DataLife Engine > ბანკები და ფინანსები > დაძირავს თუ არა სუფსის პორტი ფოთისა და ბათუმის პორტებს

დაძირავს თუ არა სუფსის პორტი ფოთისა და ბათუმის პორტებს


31 ივლისი 2010. : merabi
რას წარმოადგენს "ბლექ სი ფროდაქთი" და რამდენად რეალურია მის მიერ 700-800 მილიონი დოლარის მოტანა

სუფსის პორტის მშენებლობა დაიწყო. 2012 წლისთვის სუფსაში 6 ნავმისადგომიანი ნავსადგური იქნება. ამჟამად იქ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს _ სამშენებლო მოედნის მომზადება და სადრენაჟო სისტემის მოწესრიგება _ 46 ჰა-ზე (უშუალოდ ნავსადგურის ტერიტორია). სამუშაოებს "საქჰიდროენერგომშენი" აწარმოებს. პორტი 180 ჰა-ზე მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და მშრალი ტერმინალებით გაშენდება.
"ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მხოლოდ ლანჩხუთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვაცხადებდით სუფსის პორტის დიდი მნიშვნელობის შესახებ და მოსახლეობა არ მოგვიტყუებია, რისი დასტური ისიცაა, რომ სამუშაოები უკვე დაწყებულია და 2012 წლისთვის პორტი უკვე მზად იქნება", _ აცხადებს ლანჩხუთის გამგებელი გიორგი გოგუაძე.
ახალი პორტის მფლობელი "ბლექ სი ფროდაქთის" გენერალური დირექტორის, შალვა წაქაძის თქმით: "ეს არის ძალიან დიდი პროექტი, სუფსის პორტი ქვეყანაში გახდება #1 პორტი. ყოველივე განპირობებულია იმით, რომ მდინარე სუფსას, სადაც პორტი კეთდება, აქვს ის სიღრმე, რაც სხვა ქართული პორტებისთვის მიუწვდომელია. იგი 18-მეტრის სიღრმისაა, ზოგიერთ ადგილზე კი 20-მდეც აღწევს. სწორედ ეს სიღრმე იძლევა იმის წინაპირობას, რომ ჩვენ შეგვეძლება მივიღოთ ყველა გემმზიდი, რომელსაც ბოსფორის სრუტე გაატარებს. ეს პროექტს კონტინენტური მნიშვნელობისაა _ თუ აქამდე რიგი ევროპული ქვეყნებისთვის გემების ჩამოცლა ხდებოდა მალტაში, იტალიასა თუ საბერძნეთში, სადაც ასევე არის შესაძლებლობა სიღრმის გამო, ახლა ეს მოსახერხებელი გახდება საქართველოშიც და კონკრეტულად ეს მოხდება სუფსის პორტში. რა უპირატესობა გვექნება თუნდაც ზემოხსენებულ პორტებთან შედარებით? დიდი სიახლე არავისთვისაა, რომ ტვირთის გადატანა უფრო იაფი ჯდება, რაც უფრო მეტ ნაწილს დაფარავს წყლით. სუფსის პორტის ამოქმედება ამ მხრივ მისწრებაა და ეს იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი", _ აღნიშნავს შალვა წაქაძე.
სუფსის პორტი მიიღებს როგორც ნავთობით დატვირთულ ტანკერებს, ასევე თხევად გაზს, ხორბალს, ცალკე გაკეთდება ავტომობილებისთვის სპეციალური ნავმისადგომი. "მიუხედავად იმისა, რომ არის ეკონომიკური კრიზისი, დიდია ახალი ავტომობილების მყიდველთა რაოდენობა, აღარაფერს ვამბობ მეორად მანქანებზე. ჩვენს პორტში მისთვის ცალკე იქნება ნავმისადგომი. ასევე პორტიდან შესაძლებელი იქნება ხაზის ურეკის რკინიგზის სადგურამდე მიყვანა, რაც დამატებით უპირატესობას იძლევა", _ აცხადებს "ბლექ სი ფროდაქთის" გენერალური დირექტორი.
მისი თქმითვე, მშენებლობაზე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება: "მუშახელის უმეტესობა ადგილობრივი იქნება, რა თქმა უნდა, ვერ დაგიკონკრეტებთ, ოზურგეთელი იქნება მეტი თუ ლანჩხუთელი, მაგრამ ამ კუთხით გურიის მოსახლეობა დასაქმდება. ამას გარდა, სურვილი გვაქვს, რომ ვიწრო სპეციალიზაციის მოსამსახურეებიც ადგილობრივებიდან შევარჩიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად მიმდინარე მოსამზადებელ-სამშენებლო სამუშაოებს კონკრეტულად ჩვენ არ ვატარებთ, ვთხოვთ მშენებელ ორგანიზაციას (მან ჩვენს მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო), რომ ამ კუთხეს ყურადღება მიაქციოს".
ლანჩხუთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მერაბ წილოსანის განცხადებით, უკვე დასაქმებულ ადგილობრივ მუშახელს სამსახურის დატოვება მოსთხოვეს და მათ ნაცვლად ჩამოჰყავთ სხვები. "ზერელე საუბარი რომ არ გამომივიდეს, მე შემიძლია ფაქტების შესახებაც ვისაუბრო. აქ საუბარია მძღოლებზე, რომელთა ნაცვლად სხვები მოჰყავთ", _ აცხადებს წილოსანი.
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძის თქმით, თუ ადგილობრივმა უფრო უკეთესი პირობები მოითხოვა, ვიდრე კომპანიას ჩამოყვანილი უჯდება, ეს მარტივი ბიზნესწესია, იგი უფრო იაფ მუშახელს აიყვანს.
"როგორც გითხარით, ამჟამად სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ატარებს, თუმცა ჩვენ სურვილი გვაქვს აქცენტი ადგილობრივებზე გავაკეთოთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩამოსული ადამიანები უფრო იოლი შესანახია, ცდება. ჩვენ ამ კუთხითაც გვაწყობს ლანჩხუთელების დასაქმება, ვიდრე 600 კმ-დან ჩამოყვანილის, ან მთლად უარესი _ უცხოეთიდან მუშახელის მოყვანა. რა თქმა უნდა, გარკვეულ სამუშაოებში უცხოელებიც დაგვჭირდება, მაგრამ რასაც ადგილობრივი შეძლებს, უმჯობესია, რომ ეს იყოს ახლოს მცხოვრები. უცხოეთიდან მუშახელის ჩამოყვანა იმას ნიშნავს, რომ რაღაც კარგად ვერ არის _ რატომ უნდა ჩამოიყვანო უცხოეთიდან, როცა ადგილზე უფრო იაფი უნდა დაგიჯდეს", _ აცხადებს შალვა წაქაძე.
_ ბატონო შალვა, სად არის რეგისტრირებული თქვენი კომპანია, ვინ არის მისი მეპატრონე და რა ბრუნვა ექნება მას? როცა საუბრობთ პორტის მნიშვნელობასა და დატვირთვაზე, შეთანხმებულია თუ არა ეს საკითხი ანუ ქვეყნები ელიან სუფსის პორტის გახსნას? რა ღირებულებისაა პროექტი?
_ ჩვენი კომპანია "ბლექ სი ფროდაქთი" რეგისტრირებულია საქართველოში, კერძოდ _ თბილისში. ჩვენი პარტნიორები არიან ინდური და ებრაული ჯგუფები. ყოველწლიურად ჩვენი პორტის ბრუნვა 40 მილიონი ტონა იქნება. რა თქმა უნდა, სანამ პორტის მშენებლობა დაიწყებოდა, საქმეში ჩართული გვყავდა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები, მათ ჩაატარეს მოკვლევა-მონიტორინგი, გათვალეს ყველაფერი და მიღებული შედეგები გვაძლევს საფუძველს, განვაცხადოთ, რომ პორტი შედგება. რაც შეეხება იმას, სუფსის პორტით დაინტერესება იქნება თუ არა, ეს არის მარტივი ბიზნესის კუთხით _ სადაც არის იაფი, იმას იყენებენ. ყველამ კარგად ვიცით და ეს საკმაოდ სწორი მიდგომაა, უცხოელი არ იხდის ზედმეტ ცენტსაც კი. ასე რომ, სუფსის პორტს ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ბოლოს იმის შესახებაც გიპასუხებთ, თუ რა თანხა ჩაიდება პორტის მშენებლობაში. 2012 წლისთვის ეს იქნება 700-800 მილიონი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 2012 წელს, როცა პორტი გაიხსნება, მშენებლობა შეჩერდება. არა, რა თქმა უნდა. ის გაგრძელდება, ინვესტიცია კიდევ ჩაიდება და, სადღაც, 2015 წლისთვის ჩადებული თანხა ნამდვილად შეადგენს 1 მილიარდს.
_ ხომ არ არის გათვლილი, თუ რამდენ პროცენტს მიიღებს ლანჩხუთი პორტიდან? _ ნამდვილად ვერ გეტყვით პროცენტს, რა თქმა უნდა, გათვლები არის, მაგრამ ახლა ციფრს ვერ დაგისახელებთ, მცდარი რომ არ გამომივიდეს. თუმცა ერთ რამეში, ალბათ, დამეთანხმებით, რომ თანხის ძირითადი ნაწილი არ წავა ხელფასებზე, პორტში საკმაოდ ძვირადღირებული აპარატურა და ტექნიკა დამონტაჟდება.
_ რამდენი ადამიანი დასაქმდება პორტში?
_ დაახლოებით 2500 ადამიანი. ეს ფოთის პორტს რიცხობრივად ვერ შეედრება, მაგრამ სუფსის პორტში ტექნიკური მაჩვენებლები გაცილებით მაღალი და უფრო თანამედროვე იქნება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ სუფსის პორტიდან მოხდება მიერთება ურეკში რკინიგზის სადგურთან. რატომ ურეკთან და არა _ სუფსის სადგურთან?
_ ეს ვარიანტიც განვიხილეთ, მაგრამ ჩვენთვის ტექნიკურად უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა ურეკის სადგური. სუფსის სადგურის არჩევის შემთხვევაში, მოხდებოდა ტექნიკურად გართულებაც და გარკვეული ტერიტორიის დაკავებაც, რაც არანაირად არ გვაძლევდა ხელს.
მუხედავად "ბლექ სი ფროდაქთის" გენერალური დირექტორის საკმაოდ ამბიციური განცხადებებისა, ბათუმისა და ფოთის პორტებში საფრთხეს ვერ გრძნობენ. ფოთის პორტში აცხადებენ, რომ საქართველოში არსებულ ყველა პორტს და ტერმინალს თავისი მიმართულება და მუშაობის სპეციფიკა აქვს და ამიტომ კონკურენციაზე საუბარი რთულია.
აქვე გეტყვით, რომ კულუარული ინფორმაციის თანახმად, მის ხელმძღვანელად ლანჩხუთის გამგებელს გიორგი გოგუაძეს მოიაზრებენ, რაც გასაკვირი სულაც არ არის _ გოგუაძეს სუფსის ტერმინალთან დაკავშირებით სერიოზული გამოცდილება აქვს მიღებული, ნავთობკორპორაციის წარმომადგენელი გახლდათ დასავლეთ საქართველოსი, სახელისუფლო ვერტიკალზე კი მეტად გავლენიანი მხარდამჭერი ჰყავს, აწ უკვე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის სახით. კიდევ ერთი კულუარული ინფორმაციით, სწორედ სუფსის პორტი უპატრონებს ლანჩხუთის "გურიას". ესეც სავსებით რეალურია, გოგუაძე ფეხბურთისა და განსაკუთრებით "გურიის" აქტიური გულშემატკივარია, რისი დასტურიც მისი თამაშებზე აქტიური დასწრება და კლუბისთვის გამოყოფილი დაფინანსებაა.

თომა ჩალაძე