმას ასრულებს.
რაც შეეხება გარანტიებს, მეორე ეტაპის შემთხვევაში საუბარია დაახლოებით 47 მილიონ ლარზე. აქ არ იყო თანხა მნიშვნელოვანი, მთავარი არის რა პროექტები შემოგვთავაზეს, რა დისკონტირებული ფასი დაიდო და აქედან გამოვიდა 47 მილიონი ლარი.

- 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა გიგი უგულავამ ამომრჩევლებს ახალი, 120 დღიანი გეგმა შესთავაზა, რომლის განმავლობაშიც, მოსახლეობას სამუშაო ადგილების შექმნას და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას დაჰპირდა. ამ 120 დღიდან ნახევარი უკვე გავიდა, ხომ ვერ გვეტყვით, კონკრეტულად რა გაკეთდა ამ პერიოდში, რამაც მოსახლეობის დასაქმებას შეუწყო ხელი?

- გრძელდება იაფი სესხის პროგრამა და წელს მილიონს გადააჭარბა გაცემულმა თანხამ, მომავალ წელს ვაპირებთ გაზრდას. რაც შეეხება სხვა ვალდებულებებს, მაგალითად ინგლისურის და კომპიუტერის კურსებს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ინგლისურის კურსებს დაემატება მეორე და მესამე დონე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კურსის მონაწილეები, ვინც კარგად ისწავლის, კარგად ეცოდინებათ ენა. რაც შეეხება კომპიუტერს, ამ კურსს გავაძლიერებთ და დავიწყებთ სპეციალურ პროგრამას ბიზნესის დამწყებთათვის და აგრეთვე მიკრო ბიზნესისათვის, იმისთვის, რომ მათ უფრო გაუადვილდეთ საგადასახადოსთან ურთიერთობა. ასე რომ, 120 დღის პროგრამა მიმდინარეობს და იგეგმება დანარჩენი ღონისძიებები.

- ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქი ერთგვარ თავკომბალას დაემსგავსა, სადაც თავმოყრილია სამუშაო ძალის და ქვეყნის საწარმოების დიდი ნაწილი. მიუხედავად ამისა, თბილისი ეკონომიკურად მაინც არაა განვითარებული. არსებობს თუ არა დედაქალაქის განვითარების ეკონომიკური პროგრამა და რა კონკრეტული ღონისძიებების გატარება იგეგმება დედაქალაქის ეკონომიკური განვითარებისთვის უახლოეს წლებში?

- ქალაქს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია აქვს, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად არის გაკეთებული და 2007 წელს დამტკიცებულია თბილისის საკრებულოს მიერ, მასში არის გაწერილი პრიორიტეტები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი და რა უნდა გაკეთდეს. ახლა ყველაზე დიდი სიახლე რაც გვინდა დავნერგოთ, ეს არის საინვესტიციო პროექტების მომზადება ანუ აქამდე თუ მერია მიწას ყიდდა უბრალოდ, ახლა გვინდა, რომ შევკრათ საინვესტიციო პროექტები ანუ ინვესტორი მოვიზიდოთ ისე, რომ დარგის განვითარებაზე არსებობდეს საინვესტიციო პროექტი. სპეციალურად ჩვენთვის, ბაქოსთვის, ერევნისთის და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქალაქისთვის არის გაკეთებული ასეთი პროექტი ანუ ეს იქნება სიახლე, რომ თბილისის მერიას ექნება საინვესტიციო პროექტები ინვესტორებისთვის. ვაპირებთ დავიწყოთ დასაქმებასთან დაკავშირებით პროექტი, რომელიც წლის განმავლობაში განხორციელდება. მსოფლიო ბანკთან გვაქვს წინასწარი შეთანხმება და მე მგონი, დადებითად გადავწყვეტთ ანუ ექსპორტის ხელშემწყობი პროექტი გვექნება, დავეხმარებით იმ საწარმოებს, რომელთაც უნდათ ექსპორტზე პროდუქციის გატანა. დავეხმარებით მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ ბაზრის შესახებ ინფორმაციაც მიიღონ, იაფი სესხიც მოიზიდონ არა მარტო საქართველოში არამედ უცხოეთიდან და მივეხმარებით, საგარანტიო უზრუნველყოფითაც. ასევე დავიწყეთ კერძო სექტორთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ის ვისაც აქვს მიწა, საწარმო, ბიზნესი და უნდა ამ ბიზნესის განვითარება, მათაც მივეხმარებით. ეს არის ამ წლის გეგმები და ამ საკითხებზე მუშაობას აგვისტოდან დავიწყებთ.
2011 წლისთვის ენერგოეფექტურობის ღონისძიებები იქნება მნიშვნელოვანი. თბილისის მერია არის მერების შეთანხმების ხელმომწერი მხარე და მომავალი წლის მარტში ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს სამოქმედო გეგმა შემუშავებული. თბილისის მერია არის ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის მონაწილე, რომლის ფარგლებშიც სექტემბერში თბილისში იმართება პროექტის მონაწილე მხარეების შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნება ენერგოეფექტურობის მენეჯმენტის საკითხები ქალაქის დონეზე.
ოქტომბერში უკვე გაიმართება დიდი კონფერენცია, რომელზეც ორმოცდაათამდე ქალაქის წარმომადგენელი ჩამოვა, ეს მარტო აღმოსავლეთპარტნიორობის ქალაქებიდან და რამდენიმე ქალაქი ევროკავშირიდან. კონფერენციის მონაწილეები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად განიხილავენ მერების შეთანხმებით გათვალისწინებულ ღონისძიებების შესრულებას. როცა ენერგოეფექტურობის ღონისძიებებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ ავამაღლოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, როგორ იცხოვრონ უკეთეს გარემოში, როგორ ისარგებლონ იმ სიკეთით, რაც არის ენერგია და გათბობა, ისე რომ რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი გაწიონ. მომავალი წლიდან უფრო აქტიურად დავიწყებთ ამ ღონისძიებებს, თუმცა სხვაც ბევრი პროექტი გვაქვს გეგმაში.

ესაუბრა ნინო თამაზაშვილი